"ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას"
ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლით რეჟიმში ვიმყოფები, - ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს წაუკითხა.
როგორც სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, მას თავის ტვინში დაუდგინდა გარკვეული ცვლილებები.
“ვინაიდან, ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთელობის ირგვლივ გადავწყვიტე, პირადად ღიად ვისაუბრო იმაზე, თუ რას ვგრძნობ. MRT -ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით, გლდანში ძალის გამოყენებით გადაყვანისას მივიღე. ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში რამდენჯერმე მიკეთებენ ტკივილგამაყუჩებელ ნემსს. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა. სულ უფრო რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს. მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში. ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. არ ვიცი, ეს ზუსტად რას ნიშნავს, მაგრამ ის რაც ვიცი ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლით რეჟიმში ვიმყოფები. MRT -ით ასევე თავის ტვინში დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს . ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ ვიწვე და ვიკვებო საქმე არ სწორდება, თორემ ვინც მიცნობთ, ყველამ კარგად იცით, რომ ვერტიკალური მდგომარეობა არ მახასიათებდა, არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა რისი მიღება საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია”,- ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი