შეასრულებს თუ არა “ომიკრონი” “ბუნებრივი ვაქცინის” როლს და დააჩქარებს თუ არა პანდემიის დასასრულს?

“სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ “ომიკრონი” სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ და ეს დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიის განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება.

ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახალი სამხრეთ აფრიკული შტამი მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ რეინფიცირების რისკი მაღალი აქვს, რის გამოც შესაძლოა ერთგვარი ბუნებრივი ვაქცინის როლიც შეასრულოს. იყო იმის ვარაუდიც, რომ შესაძლოა “ომიკრონს” უკვე არსებული ვაქცინები ვერ გამკლავებოდნენ, რის გამოც გიგანტმა ფარმაცეპტულმა კომპანიებმა პრეპარატის ახალი ვარიანტის შემუშავება დაიწყეს, თუმცაღა, “ბიონტექი” და “პფაიზერი” თავის ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მათი ვაქცინით სამჯერადად აცრა “ომიკრონ”ვარიანტს ანეიტრალებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეასრულებს თუ არა “ომიკრონი” “ბუნებრივი ვაქცინის” როლს და დააჩქარებს თუ არა პანდემიის დასასრულს?

“საკითხზე რატომ არის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები “ომიკრონზე” და რამდენად შეიძლება, რომ მართლაც ბუნებრივი ვაქცინის როლი შეასრულოს, ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ ახალ შტამზე ბოლომდე ინფორმაცია ჯერ ცნობილი არაა. ამიტომაც მის კლინიკურ მიმდინარეობაზე მტკიცებით საუბარი ჯერ ნაადრევია. მისივე თქმით, ამ შტამის შედეგად განვითარებულ ავადმყოფობას თუ მსუბუქი მიმდინარეობა ექნება და სწრაფად გავრცელებადი იქნება, შესაძლოა ბუნებრივ ვაქცინადაც ჩაითვალოს, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული მოსაზრებებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმიტომაა “ომიკრონზე” ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ცნობები, რომ ჯერ ბოლომდე ინფორმაცია ცნობილი არაა. მოგეხსენებათ, რომ ეს შტამი ფართოდ გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში და რამდენიმე ქვეყანაში, ხოლო გარეთ და სხვა კონტინენტებზე ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული. როცა ასე ცოტა შემთხვევაა, კლინიკურ მიმდინარეობაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, თუ რამდენად მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. ამიტომაცაა ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებებიც. ჩემი აზრით, ორ-სამ კვირაში გვეცოდინება, თუ “ომიკრონს” რამდენად აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს, უშუალოდ სამხრეთ აფრიკელ ექიმებს თუ დავეყრდნობით, ისინი ამბობენ, რომ მას მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი კვლევის შედეგი და მცირე დროში გამოტანილი დასკვნაა, საბოლოო შეფასებისთვის კი დროა საჭირო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ მას უფრო ადვილად გავრცელება ახასიათებს, ასევე შესაძლოა მაღალ პროცენტში რეინფიცირება, ანუ ადამიანი ხელმეორედ რომ დააინფიციროს და თუ ამასთან მსუბუქი მიმდინარეობის აღმოჩნდა, გამოვა, რომ ბუნებრივი ვაქცინის როლიც ექნება, რადგან “ომიკრონით” გამოწვეულ დაავადებას სწრაფად გადაიტანენ და ისინი რაღაც პერიოდის განმავლობაში იმუნიზირებულები იქნებიან. ამის შედეგად ბევრი იმუნიზირებული ადამიანი დაგროვდება და შესაბამისად, პანდემიაც ისე აგრესიულად არ წარიმართება. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა, ამაზე ორიენტირება და აქცენტის გაკეთება არ შეიძლება და ჩვენ იმუნიტეტი ვაქცინაციით უნდა შევიძინოთ, რომ „ომიკრონის" და სხვა შტამები თავიდან ავიცილოთ. თუ “ომიკრონს” სწრაფად გავრცელება ახასიათებს, როგორც „დელტას", რა თქმა უნდა, ის ჩვენ პრობლემას შეგვიქმნის და ზამთარი საკმაოდ მძიმე გვექნება, რადგან ინფიცირებულების რაოდენობა მოიმატებს და პრობლემები შესაძლოა კიდევ უფრო გამძაფრდეს - გადაივსება კლინიკები, მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზრდება და მოიმატებს სიკვდილიანობა. მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი რთულია”, - დასძენს გოგინავა.

წაკითხვა 332 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.