7193 სამართალდარღვევა გამოვლინდა - გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობა

2023 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე შემოწმების პროცესში 10 ეკიპაჟი (5 თბილისში, 2 ქუთაისში, 2 ბათუმში, 1 რუსთავში) იყო ჩართული. კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ავტომობილების რაოდენობა 5 ეკიპაჟით გაიზარდა – 2 ეკიპაჟი დაემატა თბილისში, თითო-თითო კი, რუსთავსა და ბათუმში. ეკიპაჟები აღჭურვილია ყველა საჭირო ხელსაწყოთი და აპარატურით.
კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 7193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი – 3453 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1403 – ქუთაისში, 1233 – ბათუმში, 1104 – ქალაქ რუსთავში. დაჯარიმებული 7193 სამართალდამრღვევიდან, 6267 ფიზიკური პირია, ხოლო 926 – იურიდიული პირი. 4463 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2434 – მიკროავტობუსის, 287 – სატვირთო ავტომობილის, 9 – ავტობუსის.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით.

საქართველოს 4 დიდ ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სხვა არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.

წაკითხვა 142 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.