ეკლესიიდან გატაცებული მოქალაქეები - რატომ დაიწყეს ოკუპანტებმა სიტუაციის დაძაბვა

“აგვისტოს ომის მე-11 წლისთავის შემდეგ ვითარება თანდათანობით იძაბება და უკვე სახიფათო ხასიათს იღებს.

სოფელ გუგუტიანთკარის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ბოლო 2 დღეში “საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდები ოკუპანტებმა 9 მოქალაქე გაიტაცეს, რომელთა “სასამართლო პროცესიც” ცხინვალში ორშაბათსაა დაგეგმილი. რატომ ძაბავენ ოკუპანტები და მათი მარიონეტული ხელისუფლება სიტუაციას და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს კიდევ უფრო მასშტაბური გამწვავების შემთხვევაში? კვირას, 18 აგვისტოს სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტებმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. 30 წლის სოსო დვალიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება და ოჯახს არავინ დაკავშირებია. მანამდე კი, საქართველოს რვა მოქალაქე დასახლებულ პუნქტ აძესარში "საზღვრის" უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. ისინი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით განახლებული ბორდერიზაცია და ეკლესიიდან გატაცებული მოქალაქეები - რატომ დაიწყეს ოკუპანტებმა სიტუაციის დაძაბვა.

 

“კონფლიქტოლოგ მამუკა არშიძის განმარტებით, ბორდერიზაციის პროცესის განახლება და ორი დღის განმავლობაში საქართველოს 8 მოქალაქის დაპატიმრება შემთხვევითი პროცესი არაა და ემსახურება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის მიერ იმის დემონსტრირებას, რომ გააკეთებენ იმას, რაც მათ უნდათ და არც საერთაშორისო კრიტიკას არ მიაქცევენ ყურადღებას. არეშიძის თქმით, რუსები მხოლოდ მანიპულაციას გააგრძელებენ, ხოლო სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებას არ აპირებენ. “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ე.წ. საზღვარზე სიტუაციის გამწვავება მიზანმიმართულია და მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავებას. პაატა დავითაიას აზრით, სიტუაციის გამწვავება უკავშირდება იმას, რომ საქართველო საერთაშორისო არეალზე აქტიურობასა და რუსეთის აგრესიისთვის გარკვეული წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მე მგონია, რომ ამ ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის, რადგან გუგუტიანთკარს 2008 წლიდან მოყოლებული უცნაური სპეციფიკა ჰქონდა. მე თვითონ არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი და ვიცი, რომ მანდ სულ სამი თუ ოთხი სახლი იდგა, რომელშიც ხალხი ცხოვრობდა და ერთ-ერთი მათგანი იყო ბატონი ამირანი, რომლის სახლზე გადიოდა ეს პირობითი ხაზი. მისი სახლის ერთი ნაწილი აქეთ მხარეს იყო მეორე კი - იქით. ასეთი პარადოქსალური სიტუაცია იყო. ორივეგან იდგა პოსტები: “საზღვარს” იქით რუსულ-ოსური, აქეთ კი ქართული და ჯერ კიდევ მაშინ ძალიან უსიამოვნო სიტუაცია იყო შექმნილი. ახლა, როგორც ჩანს, რადგან ყველაზე გამოსაჩენი ადგილი სწორედ გუგუტიანთკარია, გადაწყვიტეს ამის განსაკუთრებულად ხაზგასმა ისე, რომ საქართველოს ხელისუფლების დასჯის პროცესი დაინახოს ყველამ და იმის დემონსტრირებისთვის, რომ რუსეთს რაც უნდა იმას აკეთებს და გასდის კიდეც. ამ ფონზე ოპოზიციის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ეს მთავრობა არის რუსეთუმე, უბრალოდ აბსურდულია და მიკვირს ხოლმე, რადგან, პრინციპში, ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება და მისი პარტნიორები ვერაფერს აკეთებენ. ამ ტიპის გზავნილები მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის არ არის - ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მისამართითაცაა, რომ ისინი რუსებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

 

“ეს არის ძალისა და საკუთარი სურვილისამებრ მოქმედების მუდმივი დემონსტრირება. ისინი სამხედრო ოპერაციას, დარწმუნებული ვარ, რომ არ გეგმავენ. დემონსტრირებაა იმისა, რომ რა სურვილიც აქვთ, იმას გააკეთებენ საქართველოს პოლიტიკური ელიტისა და ჩვენი პარტნიორების პოზიციის მიუხედავად. ეს უნდა განვიხილოთ გეოპოლიტიკურ ჭრილში - ბორდერიზაცია არის საქართველოს მიწების მიტაცება, რუსეთის გეოპოლიტიკური აქტიურობის ერთი პატარა ეპიზოდი. როდესაც ჩვენი პარტნიორებისთვის სამაგიეროს გადახდა უნდათ, ჩვენს ტერიტორიაზე იწყებენ მოქმედებას. კარგი იქნება, თუ ქართული საზოგადოება ამას გაიგებს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ჩატარდა კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმი, სადაც ძალიან აქტიურად დადგა თურქმენეთიდან ევროპისაკენ, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით გაზის ტრანსპორტირების საკითხი. ადრინდელი პროექტები, რომელიც ჩაიშალა, ახლა რეანიმაციის პროცესშია, ხოლო რუსეთისთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი”, - განაგრძობს არეშიძე.

 

“მართალია, ეს პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ ჩანასახშია, მაგრამ ისეთი სერიოზული ორგანიზაცია უჭერს მხარს, როგორიცაა ევროკავშირი. თუ გახსოვთ ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანში ამ თემას ემსახურებოდა. არ უნდა რუსებს, რომ ეს პროექტი შედგეს, აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის აქტივობები - მოქალაქეების გატაცება-დაპატიმრება, „საზღვრების” გადმოწევა, სულ იქნება. ჩვენება იმისა, რომ საქართველო სუსტი სახელმწიფოა, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნის პარტნიორების აზრი არ აინტერესებთ, არის ერთგვარი პოლიტიკური დემარშები, რომელიც გზავნილად გვევლინება როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

 

“რა თქმა უნდა, შემთხვევით ეს არ ხდება. ცალსახად, ეს არის მიზანმიმართული ქმედებები. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ბორდერიზაციის პრობლემა არ შეჩერდება იქამდე, სანამ ტერიტორიების მაქსიმუმს არ მიიღებენ და მაქსიმალურად არ დაუძაბავენ ქვეყანას სიტუაციას. რუსეთის ფედერაცია და სეპარატისტები მოქმედებენ საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის 1954 წლის სამხედრო რუკებით. ეს რუკები მე მაქვს და თავის დროზე გადავეცი შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროსაც და კაბინეტში მიკიდია რუკები. შემდეგ, 1962 წელს ეს რუკები შეიცვალა, როდესაც ე.წ. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები შეიცვალა. მაგრამ დღეს, რუსები და ოსები მოქმედებენ 1954 წლის რუკებით, რომლის შესახებაც კაციშვილმა არ იცის. ამ რუკებით თბილისი - სენაკის საავტომობილო გზაც კი მათს ტერიტორიას ეკუთვნის. ამდენი წელია ვამბობ, რომ ესენი იმოქმედებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ტერიტორია მიითვისონ. დაახლოებით 2012 წლამდე მთელი პერიმეტრი თავიდან ბოლომდე დაცული იყო სპეცდანიშნულების რაზმებითა და პოლიციელებით და ბორდერიზაცია აღარ იყო და აღარ იყო იმიტომ, რომ ამას პოლიცია იცავდა, თუ არ ვცდები 17 მათგანი დაიღუპა კიდეც. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება და მოიხსნა ეს ე.წ. ბლოკპოსტები მთელი პერიმენტრიდან”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა დავითაია.

 

“მეზობელი მეზობელს გადაუწევს ღობეს, თუ იქ არავინ არ ცხოვრობს, ხომ სწორია?! ბლოკპოსტების მოხსნის შემდეგ დაევალათ პატრულირება, მაგრამ პატრულის ავლა-ჩავლის შემდეგ ესენი გადმოწევდნენ „საზღვარს“. პირველად 50 მეტრით გადმოწიეს, მოსინჯეს, მერე 100 მეტრით, შემდეგ უფრო მეტით და ა.შ. ამის შემდეგ ნავთობსადენი ჩაიგდეს ხელში, რომელმაც შეიცვალა მიმართულება და ახლა 1.5 კმ-იანი ნავთობსადენი მათ დარჩათ. მერე გადაწყვიტეს ტრასის ხელში ჩაგდება - არანაირი რეაქცია აქედან არ ყოფილა. ე.წ. ბლოკპოსტები გარკვეული მიმართულებით აღდგა მხოლოდ 2017 წელს. ახლა ის მაინტერესებს, 2017 წლამდე რა ტერიტორიაც დაიკარგა, ვინ აგებს ამაზე პასუხს? აღსანიშნავია, რომ ეს ბლოკპოსტები მთელ ტერიტორიაზე არ განლაგებულა და ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ხდება. ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც საქართველო “ურჩობას” იწყებს. საუბარია თუნდაც „გავრილოვის ღამეზე“ - ხელისფლებას რეალურად წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ საზოგადოებას ასეთი რეაქცია ექნებოდა. დღეს ე.წ. ლოიალური მთავრობის მიდგომით არის შექმნილი პრობლემები, რაც სულ დაიძაბება. მთავრობას პასუხი აღარ აქვს და ვერც ექნება. არანაირი სტრატეგია არ არსებობს. სტრატეგია არის ერთი - იმ რუკების მიხედვით, რომელზეც ვსაუბრობ და რომელზეც აღნიშნულია სახიფათო ტერიტორიები, სასწრაფოდ უნდა განლაგდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები. ეს “საზღვრების” არგადმოწევის საშუალებას მოგვცემს. თუ არადა, იმ შემთხვევაში, თუ არავის გაღიზიანება არ გვინდა, ღობეს გადმოგვიწევენ რუსთაველის პროსპექტამდე“, - დასძენს პაატა დავითაია.

წაკითხვა 814 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.