"ყოველი ადამიანის სულის გადარჩენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იესო ქრისტეში მამა ღმერთის ნებით და სულიწმიდის მადლით"

ინებოს უფალმა, რომ ჩვენ კრძალულებით ვისმინოთ ღვთის სიტყვა და შევასრულოთ იგი, დავემორჩილოთ სიტყვებს, რომელიც მამაზეციერმა წარმოთქვა თავის მხოლოდშობილ ძეზე - ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის, მაგისი ისმინეთ. მოგვცეს უფალმა მადლი და ძალა, რომ მაგისი ვისმინოთ,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ ბრძანა, ნათლისღების დღეს გამოვლინდა, რომ ყოველი ადამიანის სულის გადარჩენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იესო ქრისტეში მამა ღმერთის ნებით და სულიწმიდის მადლით.

 

„ამ დღესასწაულს ეწოდება ღვთის განცხადება. უფალი იესო ქრისტე მიდის იორდანეზე, იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც მონანულ ცოდვილებს წყლით ნათლავდა. უფალს ცოდვები არ ჰქონდა, მაგრამ იგი მიდის წმინდა იოანესთან იმისთვის, რომ, როგორც თავად ბრძანებს, აღასრულოს ყოველი სიმართლე. თავდაპირველად იოანე ნათლისმცემელი მას შეაჩერებს და ეუბნება - მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ ჩემთან მოდიხარო? მაგრამ, შემდეგ მიუშვებს და წარმოთქვამს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სიტყვებს - აჰა, ტარიგი (კრავი) ღვთისა, რომელიც იტვირთავს კაცობრიობის ცოდვებს. რას ნიშნავს ეს სიტყვები? - ეს ნიშნავს, რომ მესია, მხსნელი სოფლისა, რომლის მოლოდინზეც ამდენია ნათქვამი წმინდა წერილში, მოევლინა კაცობრიობას, დღეს მოვიდა და განეცხადა სოფელს. შემდეგ, როდესაც წმინდა იოანე ნათლავს იესო ქრისტეს და იტყვის მასზე, რომ ეს არის მესია, ზეცა გაიხსნება და მაღლიდან გაისმის მამა ღმერთის ხმა - ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც ჩემთვის სათნოა. ასე მოხდა იორდანეს წყლებზე ყოვლადწმინდა სამების გაცხადება, გამოცხადება. როგორ ტროპარშია ნათქვამი, რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა. აქ ასევე გამოჩნდა და გამოვლინდა ყოვლადწმინდა სამების პირთა შორის ურთიერთობის საიდუმლოც, რომ სულიწმიდა ღმერთი მამისგან გამოდის და რომ იგი განკაცებულ ძე ღმერთში დაივანებს. გამოვლინდა ასევე, რომ ყოველი ადამიანის სულის გადარჩენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იესო ქრისტეში მამა ღმერთის ნებით და სულიწმიდის მადლით. ამიტომაც უფალი იესო ქრისტე გვიბრძანებს, რომ ყოველი მორწმუნე უნდა მოინათლოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამრიგად, ნათლისღების მადლი თავის თავში ატარებს ყოვლადწმინდა სამების მიუაჩრდილებელ ნათელს და ძალას. გილოცათ, ძვირფასო დებო და ძმებო, ამ დიდებულ დღესასწაულს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენ კრძალულებით ვისმინოთ ღვთის სიტყვა და შევასრულოთ იგი, დავემორჩილოთ ამ სიტყვებს, რომელიც მამაზეციერმა წარმოთქვა თავის მხოლოდშობილ ძეზე - ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის, მაგისი ისმინეთ. მოგვცეს უფალმა მადლი და ძალა, რომ მაგისი ვისმინოთ და მაშინ კურთხევა მუდამ იქნება ჩვენზე ყოვლადწმინდა სამების, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, რომლის არს დიდება და პატივი თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

წაკითხვა 303 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.