September 12, 2025

ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეებში რუსეთის მოქალაქეებისთვის გამოტანილი განაჩენები განსხვავდება საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოტანილი განაჩენებისგან - ნიკა კაცია, თედო აბრამოვი და გიორგი ახობაძე ამავე ბრალდებით სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. 

 

„ჩასმით ჩამსვეს, მაგრამ ადამიანურად გასამართლებაც კი, კანონის შესაბამისად, ეზარებათ. ჩვენ პატიმრები არ ვართ, ჩვენ ვართ მძევლები. ჩვენ ვართ მძევლები, რომლებიც ცოცხლად არიან დამარხულები. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - ჩვენ ტყვეები ვართ.

 

ათასი შუამდგომლობა გავაგზავნე და ვთქვი სასამართლოშიც. თავიდან მპასუხობდნენ და უარს მეუბნებოდნენ, საფუძვლის გარეშე, მერე საერთოდ შეწყვიტეს პასუხის გაცემა, უბრალოდ დადუმდნენ. ესენი ტერორისტები არიან, რომლებიც აღარც ფარისევლობენ. ჩვენ დაგვხოცავენ, თუ დადუმდებით. მოგვკლავენ, თუ დაგვივიწყებთ. ჩვენ ვცოცხლობთ, სანამ გახსოვართ, ჩვენზე ლაპარაკობთ და გვეხმარებით. ცოცხლები ვართ, სანამ თქვენ რუსთაველზე დადიხართ. მხოლოდ სიყვარული გვეხმარება. თქვენი სიყვარული გვეხმარება და ახანგრძლივებს ცხოვრებას“, - თქვა საბოლოო სიტყვაში ანასტასია ზინოვკინამ. ის თვეების განმავლობაში, სასამართლო სხდომების პარალელურად მუდმივად საუბრობდა დაკავების დროს მის წინააღმდეგ ძალადობაზე, მათ შორის ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სექსუალურ შევიწროებაზე პოლიციელების მხრიდან. გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა პოლიციელების შესაძლო გადაცდომებით.

 

12 სექტემბერს დასკვნით სიტყვაში ანასტასია ზინოვკინამ კიდევ ერთხელ შეახსენა სასამართლოს, რომ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა მის მიმართ მუქარას, "რომ შენ იყვირებ, ტკივილისგან დაიტანჯები და არცერთი ექიმი არ მოვა". მან დაამატა, რომ ეს მუქარა უკვე სრულდება.

 

"ეს არის პოლიციელის განხორციელებული მუქარა, რომელმაც ციხეში მომიყვანა. მან მითხრა, ეს შენი სამუდამო სამყოფელი იქნება, შენ აქ მოკვდები. იცი რატომ მოკვდები?! შენ მოგწამლავენ. მან მითხრა არა მოგწამლავენ, არამედ შენს სიკვდილს განახორციელებენ, შენ ტკივილისგან იყვირებ, მაგრამ შენთან არავინ მოვა. შეიძლება ითქვას, რომ 9 თვის განმავლობაში იყო მოწამვლის 2 შემთხვევა. [...] რამდენიმე დღის წინ მე ჩემი საჭმელი თეფში მივაწოდე გოგონას [თანამესაკნეს]. წელი მტკიოდა და ვერ შევძელი ჭამა და ეს გოგონა, რომელმაც ეს საჭმელი შეჭამა, დღემდე ტემპერატურით წევს, მას აღებინებს, ძალიან ცუდად არის. მან შეჭამა საჭმელი, რომელიც მე მეკუთვნოდა“, - თქვა მან.

 

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, რომელმაც არაერთი დემონსტრანტის საქმე განიხილა, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ანტისამთავრობო, პროევროპული აქციების ყველა მონაწილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

 

სამოქალაქო და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, დღეს საქართველოში პოლიტპატიმრად შეიძლება ჩაითვალოს 60-ზე მეტი ადამიანი.

 

გამამართლებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა მხოლოდ მძიმე ნარკოდანაშაულით დაკავებული სამი ადამიანის შემთხვევაში. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თედო აბრამოვის საქმეებზე. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქეების საქმეები თავიანთი არსითა და შემადგენლობით ჰგავდა მათ საქმეებს, ქართულმა სასამართლომ რუსეთის სამივე მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

წაკითხვა 81 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 12 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.