მკერდის კიბოს განკურნების ახალმა მეთოდმა დადებითი შედეგი აჩვენა
დიდ ბრიტანეთში, ონკოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მედიკოსებმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად მკერდის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი გამოცადეს, რამაც დადებითი შედეგი აჩვენა. New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა Olaparib-ის სახელით ცნობილი მედიკამენტის გამოყენება გადაწყვიტეს, რომელიც ექსპერიმენტის მონაწილე ქალებს ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში დაუნიშნეს. მკერდის სიმსივნე BRCA1 და BRCA2 გენების მუტაციით არის გამოწვეული, ხშირად მწვავე ფორმით ვლინდება და განკურნების მიუხედავად ზოგჯერ ხელახლა იჩენს თავს. ცდის დროს გამოყენებული პრეპარატი სიმსივნურ უჯრედებს დნმ-ის აღდგენის საშუალებას არ აძლევს, რასაც მოლეკულის PARP შესუსტების გზით აღწევს. შედეგად, კიბოს უჯრედები სიცოცხლისუნარიანობას კარგავენ და ფუნდამენტურად ნადგურდებიან.
ორწლინახევრიანი ექსპერიმენტის შედეგებმა Olaparib-ის ეფექტიანობა დაამტკიცა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული მედიკამენტის წყალობით 921 ცდისპირიდან 85.9% სრულად განიკურნა. იმ პაციენტებში კი, რომლებმაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღეს, ამ მაჩვენებელმა 77% შეადგინა. კვლევის პარამეტრებმა აჩვენა, რომ კიბოს დაბრუნების რისკი ჯამში 42%-ით შემცირდა. ანალოგიური მონაცემები დაფიქსირდა ორგანიზმში მეტასტაზების გავრცელების მხრივაც.
მიღებულ შედეგებს მეცნიერები იმედისმომცემად აფასებენ, მათი თქმით, ეს მკერდის კიბოს დამარცხებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
