"მედიკამენტები, რომლებიც თურქეთში 5 ლარი ღირს, საქართველოში 10-ჯერ მეტ ფასად იყიდება" - ჯანდაცვის მინისტრი
მედიკამენტები, რომლებიც თურქეთში 5 ლარი ღირს, საქართველოში სხვა ქვეყნის წარმოებული, მაგრამ იგივე ბრენდით და დასახელებით 10-ჯერ მეტ ფასად იყიდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში მედიკამენტები უნდა გაიაფდეს.
„რამდენიმე თვის წინ კონკურენციის სააგენტოს პრემიერის დავალებით დაევალა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ბაზრის მოკვლევა, მიმოხილვა და იმ ნიუანსების გავლა, რაც მედიკამენტების ფასების კლების კუთხით შეიძლება გაკეთებულიყო ქვეყანაში. ერთ-ერთი საკითხი იყო თურქეთის გახსნის საკითხი. იყო 13 რეკომენდაცია. პირველ ეტაპზე სასწრაფოდ ჩავთვალეთ თურქეთის ბაზრის გახსნა. სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიებისგან მოძიებული ინფორმაციით არის 200-მდე მედიკამენტი, რომლის ფასის მარჟა ადის 1000%-ზე. ამ 200 მედიკამენტში არის მედიკამენტები, რომელიც თურქეთში 5 ლარი ღირს, საქართველოში სხვა ქვეყნის წარმოებული, მაგრამ იგივე ბრენდით და დასახელებით იყიდება 10-ჯერ მეტ ფასად. ამიტომ მედიკამენტები მცირე რაოდენობით, ჩანთებით შემოჰქონდათ, ან აბარებდნენ მედიკამენტების ჩამოტანას. ზუსტად იგივე დასახელების მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში 10-ჯერ იაფი ღირს იქ. რადგან ფასწარმოქმნის დროს ძირითადი ფასი გამომდინარეობს იქიდან, რაც ღირს მედიკამენტი იმპორტირებულ ქვეყანაში, ამას მერე ემატება ფარმაცევტული მარჟა. აქედან გამომდინარე, მედიკამენტებზე ფასი საქართველოში უნდა გაიაფდეს“, - განაცხადა აზარაშვილმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, 200 მედიკამენტი მთავრობამ სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად გამოიყენა და არასწორია ინფორმაცია, რომ თურქეთის ბაზარი მხოლოდ 200 მედიკამენტისთვის იხსნება.
„სრულად გაიხსნა თურქეთის ბაზარი. იმ ხარისხით, რა ხარისხსაც ჩვენ მოვითხოვთ, GMP სერტიფიკატებით შემოვა მედიკამენტები. ეს იქნება 200, 500 თუ 1000 მედიკამენტი, ამას ბაზარი გვაჩვენებს. ჩვენ არ გაგვიხსნია 200 მედიკამენტისთვის, ბაზარი გავხსენით მთლიანად ისევე, როგორც 2009 წლის შემდეგ არის გახსნილი 40-მდე ქვეყნისთვის. ბოლოს დაემატა ისრაელი, ხორვატია და ასევე დაემატა თურქეთი. არავითარი განსხვავებული რეჟიმი თურქეთისთვის არ იმოქმედებს. 1-ელი იანვრიდან 2022 წლის ბოლომდე ადგილობრივ მწარმოებლები ვალდებულები არიან შეესაბამებოდნენ GMP სტანდარტს. ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს დაეხმაროს ადგილობრივ მწარმოებლებს ამ სერტიფიკატის მიღებაში. იმპორტის შემთხვევაში ეს კანონპროექტი დამუშავების პროცესშია და შესაძლოა, მომდევნო მთავრობის სხდომაზე უკვე გამოვიტანოთ. იმპორტის შემთხვევაშიც აუცილებლად მოვითხოვთ GMP სტანდარტის სერტიფიკატებს. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ როგორც ადგილობრივი მწარმოებლები, ასევე იმპორტიორები თანაბარ პირობებში იყვნენ და არ ჰქონდეთ იმპორტიორებს უპირატესობა“, - განაცხადა აზარაშვილმა.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი