ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ და განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა.
„სასამართლომ მიიღო ყოვლად არასამართლიანი, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო გადაწყვეტილება. დაცვის მხარე მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უკვე მზად გვაქვს განცხადება ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს ლაზარეს, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ეს იქნება სამოქმედო გეგმა, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, სააპელაციო სასამართლოც, ჩვენი ვარაუდით, თუ პრეზიდენტმა არ შეიწყალა ლაზარე, დატოვებს ძალაში ამ დაუსაბუთებელ და არაკანონიერ განაჩენს. მოსამართლეს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდა“, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.
ლაზარე გრიგორიადისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2023 წლის მარტის აქციებისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედებოდა ბრალი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს.
გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
სიახლეები
- „ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს"
- "დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი" ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი"
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია