ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
რვათვიანი პატიმრობა მიესაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია "ახლის" თანადამფუძნებელ ნიკა მელიას, სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო - კომისია, რომელსაც ყოფილი იუსტიციის და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობს. მელია 2012 წლამდე პოლიტიკურ თანამდებობას არ იკავებდა და არც რომელიმე პარტიის წევრი არ ყოფილა.
გადაწყვეტილება მელიას სასჯელის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. გარდა თავისუფლების აღკვეთისა, მას ორი წლის განმავლობაში შეეზღუდა პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება. ასევე, დაეკისრა 25 000-ლარიანი ჯარიმა 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელის გამო. 2019 წლის განაჩენით, მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ.
2019 წელს ნიკანორ მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალი წარედგინა სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ნიკანორ მელია გამართლდა სსკ-ის 205-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში - რაც გულისხმობს ქონების დამალვას მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგებით, - ხოლო სსკ-ის 332–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა დამნაშავედ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
მელია საპარლამენტო კომისიაში გამოუცხადებლობის საქმეზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება - ის გირაოს ვადის ამოწურვის წინა დღეს, პოდკასტ "ორ ცეცხლს შუას" ჩაწერაზე მიმავალი გააჩერა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა და დააკავა. მელიას შეფასებით, მისი ეს დაკავება "გატაცება" იყო.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
