რა ხდება ფრონტის ხაზზე ომის 154-ე დღეს - “ახლა ბევრად ეფექტური კონტრშეტევები ხორციელდება მტერზე”

“უკრაინის არმიამ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევები გააძლიერა.

თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ კონტროლირებად დონბასის ტერიტორიაზე მიიტანეს იერიში, სამიზნეში მოექცა სანავთობო ბაზა. თავის მხრივ, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ხარკოვის ოლქზე განახორციელეს - ერთი რაკეტა ქალაქ ჩუგუევში ერთ-ერთ შენობას მოხვდა. დაიღუპა 3 ადამიანი, მაშველებმა 4 მოქალაქის გადარჩენა და შენობის ნანგრევებიდან ამოყვანა მოახერხეს. ასეთია ომის 154-ე დღე უკრაინაში. ღამით მასირებული შეტევა იყო სუმის ოლქზეც. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსებმა იერიში ტერიტორიაზე “გრადის” ტიპის რაკეტებით მიიტანეს. არიან დაშავებულები. დაბომბვის შესახებ იუწყება ხარკოვის მერიც, მისი განცხადებით, ქალაქზე მტრის მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა, თავდასხმას მსხვერპლი და ხანძარი არ მოჰყოლია. მერის თქმით, თავდასხმის სამიზნე ქალაქის ინდუსტრიული ობიექტები იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ხდება ფრონტის ხაზზე ომის 154-ე დღეს - “ახლა ბევრად ეფექტური კონტრშეტევები ხორციელდება მტერზე”.

 

“რუსმა დამპყრობლებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ასევე დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე მოხდა. თავდასხმის შედეგად განადგურდა 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს, ერთი პირი კი დაიღუპა. როგორც უცხოური გამოცემა “უნიანი” იტყობინება, უკრაინელმა სამხედროებმა მტკიცედ მოიგერიეს რუსი დამპყრობლების თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, მტერი წარუმატებლად შეიჭრა ვერხნეკამენსკში და უკან დაიხია. სემიგორიასა და კოდემის რაიონებში, ბახმუტის მიმართულებით, საომარი მოქმედებები გრძელდება. გრძელდება სლავიანსკის მიმართულებით დაბომბვაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“უკრაინული მედიის ცნობით, შეტევა უკრაინელებმა სტრატეგიული მნიშვნელობის ანტონოვსკის ხიდზე მიიტანეს, რომელიც რუსეთის ჯარისთვის მომარაგების უმნიშვნელოვანეს არტერიას წარმოადგენს. შედეგად, აფეთქების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ ხერსონში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერში” დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში საკვანძო ხიდზე დარტყმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. იგი ოკუპანტებს მიმართავს: “რეალობას ვერ გაექცევით - ოკუპანტებმა მდინარე დნეპრში ცურვა უნდა ისწავლონ ან მათ უნდა დატოვონ ხერსონი, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. შეიძლება, მეტი გაფრთხილება აღარ იყოს”, - დასძენს გამოცემა.

 

“სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ დასავლეთიდან მიღებულმა შეიარაღებამ საკმაოდ გააუმჯობესა უკრაინული მხარის საბრძოლო შესაძლებლობები. ზოგიერთ ასპექტში რუსებს ისეთი დანაკარგები აქვთ, რომ იძულებულნი არიან მაღალტექნოლოგიური იარაღი ირანიდან შეისყიდონ. შესაბამისად, ახლა ბევრად ეფექტური კონტრშეტევები ხორციელდება მტერზე, რამაც რუსეთი იძულებული გახადა, ეძებოს მოკავშირეები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დასავლურმა იარაღმა უკვე შედეგი გამოიღო, რუსებს ზოგიერთ ასპექტში სერიოზული დანაკარგები აქვთ - ვახტანგ მაისაია.

 

“გრძელდება პოზიციური საბრძოლო მოქმედებები, გარკვეულ ნაწილში უპირატესობა აქვთ რუსებს, ზოგან კი უკრაინელები მიიწევენ წინ. უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურები არიან ხერსონის მიმართულებით და ეფექტურად ახორციელებენ კონტრშეტევებს. ამასთან, ეფექტურად ანადგურებენ რუსული მხარის საკომუნიკაციო და ლოგისტიკური ტიპის კომუნიკაციის ცენტრებს. რუსებს უპირატესობა აქვთ დონბასისა და დონეცკის მიმართულებით, თუმცა დასავლეთიდან მიღებულმა შეიარაღებამ ერთგვარი წონასწორობა მისცა კონტრსაბატარეო ბრძოლებში მხარეთა პოზიციებს. გამოსწორდა ის სუსტი მხარეები, რომლებიც უკრაინელებს ჰქონდათ სარაკეტო და ზალპური ცეცხლის კომპლექტების კუთხით. ახლა ისინი აწარმოებენ კონტრსაბატარეო ბრძოლებს, რაც საკმაოდ პოზიტიურად მოქმედებს მათ უპირატესობზე. ამაზე ისიც ნათლად მიანიშნებს, რომ რუსებმა ირანელებს სთხოვეს დრონები - უკრაინელებმა შეძლეს რუსული უპილოტო თვითმფრინავების განადგურება, რამაც ისინი იძულებულები გახადა, ჩასულიყვნენ თეირანში და კონტრაქტი გაეფორმებინათ ირანთან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

წაკითხვა 408 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.