"ჩემი ქმარი მოკლა, მეც ვკვდები, მოგვხედეთო... " - თელავის სოფელ კონდოლში მომხდარი მკვლელობის დეტალები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
როგორც დანაშაულის ადგილას მისულმა, გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ნათესავმა გივი ჩიდრაშვილმა გვითხრა, მოკლულები არიან: გია ჯიბიაშვილი და მისი მეუღლე მაკა ზურაბიშვილი.
გივი ჩიდრაშვილი:
"ჩემმა ცოლისდამ დამირეკა თბილისიდან, - ამბობენ, რომ მკვლელობა მოხდა და რა ხდებაო. მე არაფერი ვიცოდი, გამოვიქეცი მანქანით, აქ მხოლოდ ყარაული დამხვდა. ცხედრები გადაესვენებინათ. როგორც ეს ყარაული მოყვა, ის მწყემსი, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, საგარეჯოდან ჩამოსულა სამუშაოდ და ნაციხარი ყოფილა... ამბობენ, მანამდე ისეთი არაფერი შეგვიტყვია, ნორმალურად იქცეოდაო. ბოლო 3-4 თვე უმუშავიათ ერთად. ცოლ-ქმარი მუშაობდა ხოხბების ფერმაში, დღე და ღამე იქ იყვნენ. ეჭვმიტანილიც აქ მუშაობდა, თხებიც ჰყავთ და ეტყობა იმას მწყემსავდა. ჯერ ქმარი მოუკლავს თოფით და მერე ცოლი. ნასროლი ტყვია კედელსაც აქვს მოხვედრილი, აგერ ნატყვიარი ეტყობა. ამბობენ, რომ ფული აიღეს ცოლ-ქმარმა და იმის გამოძალვას ცდილობდა. როგორც ჩანს, ამან თოფი რომ გადმოიტანა, ეს ჩემი ნათესავი გაიქცა გარეთ და უკნიდან ესროლა, გარეთ ნახეს მკვდარი. თავში აქვს მოხვედრილიო, მობრუნებულა და ახლა ცოლისთვისაც უსვრია. ბავშვი აუყვანია მეორე სართულზე და დაუბია. უფროსთან მოუსწრია ცოლს გარდაცვალებამდე დარეკვა, უთქვამს, - ჩემი ქმარი მოკლა, მეც ვკვდები, მოგვხედეთო... მერე უფროსს დაურეკია მეორე ყარაულისთვის, იმან არაფერი იცოდა, შინ იყო, გადმოსულა და უნახავს ეს ამბავი. ის გაქცეულია. დაკავებული არ არის ჯერ, ეძებენ. თუ არ ვცდება მოკლული გოგო 42, ქმარი კი 43 წლის იქნებოდა.."
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
