ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, რომლის გათავისუფლება განათლების სამინისტრომ პოლიტიკური ნიშნით მოითხოვა, გარდაიცვალა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.
ის სამედიცინო დაწესებულებაში 2 დეკემბერს ანევრიზმის დიაგნოზით მოათავსეს. ია კერზაიას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, მას შემდეგ კი რეანიმაცულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ია კერზაიას გადაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს მისი შვილი ბაჩანა შენგელია. ის დედის გარდაცვალებას ნერვიულობას უკავშირებს, რომელიც განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მე-6 საჯარო სკოლაში შესვლას მოჰყვა. ბაჩანა შენგელიამ მედიასთან არაერთხელ განაცხადა, რომ სამინისტრომ სკოლის დირექტორის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოითხოვა, რადგან ია კერზაიამ არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე უარი თქვა.
მან პროკურატურას საქმეზე გამოძიების დაწყება მოსთხოვა, თუმცა გასულ კვირაში "ლაივპრესს" პროკურატურაში უთხრეს, რომ გამოძიება არ დაუწყიათ. თუ რატომ, ამ საკითხზე უწყებაში დამატებით არაფერი უთქვამთ.
მანამდე ბაჩანა შენგელიას განცხადებებს საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უპასუხა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას.
სამინისტროში განმარტავენ, რომ მე-6 სკოლაში გამოვლინდა დარღვევა კერძოდ: „სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეფასების განხორციელება არალიცენზირებული აუდიტორული ორგანიზაციის მიერ, შემოსავლის სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზეც შემცირდა დასაბეგრი მოგება, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა“.
სამინისტროში აცხადებენ, რომ დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს, რომელიც თავის მხრივ ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია.
„საბჭომ გადაწყვიტა, რომ სკოლაში ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევები გამოსწორებადი იყო. არ ვიცი რამდენად სამართლიანი და კომპეტენტურია ჩვენი გადაწყვეტილება, მაგრამ ასე გადავწყვიტეთ. ჩვენ ერთხმად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - უთხრა „ლაივპრესს“ სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე შორენა ხობელიამ.
წყარო: livepress.ge
სიახლეები
- "ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი
- "ლელომ“ ახლა საკრებულოს გამოგლეჯილ მანდატებს უნდა მოუჭიროს და მალე ჩავა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
- "ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ოქტომბრისთვის
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"
