"ბაიკიას" ფერების ნაზი შეხამება- სასურველი შენაძენი ქალბატონებისთვის

ღია ვარდისფერი, იისფერი, ცისფერი – ფერების თბილი და ნაზი შეხამება...

ნივთები, რომლებიც ყველა სეზონს უხდება. „ერთი ნახვით შეყვარების“ თუ გჯერათ, სწორედ ის მომენტია... პოლიმერული თიხით დამზადებული თმის სამაგრები, ბროშები, გულსაკიდები, საყურეები დანახვისთანავე გიპყრობს და აღფრთოვანებას ვერ მალავ.... თითოეულს თავისი ხასიათი აქვს და ამით გხიბლავს.

 

„ბაიკია“ სოციალურ ქსელში ერთ–ერთი პოპულარული ინტერნეტ მაღაზიაა, სადაც შგიძლიათ თქვენი თავი (ასევე მეგობრები) სასურველი შენაძენით გაანებივროთ.  ყველა ნივთი თავისი დეტალით უნიკალური და ინდივიდუალურია.

 

როგორ შეიქმნა „ბაიკია“, ამის შესახებ FirstNews.ge-ს მისი დამფუძნებელი გვანცა ხუციშვილი ესაუბრა:

 

პროფესიით - აღმოსავლეთმცოდნე (არაბისტი) ვარ,  9 წელი  ბანკში ვიმუშავე, შემდეგ - კი  თიხა აღმოვაჩინე.  ამჟამად მთელი ჩემი დრო ოჯახსა და „ბაიკიას“ეკუთვნის.

 

ყოველთვის მომწონდა და მიტაცებდა სხვადასხვა ნივთების შექმნა. ბაბუა მხატვარ-მოქანდაკე იყო და როგორც ჩანს ნიჭი გენეტიკურად გამომყვა, რადგან ამ სფეროში სპეციალური  განათლება არ მიმიღია. თიხა სამი წლის წინ ინტერნეტის საშუალებით აღმოვაჩინე.  სურვილი გამიჩნდა, რომ მეცადა და მას შემდეგ ჩემ  საყვარელ საქმიანობად იქცა.

 

- რამ გიბიძგათ, რომ მსგავსი სახის ნივთები შეგექმნათ?


- ჩემს მიერ შექმნილი ნივთების უმეტესობა ქალბატონებზეა გათვლილი და ძირითადად თმის სამაგერებს, ბროშებს, გულსაკიდებს, საყურეებსა და ბეჭდებს მოიცავს. ასევე ვამზადებ ნაძვის ხის სათამაშოებს, სანიშნებს, ბრელოკებს. ვინაიდან არ ვიღებ შეკვეთებს, ვამზადებ იმ ნივთებს, რასაც მე თვითონაც სიამოვნებით ვატარებდი.

 

- რის მიხედვით ქმნით/არჩევთ ფერების გამას?

- ზოგადად პოლიმერულ თიხას მდიდარი პალიტრა აქვს, მაგრამ „ბაიკიას“ ნივთები იმითაა გამორჩეული, რომ უკვე არსებულ ფერებს ერთმანეთში ვაზავებ და ვიღებ იმ ფერს, რომელიც ჩემთან უფრო ახლოსაა. ეს პროცესიც საკმაოდ შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს. მთავარი მაინც იმ შედეგზე გასვლაა, რაც მინდა და რაც შემდეგ სხვებსაც ხიბლავს.

 

collageდდდდ

 

- აღგვიწერეთ კონკრეტულ ნივთზე მუშაობის პროცესი...


-სამუშაოდ ვიყენებ გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის პოლიმერულ თიხას, რომელსაც გამოძერწვის შემდეგ გამოწვა სჭირდება. მისი დადებითი თვისებაა ის, რომ  საკმაოდ მსუბუქია, გამოწვის შემდეგ ადვილად  არ იმსხვრევა და გარკვეულ დრეკადობას ინარჩუნებს. თიხაზე მუშაობა საკმაოდ რთული პროცესია, დეტალებზე კონცეტრაციასა და დიდ ენერგიას მოითხოვს.

 

- რა ემოციები გიჩნდებათ კონკრეტულ ნივთზე მუშაობისას?

- ვმუშაობ ესკიზის გარეშე, ამიტომ ძერწვის პროცესში მიწევს ყვავილების ფორმისა და ფერის ერთმანეთთან შეხამება, რაც ძალიან საინტერესოა და სასიამოვნოა.


კიდევ უფრო სასიამოვნოა და საამაყოა, როდესაც შენაძენის მიღების შემდეგ მწერენ,  რომ ჩემმა შექმნილმა ნივთმა მოლოდინს გადააჭარბა, როცა ქუჩაში მათთვის უცნობი ადამიანები აჩერებენ და გამოხატავენ აღტაცებას „ბაიკიას“ ნივთებზე. შექება ჩემთვის ყველაზე კარგი მოტივატორია.

 

- რატომ სახელწოდება „ბაიკია“?

- ჩემი პატარა გოგონა ლილე ყვავილებს ბაიკიას ეძახდა. ჩემი ნამუშევრების უმეტესობა კი ყვავილების კომპოზიციებისგან შედგება. სახელის შერჩევაზეც ბევრი აღარ მიფიქრია და ასე დაიბადა „ბაიკია“.

 

- განსაკუთრებით, თქვენი, რომელი ნამუშევარი მოგწონთ?

- რთულია რომელიმე ნივთის კონკრეტულად გამორჩევა, დღეს შეიძლება ერთი მომწონდეს, ხვალ მეორე.

 

-თქვენი ოცნების შესახებ მოგვიყევით და უკავშირდება თუ არა ეს „ბაიკიას“?

- ძალიან მინდა „ბაიკია“ დარჩეს საყვარელ და სასურველ შენაძენად, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ძალღონეს არ დავიშურებ.

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 6831 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 22 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.