„მტრების“ რეჟისორი გიორგი ღაჭავა მოსკოვში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ ფილმის გადასაღებად მიიწვიეს
ომი და სიკვდილი გვერდიგვერდ ცხოვრობენ - ეს ომის კანონია, მაგრამ ფილმის მთავარი ხაზი ადამიანობაა - ასეთი შესავალი გააკეთა ჩვენი პირველი შეხვედრისას, „მტრების“ რეჟისორმა გიორგი ღაჭავამ, როდესაც მის ფილმზე საუბარი დავიწყეთ.
ფილმის სიღრმეებში შესვლისას აშკარად ჩანს, რომ ოსი მოხუცის სიბრძნე და თავშეკავებული დიალოგი მომავლის გაკვეთილია, ხოლო საზოგადოდ შეცდომების აღიარება - ღირსების ნიშანი. სწორედ ასეთი პათოსით გვატარებს რეჟისორი ფილმის ნახვისას ომის ლაბირინთებში, სადაც ფრონტის ხაზი, მხოლოდ ორ დაპირისპირებულ ადამიანს შორის გადის.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხელოვნურად მტრად ქცეული, ორი მამაკაცის საუბარში, არასწორი პოლიტკის შედეგად მიღებულ ტკვილს და უიმედობას ვეხებით. რეჟისორი საუბრით გვასმენინებს ტყვიების ზუზუნს და გვანახებს ომისგან განადგურებულ ქალაქს, ფაქიზად გვახებს მამაშვილობას და სტუმარმასპინძლობას, რაც ასე დამახასიათებელია კავკასიელებისთვის. ასეთია რეჟისორ გიორგი ღაჭავას ფილმის რეალური სახე და ომის ფსიქოლოგია ფილმში „მტრები“.
- ვინ არის გიორგი ღაჭავა?
- (იცინის). ძნელია საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია - როდესაც დამოუკიდებელი კინოს სფეროში გადმოვინაცვლე, ჩემი მიზანი, ისეთი თემების განხილვა გახდა, რაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი უახლოესი წარსულის კიდევ ერთხელ შეფასების საშუალებას მისცემდა, ხოლო ჩვენს ახალგაზრდობას, რომელთა უმრავლესობას მწირი ცოდნა აქვს კონფლიქტების წარმოშობის მიზეზებზე, მეტ ინფორმაციას მიაწვდიდა.
- რას საქმიანობდით მანამდე ვიდრე ხელოვნების წიაღსვლებში აღმოჩნდებოდით?
- განათლებით ეკონომისტი ვარ. 25 წელი ვიმუშავე საფინანსო ინსტიტუტებში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. უფრო მოკლედ - ფინანსური მენეჯერი გახლავართ.
- რამ გადაგაწყვეტინათ ომის თემატიკაზე ფილმის გადაღება?
- მოგეხსენებათ, ფილმი რეალური ამბით გახლავთ ინსპირირებული. ფილმი გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულია. ეს ამბავი პირადად შემემთხვა აფხაზეთში, როდესაც ჭურვის აფეთქების გამო, 85 წლის აფხაზთან ერთად აღმოვჩნდი ჩახერგილი. ამ ისტორიამ ძალზედ დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემში. როცა შემოქმედებაში გადავინაცვლე, პირველ რიგში, ამ ყველაფრის ეკრანიზაცია მოვინდომე.
- ანუ პაციფისტი გახდით?
- არავითარ შემთხვევაში. პაციფიზმი ნებისმიერი სახის საომარ ვითარებაში მონაწილეობას უარყოფს. მე კი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღის გამოყენების სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტყუანები, ჩვენი ავტონომიები კი მართლები არიან. უბრალოდ, მაგიდასთან დაჯდომას და მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩემთვის აფხაზეთი, სამაჩაბლო, მხოლოდ ტერიტორიები არ არის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნოსები გახლავთ.
- როგორც დაანონსდა, დაპატიჟებული ხართ ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავზე. ამასთან დაკავშირებით კითხვა გამიჩნდა - რუსეთი თქვენთვის ოკუპანტი ქვეყანაა?
- ფაშიზმზე გამარჯვების არცერთ წლისთავზე ჩამსვლელი არ ვარ მოსკოვში. რაც შეეხება ბოლო კითხვას - დიახ, რუსეთი ოკუპანტია. თუმცა, ამის ყოველდღიური დეკლარირება, შთაბეჭდილებას მიქმნის, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, დღევანდელი ყოფა, მხოლოდ სხვა ქვეყნის ბრალია. ეს გარემოება რომ არა, მინიმუმ გერმანია ვიქნებოდით.
დღეს ერთგვარი მოდად იქცა რუსეთის გინება. დააკვირდით, როგორ თავისუფლად ინათლებიან სამშობლოს მოღალატეებად, ადამიანები, ანსამბლები, მეცნიერები, ყველა, ვინც კი რუსეთში მიდის და იქ მოღვაწეობას იწყებს. ჩემი აზრით, შენი სათქმელი ყველგან შეიძლება თქვა.
საერთოდ ყველაზე საშიში მოვლენაა, როდესაც ადამიანი, ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, თავის შავბნელ, ანტისახელმწიფოებრივ, ძირგამომთხრელ საქმიანობას, პატრიოტიზმს ან თუნდაც რელიგიას ამოფარებული ახორციელებს.
- არ შემიძლია ერთ თემას არ შევეხო - ერთ ერთ რუსულ გამოცემში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ფილმის რეჟისორად მიგიწვიეს.
- დიახ, გიდასტურებთ, ფილმის გადასაღებად ნამდვილად მიმიწვიეს, ფილმი ომის თემაზეა.
- ანუ აპირებთ თანამშრომლობას რუსებთან?
- ... ჯერ სცენარს განვიხილავ.
- „მტრები“ მშვიდობაზეა თუ ომზე?
- ჩემი ღრმა რწმენით, ფილმი ადამიანობაზეა. ეს გახლავთ მთავარი ხაზი. ომი რთული გამოცდაა ადამიანისთვის. უმეტესობა ვერ უძლებს - ადამიანურ თვისებებს კარგავს და ნადირად იქცევა. მხოლოდ ერთეულები ახერხებენ, ომისთვის დამახასიათებელი სისასტიკის პირობებშიც კი, ადამიანებად დარჩნენ, ამ სიტყვის ყველაზე ჰუმანური გაგებით.
- თქვენი ფილმის ნახვისას, სიმართლეს გეტყვით, ცრემლი ვერ შევიკავე. თუმცა არ დაგიმალავთ, ფინალური სცენა სხვანაირად წარმომედგინა.
- დიახ, ბევრისგან მოვისმინე ეს აზრი. თუმცა, იქ სადაც ტყვია ვარდება - სამწუხაროდ, ადამიანები კვდებიან. ომი და სიკვდილი ხომ გვერდიგვერდ ცხოვრობენ. ფინალურ სცენაში ამის შეხსენება მინდოდა მაყურებლისთვის.
- მსახიობები რა პრინციპით შეარჩიეთ?
- კასტინგი არ ჩაგვიტარებია. არ დაგიმალავთ, ოსი მოხუცის როლში იმთავითვე ბატონი მიშა გომიაშვილი მყავდა წარმოდგენილი და არავინ სხვა. სხვათაშორის ბატონმა მიშამ მირჩია, ჯარისკაცის როლზე კახა კინწურაშვილი მესინჯა. ჩემი და მაყურებლის შეფასებითაც, კარგი ტანდემი შედგა.
- ფილმის ძირითადი სიუჟეტი რა არის?
- აგვისტოს ომის პირველ დღეებში, ქართველი ჯარისკაცი იძულებულია სარდაფს შეაფაროს თავი, სადაც ბედის ირონიით ოსი ეროვნების ადამიანთან ერთად აღმოჩნდება სარდაფში გამომწყვდეული.
- გადაღებები სად შედგა და რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე?
- გადაღებებეი ზაფხულში დავიწყეთ. გადასაღებ ადგილად, პავილიონის ნაცვლად, ნამდვილი, უფანჯრო სარდაფი ავირჩიეთ, სადაც 13 დღე 14 საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. ამას დაუმატეთ გაუსაძლისი სიცხე, უჰაერობა. თამამად შემიძლია ვთქვა, გადამღებმა ჯგუფმა პატარა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. თუმცა ღირდა.
- კიდევ რა ბარიერები გადალახეთ გადაღებების დროს?
- როდესაც ფილმს იღებ, მითუმეტეს პირველს, სხვადასხვა სირთულის ბარიერები თანმდევი პროცესია. თუმცა, მთელი ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, ყველა ეს ბარიერი, წარმატებით გადავლახეთ.
- ფაქტებს ვერსად გავექცევით, პირველი ფილმი და მაშინვე დიდი გამოხმაურება, როგორია შედეგები, მონაწილეობთ კონკურსებში?
- ჩემის აზრით საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. რაც შეეხება ფესტივალებს, გავკადნიერდები და ვიტყვი - ოცამდე მოგებული ფესტივალი აზიაში, ევროპაში და შტატებში. 2020 წელიც, ვფიქრობ, საკმაოდ დატვირთული და ახალი გამოწვევებით სავსე გვექნება.
სულ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მქონდა ვიზიტი. ერთ -ერთმა არხმა მიმიწვია, ფილმის გაშვების წინ, საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც შედგა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთ თბილ ვიზიტს, იქ კიდევ ერთხელ იქნა წარმოჩენილი „მტრების“ განსხვავებული სტილი, საკმაოდ ღრმა ანალიზი გაკეთდა. მოგეხსენებათ, იქ მიმდინარე მოვლენები, რამდენად ჰგავს ჩვენსას.
ფილმს სოციალურ მედიაში საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს, ჩვენს მიღწევებს მუდმივად თვალს ადევნებს საზოგადოება და მუდმივად დადებით კონტექსტში განიხილავს, რაც ჩემთვის, ბუნებრივია, მისასალმებელია. უკვე საკმაოდ დაგროვდა ფესტივალებიდან ჩამოტანილი პრიზები და ჯილდოები, დროა საზოგადოებამაც იცოდეს ამის შესახებ.
- სამომავლო გეგმები?
- მაგიდაზე ორი ძალიან საინტერესო სცენარი მიდევს. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ოცნება მაქვს სახსრები მოვიძიო და ფრთები შევასხა ორივე პროექტს, იმედი მაქვს, ოცნება ოცნებად არ დარჩება.
ღიმილით ასრულებს ჩვენთან საინტერესო საუბარს რეჟისორი და ორივე სცენარს ერთიანად იმედით გადაფურცლავს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ხელსაყრელი გარემო ვუსურვოთ გიორგი ღაჭავას ახალი პროექტების განხორციელებაში, წარმატებები სარეჟისორო კარიერაში და ხშირად ვიხილოთ მისი პრემიერები არამხოლოდ ქართულ კინო - სივრცეში.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი