November 23, 2024

"თავმდაბალ გულში, მხოლოდ სიმდაბლესთან და ასეთ მოსიყვარულე გულში შემოდის სულიწმინდის მადლი"

ქრისტიანობის ყველა მცნება გამოვლინდება 2 მთავარი მცნებით. ეს არის გიყვარდეს ღმერთი შენი და გიყვარდეს მოყვასი შენი, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიო აღნიშნავს, ღმერთისადმი სიყვარული გამოვლინდება ევქარისტიაში მონაწილეობით.

 

„მეორე დიდი მაგალითი, დღეს, რაც უფალმა იესო ქრისტემ დაგვიტოვა ჩვენ, როგორც ანდერძი, ეს არის ის, რომ მან ფეხები დაბანა თავის მოციქულებს და თქვა, რომ როგორც მე დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. ამით სიმდაბლის და სიყვარულის მაგალითი აჩვენა, რომ ჩვენც ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს ერთმანეთისადმი.

 

ქრისტიანობის ყველა მცნება გამოვლინდება 2 მთავარი მცნებით. ეს არის გიყვარდეს ღმერთი შენი და გიყვარდეს მოყვასი შენი. ღმერთისადმი სიყვარული გამოვლინდება ევქარისტიაში მონაწილეობით, ქრისტიანობისთვის წმინდა ზიარება და ევქარისტია ცენტრია მისი სულიერი ცხოვრების, ეკლესიის სულიერი ცხოვრების. ევქარისტიის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია არსებობა. წმინდა ზიარების დროს ჩვენ პურისა და ღვინის სახით ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს. გვეძლევა განმღრთობა, იმიტომ ჰქვია ზიარება, რომ თანაზიარი ვხდებით ღმერთის ბუნების, თავად უფალი იესო ქრისტესი. ეს რაც შეეხება ღმერთის სიყვარულს, ადამიანისადმი სიყვარული ვლინდება მზაობაში, რომ ერთმანეთს ჩვენ ფეხები დავბანოთ. მზად ვიყოთ ასე მოვექცეთ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ უღირსად გვეჩვენება ესა თუ ის ადამიანი",- განაცხადა მეუფე შიომ.

 

როგორც მეუფე შიო განმარტავს, მხოლოდ თავმდაბალ გულში შემოდის სულიწმინდის მადლი.

 

„მხოლოდ თავმდაბალ გულში, მხოლოდ სიმდაბლესთან და ასეთ მოსიყვარულე გულში შემოდის სულიწმინდის მადლი. მხოლოდ ეს არის პირობა, რომ გავხდეთ თანაზიარი ღმერთის ბუნების. წინააღმდეგ შემთხვევაში ზიარებაც ამაო იქნება ჩვენთვის. ასეთი დიდი სიყვარულის დღეა დღეს",- ბრძანა მეუფე შიომ.

წაკითხვა 494 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.