"ჯოჯოხეთის ალში გაეხვია ერთ დროს სამოთხედ ქცეული აფხაზეთი" - 30 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა - საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურად აფხაზთა ერთ ნაწილს შორის საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 30 სექტემბერს დასრულდა.

სეპარატისტთა მხარეს, რომელსაც ზურგს რუსეთი უმაგრებდა ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები - ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი, დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

 

აფხაზეთის ომში დაიღუპა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 000-მდე პირი. 300 000-ზე მეტი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

 

აფხაზეთის ომის დაწყება FirstNews.ge-თან საუბარში იოანე პეტრიწის სახელობის სკოლა”იბერიას”ორგანიზატორმა, ”პრესქულის” ხელმძღვანელმა, მაკა ბელქანიამ გაიხსენა:

 

"ოცდაათი წლის უკან, 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებულმა ეგრეთ წოდებულმა კონფლიქტმა გააცამტვერა აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობები…. ვინ დადგა ასეთი საშინელი სცენარი?!!! ვიმედოვნებდით, რომ კომპეტენტური ადამიანები გონიერებას გამოიჩენდნენ და არ დაიწერებოდა საქართველოს კიდევ ერთი სისხლიანი ისტორია! მეზობელმა რუსეთმა,” შემრიგებლის” როლი მოირგო და დილით “ნეკი ნეკისა”-ს თამაშით ირთობდა თავს, საღამოს კი, ჩუმად შემოაპარებდა იარაღს სეპარატისტთა სასარგებლოდ, რამაც აფხაზეთი დაცემამდე მიიყვანა. დაიხოცნენ პირტიტველა ბიჭები, ვაჟკაცები, მოხუცები, ქალები… ჯოჯოხეთის ალში გაეხვია ერთ დროს სამოთხედ ქცეული აფხაზეთი. უამრავმა ადამიანმა გაიზიარა ლტოლვილის ბედი. სამმა ათეულმა წელმა ვერ დაწერა განახლებული ქართველთა და აფხაზთა შერიგების ისტორია. ვერ დადგა ჩვენი სახელმწიფო იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომელიც აღადგენდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. იმედგადაწურული დევნილები მიდიან იმ ქვეყნად მშობლიური კუთხის მონატრებით, დედები ვერ ეფერებიან შვილების საფლავებს…. და მაინც… არ დავნებდეთ! თაობებს გადავცეთ, რომ აფხაზეთი საქართველოა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და მის ტერიტორიულ მთლიანობას წყალი არ გაუვა!

 

მინდა ასევე, გამოვიყენო შესაძლებლობა და თქვენთან დავაანონსო ჩემი წიგნის პრეზენტაციაც.

 

შემოდგომაზე გამოვა ჩემი აფხაზური მოგონებების წიგნი, სახელწოდებით -“რისი წამოღებაც შევძელი”, სადაც დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით მოთხრობილია სხვადასხვა ისტორიები,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში მაკა ბელქანიამ.

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 890 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 15 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.