ლევან ცუცქირიძე ქუთაისში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
"ილიას გზა" არის, ჩემი აზრით, საუკეთესო წინასაარჩევნო პროგრამა, რაც კი დღეს პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ",- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
ლევან ცუცქირიძე ქუთაისში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებსაც მათი კოალიციის ხედვები და მთავარი დაპირებები გააცნო.
მისი თქმით, "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო პროგრამა ლოგიკური და თანმიმდევრულია და სამ ძირითად დაპირებას მოიცავს: ევროკავშირში გაწევრიანებას, ეკონომიკის გაძლიერებასა და სოციალური სისტემის შექმნას.
"ქვეყანამ არჩევნების შემდეგ უნდა აჩვენოს, რომ მას გააჩნია პოლიტიკური ნება, განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც არის გასატარებელი. ეს ცხრა ნაბიჯი არის აუცილებელი მინიმუმი, იმისთვის რომ ევროპელებმა გაგვიხსნან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. ამის მიღწევა, ჩემი აზრით, საკმაოდ სწრაფად არის შესაძლებელი: მუშაობის დაწყება რამდენიმე ძირითად პაკეტზე, რეფორმების, საგარეო დიპლომატიის გააქტიურება, ნათელი გზავნილის ჩატანა ბრიუსელსა და სხვა მნიშვნელოვან დედაქალაქებში და დარწმუნება ჩვენი პარტნიორებისა იმაში, რომ ეს არის სტაბილური დემოკრატიული კოალიცია, რომელიც შეძლებს ამ რეფორმების განხორციელებას",- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ლევან ცუცქირიძემ.
ლევან ცუცქირიძის თქმით, პარლამენტი უნდა იყოს მთავარი წარმომადგენლობითი ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დემოკრატიულ ზედამხედველობას განახორციელებს. ამიტომ, მას მიაჩნია, რომ საპარლამენტო პროცესის გაჯანსაღება და განვითარებაა უმნიშვნელოვანესია.
"პოლიტიკური ცვლილების მერე, ვიღაცები თვლიან, რომ უბრალოდ უნდა შეიცვალონ ადამიანები და არ უნდა შეიცვალოს ის, როგორც კეთდება სახელმწიფო მმართველობა. ამიტომ, თვითმმართველობის რეალურად ამოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მგონია, რომ მომავალი, 2025 წლის არჩევნები უნდა იყოს უკვე ახალი თვითმმართველობის პირობებში ჩატარებული არჩევნები, როდესაც ქმედით საკრებულოებს ავირჩევთ, რომლებსაც რეალური პასუხისმგებლობაც ექნებათ, გავლენაც და მეტი ანგარიშვალდებულებაც არა პარტიული ლიდერების, არამედ ამომრჩევლების მიმართ",- განმარტა კოალიციის ლიდერმა.
სიახლეები
- ქუთაისის მერია აცხადებს კონკურსს - "ახალგაზრდული ინიციატივები"
- დავით ერემეიშვილი და გია ბასილაძე მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდნენ
- „საქართველოს წარმატება და ერთგულება გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია, მსოფლიო გათავისუფლდეს მალარიისგან”, – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი
- "პერსონალური ინფორმაციის გავრცელებას ან რაიმე ამგვარს ადგილი არ ჰქონია, აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი” – ლევან იოსელიანი
- "ვფიქრობ, გრენლანდიას მივიღებთ - ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე" - დონალდ ტრამპი