გლდანში საკრებულოს წევრზე თავდასხმის საქმეზე პოლიციამ 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება, რომ გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ცემის საქმეზე 6 პირი დააკავეს. ამასთან, შსს ოპოზიციისგან ხელშეშლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება „პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე“.
6 დაკავებულს ბრალი ედება „ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ძალადობაში“ და 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა გლდანში, 22 სექტემბერს, საღამოს საათებში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს დეპუტატს [ირაკლი ეძგვერაძეს] და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც „შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“.
შსს ასევე აცხადებს, რომ ადგილზე საქმის გამოსაძიებლად მისულ სამართალდამცველებს „დაშავებული პირების მეგობრებმა და თანაპარტიელებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს“.
პოლიციის თანახმად, გარდა 3 დაკავებულისა - რომლებიც არიან ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე - „ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას“.
პოლიცია ამბობს, რომ დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და „სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზეც“ დაიწყო გამოძიება.
ეძგვერაძეს პარასკევ საღამოს ფიზიკურად გაუსწორდნენ - როგორც მისი თანამოაზრეები ამბობენ, დაახლოებით, 30-ზე მეტი ადამიანი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამას უკავშირებს ეძგვერაძის დაპირისპირებას საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატ კოტე ზარნაძესთან. ეძგვერაძე ზარნაძეს სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
როგორც ეძგვერაძემ თქვა, ადამიანები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გვერდით იდგნენ 2020 და 2021 წლების არჩევნებზე. „იარაღით როდესაც მოვარდნენ საარჩევნო უბანზე [არჩევნების დროს]. ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში“, - აღნიშნა ეძგვერაძემ.
საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები კოლეგაზე თავდასხმაში მონაწილეებისა და ორგანიზატორების დაკავებასა და ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვენ.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში