სად გაუჩინარდა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მოქალაქე 4 ქალი

“ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 4 საქართველოს მოქალაქე ქალი გაუჩინარდა.

მათ ამ დრომდე ეძებენ, ხოლო არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთიდან ე.წ. კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის დროს ისინი მდინარეში ჩაცვივდნენ და დაიხრჩვნენ. ადგილობრივები “რეზონანსთან” ჰყვებიან, რომ ისინი მაშინ დაიკარგნენ, როცა ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარე ენგურის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ცდილობდნენ, რადგან ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია. შემთხვევა სოფელ თაგილონთან მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე ნაპოვნია ორი ქალის ცხედარი, ორს კი ჯერ კიდევ ეძებენ. თუმცა ერთ-ერთი ვერსიით თითქოს აფხაზეთიდან ერთი გაუჩინარებული ქალის ოჯახს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ის ცოცხალია და კარანტინში იმყოფება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სად გაუჩინარდა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მოქალაქე 4 ქალი / “აფხაზეთიდან სიგარეტი გადმოჰქონდა - იქ იაფად ყიდულობდა და მერე აქ ყიდდა”.

 

“ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალბატონები კონტრაბანდული საქონლის გადმოსატანად გაუქმებული ტურბინის კედელს იყენებდნენ, რომლის ქვეშაც რიონი გადის, ეს არის ადგილი, სადაც მდინარე შედარებით ღრმაა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ადგილას დაუცდათ ფეხი ქალბატონებს და წყალში გადავარდნენ. იმის გამო, რომ სოფელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას არ ეკუთვნის, ცხედრების საძიებო სამაშველო სამუშაოებს ქართული მხარე ვერ ახორციელებს. ერთ-ერთი გარდაცვლილის, 60 წლის ქალის ლუარა ლემინჯავას მეზობლები ადასტურებენ, რომ იგი კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის მცდელობისას დაიხრჩო. “ერთი კვირაა რაც წავიდა და მისი კვალი დილას დაიკარგა. ის აფხაზია და იქ ნათესავებთან გადადიოდა ხოლმე. ძმა და რძალი ჰყავს. სწორედ ძმის მეშვეობით გავიგეთ, რომ დაიკარგა. სახლში დარეკეს და იკითხეს მოვიდა თუ არა. როდესაც უთხრეს, რომ არა, მისი ძებნა დაიწყეს. აფხაზეთშიც ეძებენ, მაგრამ ახლა ხმა გავრცელდა, რომ მდინარეში ჩაცვენილან და დამხრჩვალანო. აფხაზეთიდან სიგარეტი გადმოჰქონდა. იქ იაფად ყიდულობდა და მერე აქ ყიდიდა.. ძალიან მძიმე სიტუაციაში ცხოვრობს ხალხი და ეს ამის გამო ხდება. სამეგრელოში რომ კონტრაბანდული სიგარეტი იყიდება ეს ვინმესთვის ახალი ამბავია?”, - ამბობს ქალის მეზობელი, რომლის თქმით, “დალხინებული ცხოვრება რომ ჰქონდეთ”, სიცოცხლით ასე არ გავრისკავდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ლუარა ლემინჯავას ახლობელი მაია ქუხილავა “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ლემინჯავა ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი კვირის წინ გადავიდა და დღეს დილით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით გეგმავდა. მისი ინფორმაციით, ის დილით ადრე წამოსულა, თუმცა მას შემდეგ აღარ ჩანს. მის კვალს ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს. “ძმისთვის უთქვამს, რომ მდინარით უნდა გადავიდე, რადგან აფხაზებმა არ გამიშვაო. ამბობენ დაიხრჩოო, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით. ძმა გალის პოლიციაშიც მივიდა, მაგრამ არც ცოცხალი ჩანს და არც მკვდარი. როგორც გავიგეთ მასთან ერთად სამი სხვა ქალიც იყო, ისინიც არ ჩანან. გავრცელდა თითქო ინფორმაცია, რომ ორი ქალის ცხედარი მდინარემ გამორიყაო. თუმცა დაზუსტებით არავინ არაფერი არ იცის”, - ამბობს ქუხილავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 496 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 06 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.