"ბჟანიასა და შამბას მხრიდან დიალოგის აუცილებლობაზე საუბარი, ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას და გამოხმაურებას საჭიროებს"

29 ივლისს, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბას დანიშვნას მოაწერა ხელი.
 
ცოტა ხნით ადრე, სანამ სერგეი შამბა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნებოდა, თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის აუცილებლობაზე განაცხადა.
 
 
"ახლა არსებობს ურთიერთობების ისეთი არხი, როგორიცაა ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც მხარეები ხვდებიან. თუმცა მე მგონია, რომ შეიძლება კავშირის სხვა არხების დამყარებაც, როგორც სახალხო დიპლომატიის, ისე ოფიციალური შეხვედრების დონეზე", - განაცხადა შამბამ ამ რამდენიმე თვის წინ "მთავარ არხთან".
 
 
საქართველოსთან დიალოგის დაწყებაზე სერგეი შამბას გაკეთებულ განცხადებებში აღსანიშნავია მისი 2018 წლის ვრცელი ინტერვიუ "ეხო მოსკვისთან", რომელშიც ის "საერთო, მშვიდობიან მომავალზე" ამახვილებს ყურადღებას.
 
 
"მე, შეიძლება ითქვას, ვიყავი საქართველოსთან ბრძოლის ლიდერი, მაგრამ პირველი ვარ, ვინც დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ დიალოგი საჭიროა და დროა საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ, იმ გაგებით, რომ ჩვენ მეზობელი ხალხები ვართ...
 
ქართველები მტრად არ მიმაჩნია. საქართველოში მეგობრები მყავს. კი, გვქონდა ეთნიკური კონფლიქტიც, მაგრამ დიდწილად ეს პოლიტიკური კონფლიქტი იყო."
 
 

 
ვინ არის სერგეი შამბა
 
 
სერგეი შამბა 1951 წლის 15 მარტს გუდაუთაში დაიბადა. 1997-2010 წლებში ის აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2010 წლის თებერვლიდან 2011 წლის სექტემბრამდე კი ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2014 წლის დეკემბრიდან შამბა ე.წ. პარლამენტის წევრია. ის 2016 წლის იანვრიდან ე.წ. პარტია "ერთიან აფხაზეთს" ხელმძღვანელობს.
 
 
თბილისთან ურთიერთობის შესახებ, ერთ-ერთ ინტერვიუში დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამაც ილაპარაკა.
 

მისი თქმით, თბილისსა და სოხუმს, ჟენევის ფორმატის გარდა, ორმხრივი მოლაპარაკებები სჭირდება. ბჟანიას აზრით, "დიალოგის სურვილის არ არსებობის შემთხვევაშიც კი ქართველებსა და აფხაზებს შორის უამრავი კავშირია, რაც პირდაპირი მოლაპარაკებები აუცილებლობას აჩენს".

 

"ქართველები და საქართველო - ჩვენი მეზობლები არიან. გვინდა თუ არა, უამრავი კავშირი გვაქვს საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე. ეს ის ხალხია ვინც საზღვარს კვეთს. ხალხს უამრავი პრობლემა ექმნება - ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილიც, სამწუხაროდ, იძულებულია გადავიდეს საზღვარზე კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ისეც ხდება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დანაშაულს სჩადიან და მერე საქართველოში იმალებიან. ხდება პირიქითაც. ასევე ერთობლივად ვახდენთ ენგურჰესის ექსპლუატაციას. ესეც კონტაქტების მნიშვნელოვანი დონეა", - განაცხადა ასლან ბჟანიამ, რომლის თქმითაც, აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად საჭიროა ჟენევის პროცესზე ბევრად უფრო ახლოს მდებარე მოედანი: "საზღვარზე ან სადმე აქ".
 
 
უნდა არსებობდეს თუ არა, ახლო პერსპექტივაში რეალური დიალოგისა და მისგან გამომდინარე ცვლილებების მოლოდინი?! ეს კითხვა კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს დავუსვით.
 
 
 
 
 
- თუ გვგონია, რომ აფხაზეთი იმაზე ფიქრობს, როგორ არგოს და როგორ აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არასწორია. ჩვენ გვარგებს ნებისმიერი დიალოგი, რადგან ამან უნდა დაიწყოს პროცესი ქართულ-აფხაზურ დონეზე, ჩევნ უნდა შევისწავლოთ რა აწყობთ მათ, რატომ აქვთ ასეთი ინიციატივა ჩვენს მიმართ და ჩვენც ჩავდოთ ჩვენი ინტერესები ამ დიალოგში. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ურთიერთობები. რადგან წინადადება მათი მხარიდან არის, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოვეხმაუროთ მას, შევისწავლოთ და მისაღები მივიღოთ.
 

- ცნობილია, რომ გალის მოსახლეობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ეზღუდებათ თავისუფლეად გადაადგილება, არ ეძლევათ მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება და ა.შ. უნდა ველოდოთ თუ არა, გალის მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას?

 

- პირობების გაუმჯობესება უკვე დაიწყო და უნდა ველოდოთ, რომ კიდევ გაუმჯობესდება. ახლა ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბია, რომელსაც კარგი დამოკიდებულება აქვს გალელებთან. ვფიქრობ ის პოზიციები, რომელიც ჰაჯიმბას დროს გაჩერდა, მაგალითად გალში არსებობდა ქართული სკოლა და მოსახლეობა თავისუფლად გადადიოდა ერთი ტერიტორიიდან მეორეში, კვლავ აღდგება. გალელების სიმპატიები ამ გუნდის მიმართ ნამდვილად დიდია და დარწმუნებული ვარ, სიტუაცია მართლაც გამოსწორდება.
 

- თუ ეს დიალოგის სურვილი მართლაც რეალურია, თქვენი აზრით რამდენად მზადაა ჩვენი ხელისუფლება ამისთვის?

 
- მათი მზადყოფნა არ ჩანს. ახლა ხელისუფლება მთლიანად გადასულია წინა საარჩევნო კამპანიის წარმართვაზე და ამ ეტაპზე მათ არანაირი მზადყოფნა არ გააჩნიათ. ეს დიალოგის სურვილი ადრეც იყო და არც მაშინ ყოფილა რიამე ინიციატივა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან... იმედი მაქვს, რომ ქართული მხარე და ის ახალი ხელისუფლება, რომელსაც ხალხი აირჩევს, ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყებს ახალი პოლიტიკით მუშაობას აფხაზეთის მიმართულებით".
 
 
ნაკლებად სავარაუდოა ასლან ბჟანიამ რუსეთთან ურთიერთობებში რაიმე ცვლილება შეიტანოს, თუმცა მისი და სერგეი შამბას მხრიდან დიალოგის აუცილებლობაზე საუბარი, ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას და გამოხმაურებას საჭიროებს. რამდენად გამოიჩენს ხელისუფლება ამ კომენტარების მიმართ ყურადღებას, მაშინ, როდესაც კარზე მოდგა შემოდგომა (არჩევნები), გაურკვეველია.
 
 
გიორგი ლორია
ელენე მეტრეველი
წაკითხვა 652 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 04 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.