"დიდი მარხვა არ გულისხმობს მხოლოდ საკვების შეცვლას - დიდი მარხვის მიზანია, სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა"

დიდი მარხვის მიზანი არის სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მან მიტევების კვირაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინანული, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული ზღვრის მძაფრად შეგრძნებას.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დასრულდა დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი და შევდივართ ჩვენი სულიერი ცხოვრების ახალ პერიოდში, რომელსაც დიდი მარხვა ეწოდება. ეს არის განსაკუთრებული დრო, სინანულის ჟამი, როდესაც უფრო მეტად ვუღრმავდებით საკუთარ სულიერ ცხოვრებას, ვიხედებით ჩვენს სულში და რას ვხედავთ იქ? - ცოდვების წყვდიადს და სიბნელეს. ამიტომ დიდი მარხვა არ გულისხმობს მხოლოდ საკვების შეცვლას, არამედ - სინანულს; დიდი მარხვის მიზანი არის სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა, მაგრამ, ამავე დროს, წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ სახიფათო და სულისთვის საზიანოა, თუ მხოლოდ ჩვენი ცოდვების ხედვაში ჩავიკეტებით და ამით შემოვიფარგლებით, რადგან სინანული ამაში არ მდგომარეობს მხოლოდ.

მაშ, რა არის სინანული? რას გულისხმობს ის? რას მოიცავს? მე ვხედავ ჩემი ცოდვების სიბნელესა და ბოროტებას მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი, არსებობს სიკეთეც და არსებობს ნათელიც. და აი, სინანული, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული ზღვრის მძაფრად შეგრძნებას. სინანული გვიხსნის არა მხოლოდ ბოროტებას, არამედ სიკეთესაც, როგორც ჩვენს სულში, ასევე ჩვენ გარშემოც. სინანული ასევე დაკავშირებულია სულიერ მწუხარებასა და სევდასთან; მაგრამ ეს მწუხარება როდია ბნელი და უსიხარულო, როგორც ზოგიერთს ჰგონია არასწორად. გაიხსენეთ, რას წერს წმინდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი. იგი ამბობს: „ნათელი ბნელში ჩანს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა“. ე.ი. იმ სიბნელეში, რომელსაც მე ჩემს სულში ვხედავ, რომლისგანაც ვიტანჯები, რომელსაც ვინანიებ, ამ სიბნელეში ანათებს ეს ნათელი, რომელიც არის ღვთაებასთან ჩვენი თანაზიარების ნათელი.

მაშასადამე, სინანული გვიხსნის ცოდნას ღმერთზე, არა მხოლოდ ბოროტებასა და ეშმაკზე, არამედ - სიკეთესა და ღმერთზე. გვიხსნის იმას, თუ რა არის სიკეთე და თუ ვინ არის ღმერთი. ამიტომ ეს მარხვისა და სინანულის მწუხარება აღარ არის ბნელი, არამედ ნათელია და სავსეა სიხარულით. ამიტომაც ეწოდება მარხვა სიხარულისა.

ჩვენ ყოველდღე, დილაობით, ვკითხულობთ ლოცვას, რომელშიც ღმერთს ვევედრებით, თავისი დიდების საღვთო სამკვიდრებელში მიღების ღირსი გაგვხადოს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი არსობრივი დანიშნულებაც, არის სწორედ ამ საღვთო დიდებასთან თანაზიარება.

ზოგი ამბობს, როდესაც ვინანიებ, უამრავ ბოროტებას ვხედავ ჩემში, ასევე ჩემ ირგვლივო. ისინი ფიქრობენ, რომ ცხოვრებაც ამ ბოროტებაში მდგომარეობს; მაგრამ ეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ეშმაკის ცილისწამება, რომელსაც ჩვენ არ უნდა დავუჯეროთ. ცხოვრება არ მდგომარეობს იმ ბოროტებაში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არამედ ცხოვრება მდგომარეობს სწორედაც იმ ნათელში, რომელიც გახლავთ საღვთო დიდება, რომელსაც ჩვენ ვეზიარებით წმინდა ეკლესიაში. მონანული ადამიანი ამას ძალიან კარგად აცნობიერებს და ხედავს ამ ზღვარს სიკეთესა და ბოროტებას შორის, იმიტომ რომ სინანული, პირველ რიგში, როგორც მოგახსენეთ, არის გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა.

სულ მალე იწყება დიდი მარხვა, სხვანაირად დაირეკება ზარები, უფრო მწუხარედ. ეკლესიაშიც ყველაფერი სხვაგვარად იქნება და მოგვმადლოს უფალმა, რომ ეს სინანულის მწუხარება, რომელზეც გესაუბრეთ, ყოფილიყოს ყოველი ჩვენგანისთვის ნამდვილი, დიდი მარხვისთვის შესაფერისი, არა ბნელი და სევდიანი, არამედ ნათლით და სიხარულით მოსილი. რატომ? - იმიტომ, რომ ამ სინანულის სარბიელის დასასრულს ბრწყინავს ჩვენთვის ქრისტეს აღდგომის ნათელი და ბრწყინავს საღვთო ბუნებასთან ჩვენი თანაზიარების ნათელი, რისი ღირსიც გაგვხადოს ჩვენ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

წაკითხვა 252 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.