September 2, 2025

ანტონ ჩეჩინს ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი დამნაშავედ ცნო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ჩეჩინს 8 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებამდე ჩეჩინმა სასამართლოს სიტყვით მიმართა:

 

„ჩემი დასკვნითი სიტყვის წინ მე მინდა შევთავაზო პროკურატურას, რომ წამოვიდეს სამშვიდობო გადაწყვეტილებაზე და უარი თქვას ჩემს ბრალდებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი კომპენსაცია არ შეცვლის იმ დროს, რომელიც გავატარე ციხეში, ჩემს მეუღლესთან და მშობლებთან დაშორება...

 

ჩემი ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ არ გამამართლებენ, ხუთი სისხლის სამართლის საქმე აქციებთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული, ორი უკვე გამართლებულია...

 

იმ შემთხვევაში, თუ მე გამომიტანენ გამამტყუნებელ განაჩენს, მე გავაგრძელებ ბრძოლას სხვა ორგანიზაციების დახმარებით იმიტომ, რომ ჩემი უფლებები ირღვევა ციხეში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იყო შეტანილი რამოდენიმე საჩივარი, რომლის გამოძიება არ ხდება იმიტომ, რომ მას ხელმძღვანელობს პროკურატურა, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა განწყობილი, მარტო იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ბრალდებული, იმის გამოც, რომ მე გამოვდიოდი პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ.

 

მე ვიბრძოდი დემოკრატიული ღირებულებებისთვის, რომ ძალოვანი სტრუქტურა და სახელმწიფო ორგანოები მუშაობდნენ მოქალაქეების სასარგებლოდ, ტოტალიტარული მმართველობის წინააღმდეგ..." - ჩეჩინმა სასამართლოს რუსულად მიმართა, ეს მისი სიტყვების თარჯიმნის მიერ ნათარგმნი ვერსიაა.

 

ჩეჩინს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა და შენახვა. ეს დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

„ეს არ არის სამართლიანობა - ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც მოწოდებულია, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს“, - ასე გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

 

ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს თავის საცხოვრებელ კორპუსთან - დაკავების დღეს მან თქვა, რომ სინამდვილეში დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააკავეს. მის საქმეში არ არის ჩეჩინის ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა - თავად ჩეჩინი ამბობს, რომ ნარკოტიკები მას პოლიციელებმა ჩაუდეს. 

 

ჩეჩინი რუსეთის მოქალაქეა, საქართველოში ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩამოვიდა. ჰყავს ქართველი ცოლი, რომელთან ერთადაც მონაწილეობდა თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებში. ანტონ ჩეჩინი დაჯარიმებულია "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო.

 

2024 წლის დეკემბერში დაკავებული დემონსტრანტებიდან ნარკოდანაშაულის ბრალდება რამდენიმეს აქვს. მათგან ორი, გიორგი ახობაძე და თედო აბრამოვი, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. განაჩენს ელოდება ნიკა კაცია, სასამართლომ თითქმის დაასრულა ასევე ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის საქმის განხილვა და მოსამართლემ გადაწყვეტილება შესაძლოა 12 სექტემბერს გამოაცხადოს.

წაკითხვა 78 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 02 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.