“ივანიშვილი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან თავსებადი არ არის”

“სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კატეგორიულ შეფასებებს მოვერიდებოდი, მაგრამ, ანაკლიის პორტის ბლოკირება ხელისუფლების მიერ მძიმე დარტყმა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ეს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ.

სულ ახლახანს ვუსმენდი ვიდეოჩანაწერს, სადაც შევარდნაძე ჯერ კიდევ 1995 წელს საუბრობდა ანაკლიის პორტის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე სახელმწიფოსთვის... რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, ვერ გეტყვით, დღე არ ჩაუგდია ივანიშვილს, რომ სახიფათო სვლები არ გააკეთოს, მას პრობლემა აქვს კალენდართან და ამოვარდნილია დროში”, - აცხადებს “რესპულიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებს ივანიშვილს ბერძენიშვილი - “ივანიშვილი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან თავსებადი არ არის”.

 

“ივანიშვილი არჩევანს აღარავის უტოვებს, მისი ყოველი ნაბიჯი არაადეკვატურია - ხაზარაძე- ჯაფარიძეზე შეტევა, 20 ივნისის შემდეგ ადამიანების დაპატიმრება, შეტევა “რუსთავი 2”-ზე და “ტვ პირველზე”... მამუკა ხაზარაძე, რომელიც ყველა ხელისუფლებასთან ახერხებდა კომპრომისის გამონახვას, ბიძინა ივანიშვილმა აიძულა რომ დაპირისპირებოდა ხელისუფლებას და დაეცვა პრინციპები და ღირსება. არა მგონია, რომ ხაზარაძემ უკან დაიხიოს. სარისკოა პრინციპების დაცვა, მაგრამ ხაზარაძეს დაუდგა რისკზე წასვლის დრო. დააკავებენ თუ არ დააკავებენ ხაზარაძეს, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ივანიშვილის მატარებელი გაჩერებულია და მას პერსპექტივა აღარ აქვს. ცალკეული პიროვნებები, ძველი თუ ახალი ძალები, ცალკე აღებული რეალობას ვერ შეცვლიან ქვეყანაში, თუმცა, ხაზარაძის მოძრაობას შეუძლია პოზიტიური როლი შეიტანოს ქართულ პოლიტიკაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.

 

“დღეს ჩვენ ახალ რეალობაში ვართ. მედიასივრცეში თანაზომადი ტელევიზიების დრო დადგა. ანუ, მედიაპლურალიზმის დრო შეიქმნა... “ტვ პირველის” ხელმძღვანელობამ ღირსეული პასუხი გასცა ხელისუფლების შეტევას, ისინი აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ. “ტვ პირველს” თავადაც არ ჰქონდა დაგეგმილი, რომ მას ერგო ლიდერობა მედიაში, მაგრამ ისეთი სივრცე შეიქმნა, რომ მან იტვირთა ეს ფუნქცია, რაშიც წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება გვარამიას ახალ ტელევიზიას, ის პირველივე თვეებში ვერ იქნება კონკურენტუნარიანი. ტელევიზია არ არის მხოლოდ შენობა და ტექნიკა, ტელვიზია არის ხალხი, რომელიც ხარისხიან პროდუქციას ქმნიან. ამიტომ დრო გვიჩვენებს ვის რა რეიტინგი ექნება”, - დასძენს დავით ბერძენიშვილი და შეკითხვაზე - “როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, შემოდგომა პოლიტიკურად აქტიური პერიოდი იქნება და 20 სექტემბერს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს, თუმცა, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში არ არის ის რესურსი, რომ ხელისუფლება შეარყიოს”, - პასუხობს:

 

“ხელისუფლებას აღარ აქვს კონტრშეტევის რესურსი, კარიკატურული, წარსული ფიგურებით ფონს ვეღარ გავა და წარმატებას ვერ მიაღწევს 2020 წლის არჩევნებში. ივანიშვილის ხელისუფლება ყოველდღიურად ლპება, ერთ მხარეს არის ივანიშვილის წარსული და მეორე მხარეს ახალგაზრდების სოლიდური ძალა და საზოგადოების შეუვალობა. ასე რომ, ივანიშვილი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან თავსებადი არ არის”.

წაკითხვა 758 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 26 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.