აფხაზები “„საზღვარს” ხსნიან - უნდა დათანხმდეს თუ არა ხელისუფლება აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტს

“აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება “ქართულ აფხაზური საზღვრის” გახსნის საკითხს განიხილავს.

უკვე შექმნილია ამ საკითხის შემსწავლელი ე.წ. სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გასულ კვირას დახურული თათბირი გამართა და დე ფაქტო პრეზიდენტს “საზღვრის” გახსნის რეკომენდაციით მიმართა. ექსპერტთა შეფასებით, ეს ყველაფერი მოსკოვის ჩართულობით ხდება და გარკვეული ჟესტია თბილისის მისამართით. მით უმეტეს, რომ ორიოდე კვირის წინ დაახლოებით ამდაგვარი გადაწყვეტილება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამაც მიიღო. აფხაზური “ტელეგრამ” არხების ინფორმაციით, საუბარია ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის 2008 წლის განკარგულების გაუქმებაზე, რომლითაც აკრძალულია ენგურის ხიდზე ნებისმიერი სახის საქონლის გადაადგილება, პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ტვირთების გარდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აფხაზები “„საზღვარს” ხსნიან - უნდა დათანხმდეს თუ არა ხელისუფლება აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტს.

 

”ე.წ. სამთავრობო “სამუშაო ჯგუფში” გაერთიანებული არიან სხვადასხვა დე ფაქტო სამინისტროების, ასევე აფხაზური რკინიგზის, სოხუმის პორტისა და აეროპორტის წარმომადგენლები. მასში ასევე შედიან საზოგადოების წარმომადგენლები - ასტამურ ტანია და ინალ ხაშიგი. ჯგუფის ხელმძღვანელი კი გახლავთ ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწე ვალერი პაპბა. ინალ ხაშიგის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მსოფლიოში ლოგისტიკური ცენტრების ტრანსფორმაცია დაიწყო. ჩნდება ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტები, ეს კი აფხაზებისთვის სერიოზული შემოსავლის მიღების კარგი საშუალებაა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვან. საუბარია აფხაზეთში სატრანზიტო დერეფნის ამოქმედებაზე, რომლის გავლითაც იმოძრავებს სხვადასხვა ტვირთები რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართულებით. "ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ჩიხად გადავიქეცით. ყველა საქონელი ერთი და იმავე მარშრუტით გადის - აფხაზეთიდან რუსეთში, რუსეთიდან აფხაზეთში. ტრანზიტიდან ფული პრაქტიკულად არ გამომუშავდებოდა. რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების ფონზე, თურქული მიმართულება ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი ხდება”, - თქვა ხაშიგმა, რომლის თქმით, "აფხაზეთმა აქედან უკვე დაიწყო გარკვეული შემოსავლის მიღება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რუსული ტვირთები რკინიგზით შემოდის აფხაზეთში და შემდეგ ზღვით მიდის თურქეთში. ასევე მოძრაობს თურქული ტვირთები რუსეთისკენ აფხაზეთის გავლით. ამის შედეგად მნიშნელოვნად გაიზარდა აფხაზური რკინიგზის და პორტების შემოსავალი. ახლა კი, ხაშიგის ცნობით, დღის წესრიგში დადგა სახმელეთო მარშრუტების გახსნაც, რათა ტვირთებმა აფხაზეთის გავლით სატვირთო ავტომობილებითაც იმოძრაოს. საქართველოსთან კონსულტაციები არ გვაქვს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ აფხაზური სახელმწიფო და ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ჩვენს ტერიტორიაზე რა საქონელი შემოდის და რა გადის. ჩვენი დიდი დიასპორა თურქეთში ცხოვრობს, რომელიც მსგავსი ტრანზიტის მოწყობით დაინტერესებულია, რადგან ეს გაააქტიურებს ბიზნესს, რომელშიც ჩაერთვებიან აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები. გარდა ამისა, სახმელეთო გზა მნიშვნელოვნად ამცირებს ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას იმის გათვალისწინებით, რომ ავიაგადაზიდვა მნიშვნელოვნად გაძვირდა. ასეთი გზა აფხაზური დიასპორის წარმომადგენელბისთვის თურქეთიდან აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით ავტომობილით გაცილებით იაფი ხდება”, - განაცხადა ინალ ხაშიგმა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამაც გახსნა “საზღვარი” დანარჩენ საქართველოსთან”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“რეგიონი 3 წლის განმავლობაში სრულიად იზოლირებული იყო და რიგით მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლა აკრძალული ჰქონდათ. ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა კი გამოსცა ე.წ. განკარგულება, რომლის მიხედვითაც “საზღვარი” ყოველ თვეს 10 დღის განმავლობაში ღია იქნება და რიგით მოქალაქეებს ყოველი თვის 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე ორივე მიმართულებით დაუბრკოლებლად შეეძლებათ გადაადგილება. როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, ესაა მოსკოვის თამაში და გარკვეული ჟესტი ოფიციალური თბილისის მისამართით”, - დასძენს გამოცემა.

 

“მოსკოვის ჩართულობითაა, ეს ამბავი ისე არ მოხდება. მივაქციოთ ყურადღება იმას, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხდება და მივხვდებით, რომ ეს ერთი საერთო ნარატივი და გარკვეული ჟესტია თბილისის მისამართით. ეს რუსეთის მხრიდან იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი გარკვეულწილად იმ მოზომილ პოლიტიკას აფასებს, რომელსაც დღეს საქართველო გეოპოლიტიკური ვითარების კონტექსტში აწარმოებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე და კითხვაზე - “როგორი უნდა იყოს საქართველოს პასუხი ამ ყველაფერზე?” - პასუხობს:

 

“ამის თქმა მოკლედ შეუძლებელია, ეს ძალიან რთული თემაა და ჩვენ წლების განმავლობაში იმდენი დრო დავკარგეთ და იმდენი რესურსი გავანიავეთ, რომ გასაკეთებელი მართლა ძალიან ბევრია. ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ამის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ელემენტარულად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰუმანიტარული აქტივობები გვმართებს და გარკვეული იდეოლოგიური მუშაობაც. ესაა გარკვეული ნაბიჯი სოხუმისა და ცხინვალის მხრიდან, მაგრამ მე ამ ნაბიჯის არ მჯერა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტრანზიტს არ გახსნიან. რასაკვირველია გახსნიან, მაგრამ ამით პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება და ამდაგვარი ჟესტები ჩვენთვის სიტუაციას არ ცვლის”...

წაკითხვა 684 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 05 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.