“სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს” - სუს-ი
სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს. ამის შესახებ სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების სხვა მიმართულებებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის.
„როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა. ბრალდებულების დაკავებიდან დღენახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიება, საიდანაც დგინდება, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ესბეუს“ თანამშრომლებმა. ეს გარემო ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, რომელმაც თქვა, რომ მას აღნიშნული ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ – რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და იქ მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“, გამოძიების და სხვადასხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამიტომ, გამოძიების სხვა მიმართულებებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ იმ ნაწილის საჯაროდ გამოტანა, რომლის გამჟღავნებაც ქართულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის“, – აღინიშნა სუს-ში ჩატარებულ ბრიფინგზე.
სიახლეები
- ,,ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები"- კახა კალაძე
- ,,სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არავისთან მიმართებაში"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,მათ ენაზე ეს ნიშნავს: „საქართველოში რევოლუციის მოწყობის ახალ გზებს ვეძებთ, ჯერ ვერ მოვიფიქრეთ, მაგრამ ვცდილობთ, ეს შორეულ პერსპექტივაში არ გადავდოთო“- თენგიზ შარმანაშვილი
- ,,რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ"- გიორგი შარაშიძე
- ნალექი და ქარი-17 ივლისამდე წვიმიანი ამინდი იქნება
