November 23, 2024

წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

ქალაქ წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ „მედეას“ ტერიტორიაზე წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა.

გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ქალაქ წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

საჯარო განხილვაზე შეკრებილ დაინტერესებულ პირებს კურორტის კონცეფცია უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა მრავალდისციპლინარული საპროექტო ჯგუფის - „ბაუ დიზაინის“ სპეციალისტებმა წარუდგინეს.

 

კომპანია „ბაუ დიზაინმა“ წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაზე 2020 წლის სექტემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. კომპანიამ ამ ეტაპზე წარმოადგინა წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია თანმხლები მასალებით. კერძოდ, კონცეფციის შემუშავებისთვის მოსამზადებელი კვლევები, დაზუსტებული გეგმარებითი ერთეული, კურორტის განვითარების ხედვა და სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობის შეფასება და გენერალური გეგმის სკოპინგის პროცედურასთან დაკავშირებული მასალები.

 

საჯარო განხილვაზე გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს საპროექტო ჯგუფი განიხილავს და შესაბამისი არგუმენტებით გაითვალისწინებს კონცეფციის საბოლოო ვერსიაში.

 

წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის ავტორთა გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან. საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელია - მარკო არდიელი (იტალია) - არქიტექტორ/ქალაქმგეგმარებელი; საპროექტო ჯგუფში კონსულტანტად მოწვეულია - ფერუჩიო ტაზინატო (იტალია) - არქიტექტორი/კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი; ქალაქგეგმარებითი ნაწილს წარმოადგენენ - მიშა ბალიაშვილი და შპს ,,ბაუ დიზაინი“-ს სპეციალისტები; ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელია - ფრედერიკ ლე ფიშუ; ეკონომიკური ჯგუფის კონსულტანტია - დევიდ ნათი; ეკონომიკურ ნაწილს წარმოადგენს - ,,ვერიტას ბრაუნ კაუკასუსი/კუშმან ვაგეფილდი; გარემოს ნაწილს - „გარემოსდაცვითი სამართლის და აუდიტის ცენტრი“, ხოლო ტურიზმის ნაწილს - „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“.

 

წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს. გენგეგმა დაადგენს, თუ რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო წინადადებებს გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად მოამზადებს.

წაკითხვა 452 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.