გამოიწვევს თუ არა “ომიკრონის” მასობრივი გავრცელება მკაცრი შეზღუდვების შემოღებას
“საქართველოში “ომიკრონ” შტამის 2 შემთხვევა ორშაბათს დაფიქსირდა - ორ დღეში უკვე რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.
ისინი ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობისაა, თუმცა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროებაც შეიქმნას. ბოლო კვლევებით, ამ შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობა დაეცა, ასევე, რეინფიცირების რისკიც დიდია, ასეთი სწრაფი გავრცელების პირობებში კი, ექიმები გამოსავალს ისევ სოციალურ დისტანციაში, ვაქცინაციასა და პირბადის ინტენსიურად ტარებაში ხედავენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ცუდი სცენარის პირობებში ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებს დაუბრუნდეს. იმის გამო რომ ვირუსი ასე სწრაფად ვრცელდება, ევროპის ქვეყნები შეზღუდვებს ხელახლა აწესებენ, უქმდება საახალწლო ღონისძიებები, სავალდებულო ხდება დისტანციურ რეჟიმში მუშაობა. ამ მხრივ საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არაფერს გეგმავს, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ რთული სცენარის პირობებში შეზღუდვები ისევ დაბრუნდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გამოიწვევს თუ არა “ომიკრონის” მასობრივი გავრცელება მკაცრი შეზღუდვების შემოღებას.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი ჰანს კლუგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ “ომიკრონ” ვარიანტის გავრცელების გამო კოვიდ-19-ის შემთხვევების “მნიშვნელოვანი ზრდისთვის” მოემზადონ. მისივე თქმით, “ომიკრონი” ახლა დომინანტური ვარიანტია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ინგლისში, პორტუგალიასა და დანიაში. ”მთავრობებმა და ხელისუფლებებმა უნდა მოამზადონ რეაგირების სისტემები შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისთვის. ვაქცინები რჩება საუკეთესო საშუალებად მძიმე დაავადებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად”, - აღნიშნა კლუგემ. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი აცხადებს. რომ იმ ადამიანებს, რომლებიც სრულად არ არიან ვაქცინირებული, “ომიკრონ” ვარიანტის გავრცელების გამო შეშფოთების საფუძვლიანი მიზეზი აქვთ. “თუ თქვენ იმ ამერიკელებს მიეკუთვნებით, ვინც სრულად არის აცრილი და განსაკუთრებით, თუ თქვენ მიიღეთ “ბუსტერ”, მესამე დოზა, შეშფოთების გაცილებით ნაკლები მიზეზი გაქვთ”, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომლის თქმით, ასეთ ადამიანებს აქვთ მაღალი ხარისხის დაცვა მძიმე ავადმყოფობისგან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება საქართველოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ოთხშაბათის მდგომარეობით საქართველოში “ომიკრონის” 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, “ომიკრონის” შტამს, ძირითადად მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა გამორიცხული არ არის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ასევე, შესაძლებელია არასახარბიელო გამოსავალიც დადგეს. მისივე განმარტებით, დადასტურებული შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება იანვრის მეორე ნახევარში, 15 იანვრის შემდეგ არის მოსალოდნელი. “ომიკრონის” სწრაფი გავრცელების პირობებში რამდენად გველოდება ისევ ის სცენარი, რომ მკაცრი შეზღუდვები ისევ დაბრუნდეს და საზოგადოება სახლში გამოიკეტოს - აღნიშნულ საკითხზე საუბრისას “რეზონანსთან” მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ეს სცენარი არ გველოდება”, - განაგრძობს გამოცემა.
“ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი აიცრება და იმუნური ფენის ჩამოყალიბებას მივაღწევთ თუ არა. თუ ადამიანები სოციალურ დისტანციას დაიცავენ, არ იქნება მიტინგები, არ აღნიშნავენ ქორწილებს, დაბადების დღეებს, ნათლობებს და ამგვარ შეკრებებს, მაშინ ამგვარი ჩაკეტვა არ გვემუქრება. მაგრამ, თუ ადამიანთა უგუნურებამ შესაძლოა სახელმწიფო იძულებული გახადოს და იქამდე მიიყვანოს, რომ ჩაკეტოს. “ომიკრონის” ვირუსმა ორჯერ მეტი მუტაცია გაიარა და უფრო ბევრად გაძლიერდა და გადამცემლობა აქვს ათჯერ უფრო მეტი, ვიდრე “დელტას”, რომელსაც ათჯერ უფრო მეტი გადამცემლობა ჰქონდა ვიდრე უხანის ვირუსს. ამიტომ, ჩვენ ბრძოლის ერთადერთ მეთოდად ისევ ეპიდემიოლოგიური თავდაცვა რჩება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.
“დაინფიცირება მძიმე ფორმებს არ ნიშნავს, თუ მძიმე ფორმები იქნება, ქვეყანას პრობლემები მაშინ შეექმნება, თორემ გრიპი მილიონობით ადამიანს ემართებოდა და სააავადმყოფოში მასიურად არავინ გარბოდა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ასაკი აქვთ და თანმხლები დაავადებები, მაქსიმალურად აცრილები და იზოლირებულები უნდა იყვნენ. ხშირად ასეა ხოლმე, რომ თუ ინფიცირების მაღალი დონეა ვირუსი ნაკლებად ლეტალურია ხოლმე, თუმცა ეს „ომიკრონის შემთხვევაში ჯერ არ ვიცით რა მოხდება. ზოგი ამბობს, რომ თუ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა, საველე ჰოსპირტლებს გავხსნითო, მაგრამ ამას ექიმები ხომ უნდა, მარტო პალატის გახსნა არ შეველის. ყოველ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიურად დავიცავთ თავს, ამ პრობლემისგან ბევრად უფრო ადვილად გამოვძვრებით”, - მიიჩნევს ხმალაძე.
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველდღიურად, 60 წელს ზემოთ 2500 ადამიანი იცრება, მისი თქმით, წახალისების მექანიზმის ამოქმედებიდან 9 ნოემბრიდან-დღემდე, ჯამში, 60 წელს ზემოთ 103 ათასი მოქალაქეა აცრილი. ექიმ-ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი ნიღაბი, დისტანცია და ვაქცინაციაა, “ომიკრონის” პირობებში კი აუცრელ და ვირუსგადაუტანელ ადამიანებში ყველაზე სარისკო ჯგუფი 60 წელს გადაცილებული ადამიანებია. ჯანდაცვის ექსპერტ ზაზა წერეთლის ინფორმაციით, გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ მონოკლონური ანტისხეულები, რაც “დელტას” დროს ძალიან წარმატებულია, “ომიკრონის” შემთხვევაში ვერაფერს აკეთებს - “ფაიზერის” და “მოდერნას” ეფექტიანობა კი 40%-მდე დაეცა. მისივე ინფორმაციით, ვინც ვირუსი გადაიტანა, თუმცა ვაქცინირებული არაა, მათთვის “ომიკრონის” შტამის შემთხვევაში კორონავირუსისგან დაცვის მაჩვენებელი მხოლოდ 5%-მდეა”, - დასძენს გამოცემა.
“ამდენი დაავადებული რომ იქნება, გაიზრდება ჰოსპიტალიზაცია და არაა გასაკვირი სიკვდილიანობაც გაიზარდოს. კანადელებმა გააკეთეს მოდელირება და აჩვენეს, რომ როდესაც ვირუსი 3-4-ჯერ სწრაფად ვრცელდება, 10-ჯერ სუსტიც რომ იყოს, ორი კვირის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას იგივე ეფექტი აქვს, როგორც ძლიერ შტამს. თქვეს, რომ ორი დოზის შემდეგ “ომიკრონს” შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს - მაგალითად “ფაიზერის” და “მოდერნას” ეფექტიანობა 40%-მდე დაეცა დაინფიცირების თვალსაზრისით. ამავე დროს აჩვენეს, რომ 5%-მდეა დაცემული დაცვა, თუ გადატანილი გაქვთ “ბეტა” ან “დელტა” შტამი და აცრილი არ ხართ. “ომიკრონმა” აჩვენა, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ვირუსი გადაიტანეთ, მაინც უნდა აიცრათ”, - დაასკვნის ზაზა წერეთელი.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში