აქტივისტ საბა სხვიტარიძეს პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა
2024 წლის შემოდგომაზე პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებულ აქტივისტ საბა სხვიტარიძეს პროკურატურამ წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქა - თუმცა მას კვლავ ემუქრება პატიმრობა.
სხვიტარიძეს აქამდე ედავებოდნენ „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას“, - სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს. ეს ბრალდება 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დღევანდელ, 24 ივლისის სხდომაზე კი პროკურატურამ მისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალი წარადგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ასევე გადაიხედა საბა სხვიტარიძისთვის შეფარდებული პატიმრობა, თუმცა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ძალაში დატოვა შეფარდებული წინასწარი პატიმრობა.
„დღევანდელი მოცემულობა ახალი გარემოებაა, გადავიდა ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაში...თუმცა დღეის მოცემულობით სახეზეა იგივე საფრთხეები კვლავ, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში".
პარტია "ახალის" წევრი, აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს, მანამდე რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, გარეთ შეიკრიბა შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი.
სიახლეები
- “საიდან აქვს ხაბეიშვილს 200 ათასი დოლარი – ეს უცხოური შავი ფულია” - გურამ მაჭარაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ივლისისთვის
- “საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის” - ევროპარლამენტი
- წვიმა, ელჭექი, სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- რამდენიმე ქვეყანაში ხანძარს ებრძვიან – არის მსხვერპლი