რა გახდა მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზი - ექსპერტიზის დასკვნა
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზა დასრულდა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ მოპოვებულ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაშია აღნიშნული, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზი ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა გახდა.
ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ მარიტა მეფარიშვილს თითების მიდამოებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგადაა განვითარებული.
„მოქალაქე მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზია: ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერის თანახმად, მარიტა მეფარიშვილის სიკვდილი დაფიქსირდა 2022 წლის 13 ოქტომბერს 13:30 საათზე.
მარიტა მეფარიშვილის გვამს მარცხენა მტევნის თითების მიდამოებში აღენიშნებოდა ელექტრონიშნები, რაც განვითარებულია ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან“, - ნათქვამია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი