კაპუჩინოზე მისაყოლებელი ფილმები – 9 კინოსურათი, რომელიც იტალიის სურნელს მოგიტანთ

იტალია შემოქმედი ადამიანების სამშობლოა.

ის არის ქვეყანა, რომელიც ბევრისთვის შთაგონების წყაროა და შესაძლოა, ცხოვრების შეცვლაშიც კი დაგეხმაროთ. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილი დღეს ვიზიტორების გარეშეა დარჩენილი.

 

კორონავირუსის პანდემიის დროს იტალიის ულამაზესი ადგილების სანახავად და მისი სურნელის შესაგრძნობად საუკეთესო საშუალება იმ ფილმების ნახვაა, რომლებიც ამ ქვეყანაშია გადაღებული.

 

თუ იტალიაში მოგზაურობაზე ოცნებობდით, ან ხშირად დადიოდით იქ და ახლა ძალიან გენატრებათ, მოიმზადეთ კაპუჩინო და ჩაუჯექით. ჩვენ ისეთი ფილმები შეგირჩიეთ, რომლებიც იტალიას თქვენს სახლებში „შემოიტანს“.

 

1. „ნიჭიერი მისტერ რიპლი“/ The Talented Mr. Ripley (1999)

 

 

გარდა შესანიშნავი სიუჟეტის და ჰოლივუდის ვარსკვლავების ფანტასტიკური ტანდემისა, ფილმი გამორჩეულია ულამაზესი პეიზაჟებით, რომლებიც იტალიაშია გადაღებული. ვილა, ზღვის სანაპირო და მზის ჩასვლა – წინ თავბრუდამხვევი სანახაობა გელოდებათ.

 

2. „დიდებული სილამაზე“ / The Great Beauty (2013)

 

 

ფილმში ნახავთ რომს მთელი თავისი დიდებულებით. მასში ქალაქის ბუნებრივი სილამაზეა ასახული, ყოველგვარი შელამაზების გარეშე და მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას ამით იპყრობს.

 

3. „მოგზაურობა იტალიაში“ / The Trip to Italy (2014)

 

 

ფილმი გვიყვება ორი მამაკაცის იტალიურ თავგადასავალზე. ის ქვეყნის 6 ქალაქშია გადაღებული და მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი ხედების ნახვას გპირდებათ კინოსურათი. გარდა ამისა, ფილმი იტალიური სამზარეულოს სიდიადესაც გაგაცნობთ.

 

4. „ტოსკანის მზის ქვეშ“ / Under the Tuscan Sun (2003)

 

 

ფილმი, რომელიც, ალბათ, უმეტეს თქვენგანს ნანახი აქვს, თუმცა რამდენჯერაც უნდა ნახოთ, ყოველთვის ახალ და უცხო დეტალებს აღმოაჩენთ. ის ტონსკანაში, იტალიის ულამაზეს მხარეში გამოგზაურებთ, შეხვდებით იტალიელ მსახიობ რაულ ბოვას, ნახავთ ულამაზეს ვენახებს და შესაძლოა, ნამდვილი იტალიური ღვინოს არომატიც კი შეიგრძნოთ.

 

5. „შენი სახელით მომმართე“ / Call Me By Your Name (2017)

 

 

ფილმი ანდრე აკიმენის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა. ის 17 წლის ელიოს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ზაფხულს იტალიაში ატარებს. ფილმი ორ მამაკაცს შორის რომანტიკულ ურთიერთობაზე გვიყვება. კინოსურათი გარდა მასში აღწერილი ამბისა, ყურადღებას ულამაზესი ადგილებით იპყრობს. ის იტალიის ჩრდილოეთ ნაწილშია გადაღებული – ოქროსფერი მდელოები, ლურჯი ზღვა, ულამაზესი სანაპირო და იტალიური ესთეტიკის შესაბამისად აგებული სახლები გულგრილს არ დაგტოვებთ.

 

6. „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ / Eat Pray Love (2010)

 

 

ეს ფილმი უკვე ლეგენდად იქცა და ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდა. შესაძლოა, მისი ნახვის შემდეგ თავადაც მოინდომოთ ჯულია რობერტსის გმირის გზის გავლა. კინოსურათი იტალიური სპაგეტის გემოს გაგრძნობინებთ, ნეაპოლის ულამაზეს ხედებს დაგათვალიერებინებთ. ასე რომ, მოემზადეთ, წინ მხიარული თავგადასავალი გელოდებათ.

 

7. „მოპარული სილამაზე“ / Stealing Beauty (1996)

 

 

დედის თვითმკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა იტალიაში მიემგზავრება. ლუსი ზაფხულს ოჯახის ძველი მეგობრების ვილაზე ატარებს, სადაც კვლავ შეხვდება პირველ სიყვარულს, რომელმაც ოთხი წლის უკან პირველი კოცნა აჩუქა. ლუსის იტალიაში გამგზავრების კიდევ ერთი, შესაძლოა მთავარი მიზეზიც აქვს. ის დედის დღიურებში ნაპოვნი ჩანაწერების შინაარსის ამოხსნას ცდილობს. გაჩენილ კითხვებზე პასუხების მიღება კი მხოლოდ იტალიაში შეუძლია.

 

8. „დიდი შხეფი“/A Bigger Splash (2015)

 

 

რეჟისორ ლუკა გუდანინოზე უკეთ, ალბათ, ნამდვილ იტალიას ვერავინ აღწერს. მასში ტილდა სვინტონისა და რალფ ფაინსის შთამბეჭდავ შესრულებას ნახავთ. ფილმი გვიყვება ამერიკელ წყვილზე, რომელიც არდადეგებს იტალიაში ატარებს – ერთი შეხედვით კლასიკური სცენარია, თუმცა ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც ქალი თავის ყოფილ ბოიფრენდს მოიწვევს. ამ ფილმში ყველაფერია – სიმდიდრე, სილამაზე, ინტრიგები და რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი იტალია.

 

9. „მე ვარ სიყვარული“/I Am Love (2009)

 

 

თუ გინდათ, რომ მილანის სიდიადე შეიგრძნოთ, ამ ფილმს უნდა უყუროთ. პანდემიის დასრულების შემდეგ, კინოსურათის გავლენით, შესაძლოა, პირველად მილანში წახვიდეთ. ლამაზი სახლები, ხელოვნების ნიმუშები და იტალიური მოდა – ფილმში ყველაფერია იმისთვის, რომ ეკრანს მიეჯაჭვოთ.

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 1699 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 23 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.