"მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, ციხეში არ გაგვიშვათო" - რას წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში
გორის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში 17 წლის გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს.
ინფორმაცია მომხდარის შესახებ გუშინ გავრცელდა. გოგონა რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. მას მშობლები ვერ უკავშირდებოდნენ და სამართალდამცველებს სწორედ ამის შემდეგ მიმართეს.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).
ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია:
"გორში გოგოს გატაცების ამბავი სამწუხაროდ ისევ მანკიერად ვითარდება. მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, არ დაგვღუპოთ, ციხეში არ გაგვიშვათო. ნებისმიერი არასრულწლოვანისთვის საკითხის ისე დაყენება, რომ თითქოს მისი გადასაწყვეტია, ვინ წავა ციხეში და ვინ არა - არის დანაშაული ამ ბავშვის წინაშე. ჯერ ხომ მოტაცებისაგან ვერ იცავს სახელმწიფო გოგოებს და გატაცებულებს ვერ/არ პოულობს დღეების განმავლობაში;
და მერე კიდევ არაადამიანურად ექცევიან ამ გატანჯულ ბავშვებს, კისერზე ჰკიდებენ რა ვიღაც მოძალადის დაპატიმრების გადაწყვეტილებას. სულ ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, ამ ქვეყანაში ძალადობის წინაარმდეგ მებრძოლი ქალები ექვემდებარებიან საშინელ საზოგადოებრივ წნეხს და მოწმეზე ზეწოლას, რაც ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ სახელმწიფო ასე არ უყურებს - არ იცავს მოწმეებს, დაზარალებულებს და მათ ოჯახებს და პასიურად ელოდება, ვინ გატყდება პირველი; და ამის მიხედვით აწყობენ შემდეგ სისხლის სამართლის საქმეს. ეს არის სახელმწიფოს უდიდესი დანაშაული გატაცებული გოგოების წინაშე" - წერს ბაია პატარაია.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება
