"სწორი მართვა და აცრების რაოდენობის ზრდა თუ გაგრძელდება, საქართველო გაზაფხულს ნაკლებად, მაგრამ ზაფხულს ნამდვილად მშვიდად შეხვდება "

დარწმუნებით ძნელია თქმა, რომ პიკმა გადაიარა, მაგრამ სტაბილიზაცია შეინიშნება, – ამის შესახებ ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, „კოვიდ 19“-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ომიკრონზე“ მცდარი შეხედულება ვრცელდება, რომ ის ძალიან მსუბუქია.

 

„ის შედარებით მსუბუქია, ვიდრე „დელტა“ შტამი, მაგრამ არც ისე მსუბუქი, როგორც ზოგიერთს ჰგონია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ვლინდება თუ არა ომიკრონით ინფიცირების დროს ცალკეულ შემთხვევებში ფილტვების დაზიანება, რადგან დადგენილია, რომ ის ძირითადად, ზედა სასუნთქ გზებს არ სცდება, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მართალია, ომიკრონის შემთხვევაში ფილტვების დაზიანება უფრო იშვიათად არის, ვიდრე „დელტა“ შტამის დროს, მაგრამ ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, არის.

 

„მარტო ზედა სასუნთქი გზების ინფექციით აშშ-ში ყოველდღე, დაახლოებით, 3 000 ადამიანი არ დაიღუპებოდა. ომიკრონი შედარებით მსუბუქია, უფრო ხშირად იწვევს ზედა სასუნთქი გზების დაზიანებას, მაგრამ მას შეუძლია, გამოიწვიოს პნევმონიაც და შეუძლია, გამოიწვიოს ყველა ის გართულება, რომელსაც „დელტა“ შტამი იწვევდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

მისი თქმით, საქართველოში ახლა ცირკულირებს ომიკრონის ორი ტიპი, „ბი-ეი-1“ და „ბი-ეი-2“.

 

„ბი-ეი-2“ იმდენად განსხვავდება „ბი-ეი-1“-სგან, რომ ფაქტობრივად, სხვა შტამია. ქვეშტამია, მაგრამ მაინც სხვა შტამია. ვისაც „ბი-ეი-1“ დაემართა, ის შეიძლება, „ბი-ეი-2“ -ით დაინფიცირდეს, მაგრამ ვინც „ბი-ეი-2“ გადაიტანა, ის „ბი-ეი-2“-ით არ დაინფიცირდება, ან ძალიან იშვიათად დაინფიცირდება. საქართველოში ახლა სჭარბობს „ბი-ეი-2“ და არა „ბი-ეი-1“, ეს ყველამ იცოდეს. „ბი-ეი-2“ არის ერთნახევარჯერ უფრო გადამდები, ვიდრე „ბი-ეი-1“. ფაქტიურად, „ბი-ეი-2“ ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე არსებული ყველაზე გადამდები შტამი. რაც შეეხება სიმძიმეს, ის ისეთივე სიმძიმის დაავადებას იწვევს, როგორსაც “ბი-ეი-1“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

თამთა სანიკიძის კითხვაზე, იყო თუ არა იზოლაციისა და კარანტინის ვადების შემცირება ნაჩქარევი, მით უმეტეს, ვირუსის ასე მასობრივად გავრცელების ფონზე, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ შემსუბუქება ჯერ აშშ-მა მიიღო, შემდეგ ევროპის ქვეყნებმა და ბოლოს საქართველომ.

 

„ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა, მერე იტყოდნენ, აი, მთელმა მსოფლიომ გააკეთა და საქართველომ არ გააკეთაო. რა თქმა უნდა, ამ შემსუბუქებებს თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ომიკრონის მასობრივმა გავრცელებამ გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება თანამშრომლების გარეშე დარჩა. მაგალითად, ექიმები, სამხედრო მუშაკები, ფინანსისტები და სხვა. ერთი პერიოდი, როცა აშშ-ში ომიკრონის გავრცელების პიკი იყო, ნიუ-იორკში მეტრო გაჩერდა, რადგან საკმარისი თანამშრომლები არ ჰყავდათ. ვფიქრობ, ეს შემსუბუქება გამართლებულია. მსუბუქ და უსიმპტომო შემთხვევებში, ძალიან დიდი ალბათობით, შვიდი დღის მერე ის გადამდები არ არის, მით უმეტეს, არის მკაცრი რეკომენდაცია შვიდი დღის მერე ხუთი დღე პირბადის ტარების“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კითხვაზე, როგორი გაზაფხული ექნება საქართველოს და შესაძლებელია თუ არა, ცხოვრების მეტ-ნაკლებად ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, თუ სწორი მართვა და აცრების რაოდენობის ზრდა გაგრძელდება, საქართველო გაზაფხულზე ნაკლებად, მაგრამ ზაფხულს ნამდვილად მშვიდად შეხვდება.

წაკითხვა 423 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.