მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესიაში წირვა ჩატარდება.
23 ნოემბერს, ასევე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაულია, რომელიც 2004 წლის 23 ნოემბერს აკურთხეს. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღვთიმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
რელიგიური ლიტერატურის მიხედვით, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო