November 23, 2024

ქუთაისში, ნიკეას N21-ში მცხოვრები დევნილები მუნიციპალიტეტს სავალი გზის რეაბილიტაციას სთხოვენ

სიცხეში მტვერი, წვიმიან ამინდში კი საშინელი ტალახია. გაუსაძლისი მდგომარეობაა - ასე აფასებენ ქუთაისში, ნიკეას #21ა-ში მცხოვრები დევნილები, მათი კორპუსის წინ მოუწესრიგებელ გზის საფარის მდგომარეობას.

„აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბიდან, 22 წელი ხონში ვიცხოვრე. აქ, რაც გადმოვედი, სულ მოუწესრიგებელი გზის პრობლემაა. წვიმის დროს მთავარ გზაზე ვერ გავდივართ და რამდენჯერ ყოფილა, რომ უკან გავბრუნებულვარ. ძლიერი წვიმა იცის და ბევრი წყალი დგება. რამდენჯერმე სასწრაფოც ვერ შემოვიდა. სიცხეში, როცა მანქანები დადიან სახლში ძალიან ბევრი მტვერი შემოდის,“- განაცხა Firstnews.ge-თან საუბარში ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებმა ნატალია მიქიაშვილმა.

 

მოუწესრიგებელი გზის საფარი ბავშვებსაც არ მოსწონთ. ჩვენთან საუბარში, ისინი აღნიშნავენ, რომ წვიმიან ამინდებში ღობეებზე გადასვლა უწევთ.

 

„კარგი იქნება გზა რომ  გაკეთდეს. სათამაშოდ დიდი სივრცე ისედაც არ გვაქვს, რამდენი მანქანაც გაივლის, თვალებში სულ მტვერი გვეყრება“.

 

ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე გვესაუბრა ნიკეას ქუჩაზე მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი რომან სვანიძეც. მისი თქმით, მოსახლეობას უგზოობის გამო ბილიკებით უწევს სარგებლობა, სადაც ყველას არ შეუძლია გავლა, მათ შორის მოხუცებს.

 

„2016 წლიდან შემოგვასახლეს ამ კორპუსში. თუმცა, სავალი გზა არ გვივარგა და ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ბავშვებს უჭირთ გავლა. ძირითადად, უგზოობის გამო ბილიკებით ვსარგებლობთ, სადარბაზოებში შევდივართ. ამ გზით სატვირთო მანქანები სარგებლობენ, რომლებიც ბლოკებსა და ქვას ეზიდება. ახლა მშრალი ამინდია, მაგრამ მანქანა რომ გაივლის, მტვერში გაუსაძლისია ყოფნა. წვიმაში ვერავინ გადაადგილდება. როგორ შეიძლება, დღეს ქალაქში ცხოვრობდე და სახლამდე  მისვლა გაგიჭირდეს,“- აცხადებს რომან სვანიძე.

 

ქუთაისის დევნილთა დასახლებაში დაფუძნებული დევნილთა სათემო ორგანიზაცია „ნართა“ კორპუსის სოციალური და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე 2016 წლიდან ზრუნავს. სათემო ორგანიზაციამ წარმატებული ადვოკატირების კამპანიის შედეგად დევნილთა არაერთი პრობლემა წარმატებით დაძლია. ამჟამად „ნართა“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს კორპუსამდე მისასვლელი სავალი გზის რეაბილიტაციის პროცესში მხარდაჭერას სთხოვს.

 

სათემო ორგანიზაციამ ცენტრ აფხაზეთის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა  და მედია ადვოკატირების კამპანიის გასამართად ორგანიზაციისაგან გრანტი მოიპოვა.

 

აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე FirstNews.ge-ს თემის ლიდერი რუსუდან ჯეჯეია ესაუბრა.

 

„აღნიშნულ ობიექტზე მოუწესრიგებელია შემოსასვლელი გზა, რომლის შესახებაც ინფორმირებულია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე, დევნილთა სამინისტრო, აფხაზეთის მთავრობა და ყველა ის ორგანო, რომელთანაც ჩვენ გვიწევს კომუნიკაცია. მხოლოდ  ნახევრად გზის დაგება მოგვარდა და მეორე ნახევრის გზის რეაბილიტაცია არ მოხდა, რადგან ამ ეზოში 13 იურიდიული ობიექტია. ადგილობრივი თვითმმართველობა გვეუბნება, რომ ეს გზა არის კერძო და მათ უნდა გააკეთონ. იურიდიული ობიექტები აცხადებენ, რომ ეს არის მუნიციპალური გზა და არ აპირებენ მის გაკეთებას.

 

ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, არის მტვერი სიცხის დროს. თუ ნალექი მოვიდა 10 დღეა საჭიროა, რომ ეს წყალი ამოშრეს და ბავშვებს ცენტრალურ ქუჩაზე მოსახვედრად არ მოუწიოთ ღობეებზე სიარული. აქედან გამომდინარე ვითხოვთ, გზის ბოლომდე დასრულებას.

 

ასევე, ცენტრ „აფხაზეთის“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში შევიტანეთ განაცხადი და მოვიგეთ პროექტი - ადვოკატირების კამპანია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხმა მივა ადგილობრივ თვითმმართველობამდე და ამ პრობლემას გულთან ახლოს მიიტანენ,“ - აღნიშნავს რუსუდან ჯეჯეია.

 

1111220829522 539848627273120 1449023058743924995 n

 

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA), ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონში მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში მდებარე დევნილთა დასახლებებში მედია ადვოკატირების  4 კამპანიას  ატარებს.

 

ცენტრის კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებზე FirstNews.ge-ს რეგიონალური კოორდინატორი მათე ჩაფიჩაძე ესაუბრა.

 

„საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი ახორციელებს ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის სახელწოდებაცაა „დევნილი თემი, ახალი ხედვა და რესურსი“. ამ პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს ადვოკატირების კომპონენტის განხორციელება. ჩვენ გამოვაცხადეთ საგრანტო კონკურსი და სწორედ ამ თემმა შემოიტანა განაცხადი და ჩვენ დავაფინანსეთ ადვოკატირების კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ სათემო ორგანიზაციამ საკუთარი კონკრეტული პრობლემა, მოცემულ შემთხვევაში კი, გზის საფარის აღდგენა დაისახა მიზნად და ჩვენ ვეხმარებით, იმაში რომ ეს კამპანია ჩატარდეს.

 

მსგავსი ტიპის კამპანია ტარდება სხვა რეგიონშიც, მაგალითად, სენაკში, გორსა და მცხეთაში. 4 რეგიონში ხორციელდება ეს პროექტი და სათემო ორგანიზაციებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ შემოეტანათ განაცხადები. საუკეთესო განცხადების ავტორები კი გრანტით დავაფინანსეთ.

 

საბოლოოდ, ეს აქტივობები მიზნად ისახავს იმას, რომ დევნილი თემი გააქტიურდეს, ჩაერთოს მაქსიმალურად ადგილობრივი, საკუთარი პრობლემების გადაწყვეტაში, კომუნიკაცია დაამყაროს ადგილობრივ თვითმმართველობასთან  და ისწავლოს კომუნიკაცია მედიასთან,“ - განაცხადა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთის“ რეგიონალურმა კოორდინატორმა მათე ჩაფიჩაძემ.

 

1111221182413 349538130002079 9048339808985165824 n

წაკითხვა 798 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 23 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.