September 3, 2025

“დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი” - გია ხუხაშვილი

“ოპოზიციურ ძალებს შორის სერიოზული უთანხმოებაა ტაქტიკურ საკითხებში, ყველა ცდილობს თავისკენ გადაქაჩოს საბანი. ემოციები ჭარბობს მაშინ, როცა რეალური გეგმა და სტრატეგია არ ჩანს.

ლიდერები ცდილობენ საზოგადოებას საკუთარი “სიმართლე” ხმამაღალი ფრაზებით დაანახონ, მაგრამ საღი ანალიზი უკანა პლანზეა გადაწეული. შედეგიც ნათელია: ოპოზიციის ნაწილი უპირისპირდება ერთმანეთს, “რვიანის” წევრები ვერ თანხმდებიან სტრატეგიაზე, ხოლო “ნაცმოძრაობა” შიდა დაპირისპირებითაა დაკავებული. ბოკუჩავასა და ჩერგოლეიშვილის კონფლიქტი, საჯარო ბრალდებები და პარტიიდან გასვლის მუქარა კიდევ უფრო ასუსტებს ოპოზიციურ ბლოკს. ასეთ ვითარებაში მათი ერთიანობა რეალური საყრდენის გარეშე მხოლოდ ფორმალურია. ამ სისუსტით სარგებლობს “ოცნება”. წლების განმავლობაში ის ახერხებდა საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას ოპოზიციის დისკრედიტაციით, განსაკუთრებით “ნაცმოძრაობის” დემონიზაციით. “ნაციონალების” დემონიზების ეფექტი დღეს შესუსტებულია, მაგრამ ამჟამად “ოცნების” მთავარი მოკავშირე თავად ოპოზიციის არაეფექტურობაა”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მოვლენები შესაძლოა ორი სცენარით განვითარდეს”.

 

“ხელისუფლების დელეგიტიმაციის იდეა ფუჭია, რადგან დღევანდელი ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე მაინც ლეგიტიმურად აღიქმება. ამიტომ ერთადერთი გზა აქტიური მონაწილეობა და არჩევნების რეალური კონტროლია. თუ ოპოზიცია ხმების დაცვას ვერ მოახერხებს, საზოგადოება ისევ იმედგაცრუებული დარჩება. ოპოზიციურ პარტიებში სტრატეგიულ საკითხებზე სრული თანხმობაა: ყველა ერთხმად იზიარებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებლობას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. თუმცა უთანხმოება ტაქტიკურ საკითხებზეა, ვინ როგორ მიდის არჩევნებზე, ვინ ბოიკოტს აცხადებს, ნაწილი უფრო აგრესიულ მიდგომას ირჩევს, ნაწილი კი ზომიერ გზას ანიჭებს უპირატესობას. სწორედ აქედან გამომდინარეობს შიდა დაპირისპირებაც. სამწუხაროდ, პოლიტიკური ელიტა ჯერ კიდევ ვერ აღწევს იმ მომწიფების დონეს, რომ საერთო, გამაერთიანებელ თემებზე რეალური კონსოლიდაცია მოახდინოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“თუ 13 სექტემბრის და 4 ოქტომბრის აქციის მთავარ მოთხოვნად ბოიკოტი გამოცხადდება, არჩევნებში მონაწილე პარტიები ვერ მიიღებენ მონაწილეობას, რაც მათ ტაქტიკას ეწინააღმდეგება. თუმცა, თუ აქცია ევროკავშირში დაბრუნების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნებზე დაფუძნდება, ერთიანობის დემონსტრირება რეალურად შესაძლებელი გახდება. ეს ოპოზიციას ამომრჩევლის თვალშიც გააძლიერებს. მთავარი გამოწვევა დღეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის არარსებობაა. საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლებასაც აკრიტიკებს და ოპოზიციასაც უვარგისად მიიჩნევს... საბოლოოდ ქართული პოლიტიკა ჰაერში გამოკიდებულს ჰგავს. ხელისუფლებას აღარ დარჩა ახალი არგუმენტი, ოპოზიცია კი ვერ იქცა ალტერნატივად. დასავლეთთან კომუნიკაციაც სუსტია, არც ხელისუფლება სარგებლობს განსაკუთრებული კეთილგანწყობით, მაგრამ არც ოპოზიცია ავლენს უნარს, რომ ამერიკასა და ევროპასთან თანაბარი პარტნიორის დონეზე ითანამშრომლოს. ასეთ პირობებში პროგნოზის გაკეთება რთულია და პოლიტიკური პროცესები კვლავ გაურკვევლობაშია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“რაც შეეხება ხაბეიშვილს, მის მოქმედებებში აშკარად შეინიშნება წმინდა პოპულიზმის ელემენტები. ხმამაღალი განცხადებები თითქოს მიმართულია ამომრჩეველზე, მაგრამ პარადოქსია: ერთი მხრივ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, მეორე მხრივ კი მაინც ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. ეს სტრატეგია გაუგებარია. ხალხის მხარდაჭერას მხოლოდ რადიკალური განცხადებებით ვერ მოიპოვებ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საზოგადოებაში რევოლუციური რესურსი არა გაქვს. რევოლუცია მაშინ არის შესაძლებელი, როცა მოსახლეობის მინიმუმ 70% მხარს გიჭერს და მზად არის გაღიაროს ლიდერად. დღევანდელ ვითარებაში ასეთ აღიარებას ვერც ლევან ხაბეიშვილი და ვერც სხვა ვინმე ვერ იღებს. ამიტომაც მისი ხმამაღალი განცხადებები და “ფეხების ბაკუნი” მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, საკუთარი მცირე ელექტორატის შენარჩუნებას”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

 

“მეორე მხრივ, ქართულ პოლიტიკაში აქტუალურია ჰეროსტრატეს კომპლექსით შეპყრობილი პოლიტიკოსები, ხაბეიშვილი ერთადერთი არ არის, ვინც მუდმივად ლანძღვით, აგრესიითა და დესტრუქციული რიტორიკით გამოირჩევა არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ საკუთარი გუნდის მიმართაც. გაცილებით მძაფრი მაგალითი თამარ ჩერგოლეიშვილია, აღმოჩნდა, რომ ჰეროსტრატე ქალიც ყოფილა. პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც საჯაროდ ლანძღავენ, იწყევლებიან და აგრესიით ცდილობენ პოზიციის გამყარებას, რეალურად საკუთარ პოლიტიკურ კაპიტალს ანადგურებენ. ასეთია ჩვენი სევდიანი რეალობა... რას წარმოადგენს “რვიანი”? რვა კი არა, 50 პარტიაც რომ იყოს, რა იცვლება, თუ ეს რაოდენობა ხარისხში არ გადაიზარდა? საქართველოში თითქმის ორასამდე პარტიაა, მაგრამ ეს ხომ ავტომატურად არ ნიშნავს ცვლილებას? ნამდვილად მნიშვნელოვანია, პარტიები ერთად დგანან თუ ცალ-ცალკე, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარი ისაა, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს, რადგან ნებისმიერი ცვლილების გენერატორი ხალხია და არა პოლიტიკური პარტია”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

 

“ერთიანობას მეტისმეტად გადაჭარბებული მნიშვნელობა ენიჭება. სინამდვილეში ერთიანობას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მას საზოგადოების მხარდაჭერა და კონსოლიდაცია ახლავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი იმიტაციას ჰგავს, უფრო სახლობანას თამაშს, ვიდრე რეალურ პოლიტიკას, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ “რვიანის” მთავარი ამოცანა “ქართული ოცნების” კი არა, იმ ოპოზიციის დასუსტებაა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს. აბსურდული სურათი იქმნება: პარტიები, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, პარალელურად ისევ ამომრჩეველზე მუშაობენ, სინამდვილეში კი მათი მოწოდება მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოკავშირე ვითომ ოპოზიციაა, თავისი დაშლილი და ქაოსური ქცევებით” - ამბობს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ამ ყველაფრის გათვალისწინებით განვიხილოთ ორი სხვადასხვა სცენარი, რომელიც შეიძლება 4 ოქტომბერს გათამაშდეს...” - პასუხობს:

 

“ორი სცენარი იკვეთება: თუ ხელისუფლება მხოლოდ “ტრადიციულ” ადმინისტრაციულ და ფინანსურ ბერკეტებს გამოიყენებს, მას გამარჯვებისთვის რესურსი აღარ ეყოფა და ოპოზიცია რეალურ შანსს მიიღებს, განსაკუთრებით თბილისში. თუ ხელისუფლება გადავა პირდაპირ ოქმების წერაზე, ეს უკვე კონსტიტუციის დარღვევა და ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალება იქნება. ასეთ შემთხვევაში ჩნდება რევოლუციის ლეგიტიმური საფუძველი, რადგან ძალაუფლების წყარო ხალხია. ამიტომაც ბოიკოტის იდეა გაუგებარია. თუ საზოგადოებას არა აქვს რესურსი ქუჩაში გამოსასვლელად და საკუთარი კონსტიტუციური უფლების დასაცავად, მაშინ ბოიკოტი მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. გამარჯვებისთვის აუცილებელია სწორედ არჩევნების გაკონტროლება. ხალხმა აღარ უნდა დაუჯეროს მხოლოდ პარტიებს, არამედ თავად უნდა დადგეს უბნებთან და დაიცვას საკუთარი ხმა. საზოგადოება რთული არჩევანის წინაშე დგას, დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი. ხელისუფლების “ცხელ კვალზე დაჭერა” მხოლოდ არჩევნებზეა შესაძლებელი. თუ ამას ოპოზიცია ისევ ვერ მოახერხებს, ხალხის იმედგაცრუება კიდევ უფრო გაღრმავდება”.

წაკითხვა 113 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.