„გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები, ამიტომ გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს დაპირისპირება"
ამ კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის] მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრის გამო განსაკუთრებით გული გვტკივა და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი, დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება.
„ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს, ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში. საერთოდ დაპირისპირებაზე ჩვენ გვპასუხობენ ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები, კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი, დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ადამიანებში თანხმობის და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა წარმოქმნას. იმიტომ, რომ როდესაც არის სიყვარული, მაშინ ღვთის მადლიც მოქმედებს და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად და როდესაც არ არის სიყვარული, მაშინ არც ღვთის შეწევნაც არ არის, მაშინ პატარა მიზეზმაც კი შეიძლება გამოიწვიოს დიდი მტრობა და დაპირისპირება. აი, ამიტომ სიყვარულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სიყვარულის უმთავრესი სკოლა კი გახლავს სწორედ ოჯახი. ადამიანი სიყვარულს ოჯახში უნდა სწავლობდეს და სიყვარულში იზრდებოდეს, რაც არის ჩვენი სულის გადარჩენის უმთავრესი პირობა. ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს და ვიცავთ მის სიწმინდეს. სწორედ, ეს არის დღეს ჩვენი შეკრების და ჩვენი ლოცვითი მსვლელობის მიზანი. ახლა ჩვენ წავიკითხავთ მცირე ლოცვას და შემდეგ ყველანი ერთად გავემართებით წმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც თქვენთან ერთად აღვავლებთ პარაკლისს“, - განაცხადა მეუფე შიომ.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი