პროკურატურამ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ პირს პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო დამწვრობის სახით.
„გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ამავე დღეს მეორე ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე არსებულ სამეთვალყურეო სისტემას.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან 1-ელ დეკემბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახს, რა დროსაც დაზიანდა და განადგურდა ოთახში არსებული ნივთები.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 1-ელ დეკემბერს დააკავეს. ერთ მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ ბრალდებულს – 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
სიახლეები
- ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
- "აშშ-ს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს, ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა პატივს არ გვცემენ"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 24 იანვრამდე
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"
