სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმე ეხება პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 მაისს, ქალაქ სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზარალებული ვლადიმერ მჭედლიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა. ამ დროს მასთან მივიდნენ სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ერთ-ერთმა პოლიციელმა - გ. ნ.-მ მოუწოდა, შეეწყვიტა საჯარო სივრცეში ალკოჰოლური სასმელის დალევა, რასაც მოჰყვა მათ შორის შელაპარაკება. პოლიციის თანამშრომლებმა მჭედლიშვილი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს სიღნაღის პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ. რამოდენიმე წუთის განმავლობაში დაკავებულს მუშტებს და ფეხებს გვერდების და თავის არეში ურტყამდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ძალადობის შედეგად დაკავებულს დაუდგინდა ნეკნების მოტეხილობა და სხვა მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო, პარალელურად დაზარალებულმა საკუთარი უფლებების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო და დაზარალებულ მჭედლიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების/არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელახალი გამოძიების ჩატარების ვალდებულება გაუჩნდა.
სიახლეები
- ,,დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში"- ირაკლი კობახიძე
- ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
- ,,თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვოს, პირდაპირ დაადგება გზას, რაც რუსეთმა გაიარა"- ანა ნაცვლიშვილი
- წითელას გავრცელების შედეგად ტეხასის შტატში ორი ბავშვი გარდაიცვალა