როდის რამდენ ვაქცინას მიიღებს საქართველო და როგორი გრაფიკით წარიმართება ვაქცინაცია
“საქართველოში ვაქცინაცია სავარაუდოდ 2-3 კვირაში დაიწყება. თებერვალში საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის 30 ათსამდე დოზა ჩამოდის და პირველი რისკ ჯგუფების წარმომადგენელთა აქცრა დაიწყება.
ამის შემდეგ მარტიდან საქართველო ეტაპობრივად მიიღებს “ასტრაზენეკას” 300 ათასზე მეტ ვაქცინას. აპრილის ბოლოს კი საქართველო უკვე არა “კოვაქს პლატფორმიდან”, არამედ ორმხრივი შეთანხმებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან დაიწყებს ვაქცინების მნიშვნელოვანი დოზების მიღებას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, საქართველომ ოფიციალური დასტური მიიღო იმისა, რომ “კოვაქს პლატფორმიდან” “ფაიზერის” 29 250 დოზას თებერვლის შუა რიცხვებიდან მიიღებს, ვაქცინაცია კი ქუთაისის, ბათუმის და თბილისის დიდ კლინიკებში ჩატარდება. გარდა ამისა, იმისათვის, რომ პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია გაგრელდეს, პირველ და მეორე კვარტალში “ასტრაზენეკას” ქვეყანა ვაქცინის 300 ათასზე მეტ დოზას ელოდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი - როდის რამდენ ვაქცინას მიიღებს საქართველო და როგორი გრაფიკით წარიმართება ვაქცინაცია.
“ჯანდაცვის სფერო, გრძელვადიანი დაწესებულებების ბენეფიციარები, მათი მომვლელები, ასაკოვანი ადამიანები, სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციელები, პედაგოგები - ეს ის თანამიმდევრობაა, რომლის მიხედვითაც პრიორიტეტული ჯგუფები აიცრებიან. ჯანდაცვის სფერო პირველი ჯგუფის პრიორიტეტია, რომლის აცრაც მოხდება. ვაქცინაცია შემდეგ უკვე დანარჩენი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის გაგრძელდება. ეს არის გრძელვადიან დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები და მათი მომვლელები. ამის შემდეგ ის ასაკობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები არიან - 75 წლის ზემოთ მოსახლეობა, 65-დან 75- წლამდე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ასევე, სტრატეგიული სერვისების მიმწოდებელი პირები, როგორიც არის ჯარი, პოლიცია, პედაგოგები. ამას შემდეგ მოჰყვება სხვა მოსახლეობა. 2021 წლის ბოლომდე ჯამურად დაგეგმილია 60%-ის მოცვა. ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ ქვეყანა პირველ დოზებს მიიღებს იმაზე ადრე, ვიდრე ეს ბევრ სხვა ქვეყანაში მოხერხდა. ძალიან მალე დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამატებითი დოზების მობილიზებაც მოხდება ცნობილი ვაქცინებიდან. ანუ, გარკვეული რაოდენობით დაემატება “ასტრაზენეკა” პირველი “ფაიზერის” ვაქცინას”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. რომლის თქმით, “ასევე არის მოლოდინი, რომ დამატებითი ვაქცინები, რომელთაც წარმატებული შედეგები აქვთ, ეტაპობრივად დაემატება იმ შესაძლებლობას, რასაც დღეს გვთავაზობენ ვაქცინაციის პროგრამები”, - აღნიშნავს გამოცემა.
“დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “რეზონანსთან” პრიორიტეტულ ჯგუფებზე და ვაქცინაციის დაახლოებით გრაფიკზე ისაუბრა. იგი ამბობს, რომ “კოვაქს პლატფორმიდან” მილიონ ოთხასი ათასი ვაქცინის შემოტანის გეგმა ერთ წელზეა გაწერილი, თუმცა ამბობს, რომ პირველი და მეორე პარტიის დაახლოებითი დრო ცნობილია. მისივე თქმით, საქართველო პარალელურად ასევე მუშაობს ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, რომელთაც ვაქცინები მეტობით აქვთ ნაყიდი და სავარაუდოდ აპრილის ბოლოდან ან მაისიდან მათგანაც მივიღებთ ვაქცინის საკმაო რაოდენობა. იგი ვაქცინაციისადმი მოსახლეობის სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თვითონაც სიამოვნებით გაიკეთებდა აცრას საჯაროდ, თუმცა რადგანაც კორონავირუსი თავადაც ახლახანს გადაიტანა, გარკვეული იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს და ამის საჭიროება არ არსებობს”, - დასძენს გამოცემა.
“პირველი პარტია, დიდი ალბათობით, თებერვლის შუა რიცხვებიდან შემოვა. ეს იქნება “ფაიზერის” ვაქცინა, 29 250 დოზაა დადასტურებული, რომლითაც პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება და პირველ რიგში მათ შორის ისინი, ვინც კოვიდ ინფიცირებულებთან მუშაობენ. შემდეგი პარტია, დიდი ალბათობით, რაც დადასტურებულია “ასტაზენეკას” ვაქცინა მარტის პირველ ნახევარში, 300 ათასზეა საუბარი, ოღონდ ეს ერთბაშად არა, ის მერყეობს 180 ათასიდან 300 ათასზე მეტს შორის, რომლითაც პირველ რიგში, ჩვენი გეგმის მიხედვით, სამედიცინო პერსონალი უნდა მორჩეს. აქ მხოლოდ ექიმები არა, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, ასევე საავადმყოფოებში მომუშავე პერსონალი იგულისხმება. ჩვენი გეგმის მიხედვით, შემდგომ მოდიან, მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცები და მათი მომვლელი პერსონალი, შედეგ 75 და 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები და ა.შ. რაც შეეხება შედეგ პარტიებს, ალბათ იცით, რომ “კოვაქსთან”კონტრაქტი გარანტირებული გვაქვს მილიონ ოთხასი ათას დოზაზე, ანუ ეს 700 ათასი ადამიანის აცრისთვის საკმარი რაოდენობაა. შემდეგი პრიორიტეტები კი, როგორც მოგახსენეთ არის 75-65 წელს ზემოთ ადამიანები, შემდეგ 55 წელს ზემოთ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ასევე განსაკუთრებული ჯგუფები - მასწავლებლები, პოლიცია, ჯარი და ა.შ. და შემდეგ უკვე 18 წლის ზემოთ მოსახლეობა. ასეთია დაახლოებითი რიგითობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან გამყრელიძე.
“კოვაქსიდან 700 ათასი ადამიანისთვის განკუთვნილი ვაქცინაა. ასევე ჩვენ ვმუშაობთ, რომ წლის განმავლობაში კიდევ დამატებით ვაქცინების დაახლოებით ორ მილიონ ნახევარი დოზა იქნას შემოტანილი, რომ სამიზნე რაც გვაქვს, მოზრდილების 60%. ავცრათ. ეს ამ წელზეა გაწერილი, მაგრამ “კოვაქსს” ხელშეკრულება 2 მილიარდ დოზაზე აქვს და ხელშეკრულებები კიდევ ფორმდება მილიარდ ნახევარ დოზაზე, რომელიც იმ ქვეყნებს შორის უნდა განაწილდეს, რომლების ამ პლატფორმაზე არიან. მაგრამ ამავე დროს ჩვენ პარალელურად ვაქცინების მწარმოებლებთან და სხვადასხვა ქვეყნებთან ვმუშაობთ, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებთან, რომელთაც მეტობით აქვთ ნაყიდი, რომ შესაბამისი დათმობა იქნეს და ვფიქრობ, რომ სადღაც აპრილის ბოლოდან ან მაისიდან ვაქცინების საკმაო რაოდენობა იქნება, როგორც კოვაქსზე, ისე ამ ბილატერალური შეთანხმებებით, რომ თანდათანობით აცრის ტემპი გავაფართოვოთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ეს მილიონ 400 ათასი დოზა გარანტირებულია, რომელზეც ხელშეკრულება არსებობს, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ, ამ გარანტირებულიდან პირველი 30 ათასამდე პლიუს სამასი ათასამდე ეს გრაფიკი ვიცით, შესაბამისად შემდგომი მოწოდებების გრაფიკი დაზუსტდება... მოსახლეობაში სხვადასხვა გამოკითხვებით 40-45% სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ჯერ კიდევ არიან. ჩვენ ეს ადამიანები უნდა დავარწმუნოთ, რომ აცრა და ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ყველაზე მძლავრი იარაღია. ამიტომ წელს მოზრდილი მოსახლეობის 60% თუ ავცერით, ეს 1 670 000-მდე ადამიანია, ჩვენ საკმაოდ კარგ იმუნურ ფენას შევქმნით. ამიტომაც რა თქმა უნდა უმაღლესი თანამდებობის პირები, ვფიქრობ, რომ საჩვენებლად აიცრებიან. მე სიამოვნებით ავიცრები. ვინც კორონავირუსული ინფექცია გადაიტანა, ისინიც უნდა აიცრან, მაგრამ ხელი რომ არ შევუშალოთ, ჩვენ დაშვება გავაკეთეთ, რომ კოვიდგადატანილები სამი თვის შემდეგ აიცრან. ჩვენ, ვინც ვირუსი გადავიტანეთ, გარკვეული იმუნიტეტი გვაქვს, ხელმეორე ინფიცირების ნაკლები ალბათობაა. იმედი მაქვს, რომ საჩვენებლად მაღალი თანამდებობის პირები აიცრებიან”, - ამბობს ამირან გამყრელიძე.
“თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცეცვაძის განცხადებით, კი ვაქცინის პირველი პარტიის მიღება საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის დასასრულის დასაწყისია. როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, ქვეყანაში უკვე შემუშავებული და დამტკიცებულია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასრუქტურა და კვალიფიციური მედპერსონალი, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოდ და შეფერხებების გარეშე წარიმართოს”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი