"მხოლოდ ქრისტეს რწმენა გვაძლევს შესაძლებლობას, მოვიხვეჭოთ მისი მადლი, მივიღოთ განკურნება და განვიმტკიცოთ ძალები ცხოვრებისეული გზის გასავლელად"

მხოლოდ ქრისტეს რწმენა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვიხვეჭოთ მისი მადლი, მივიღოთ განკურნება და განვიმტკიცოთ ძალები ჩვენი ცხოვრებისეული გზის გასავლელად, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)აღდგომიდან მეექვსე კვირას, ბრმის კვირიაკეს ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს ბრმის კვირა მიულოცა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო! გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ბრმის კვირა ეწოდება. ეს არის სააღდგომო დღესასწაულების უკანასკნელი კვირა. ოთხშაბათს ჩვენ უკვე აღდგომის წარგზავნას აღვნიშნავთ.

რას გვასწავლის დღეს წაკითხული სახარება ბრმის განკურნების შესახებ?

ჩვენ ყველას დროდადრო გვაწუხებს კითხვა, თუ რა მიზეზით ხდება ესა თუ ის უბედურება ადამიანების ცხოვრებაში. ჩვენ უფრო ადვილად ვიღებთ იმ აზრს, რომ უბედურება ცოდვილი კაცის გამოსწორების საშუალებაა, მაგრამ რატომ ხდება ზოგჯერ, რომ უბედურება შეემთხვევა თითქოს და კეთილ, ღვთისმოსავ და მართალ ადამიანს?

ღვთის სიტყვა იძლევა პასუხს ამ კითხვაზე. აი, ჩვენ წინაშეა დაბადებიდან ბრმა ადამიანი. რატომ ეწვია მას ასეთი უბედურება? რისთვის იტანჯებოდა იგი? ნუთუ შეიძლება კაცი ცოდვილი იყოს ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე? „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“ (ინ. 9, 2) - ჰკითხეს მაცხოვარს მოწაფეებმა.

უფალმა მიუგო: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში“ (ინ. 9, 3). შემდეგ უფალმა „მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა, და თვალებზე წაუსვა ბრმას“ (ინ. 9, 6). „უთხრა მას: „წადი და მოიბანე სილოამის საბანელში“ (რაც ნიშნავს მოვლინებულს). ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი“ (ინ. 9,7). მაცხოვრის ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში უბედურება ჩვენზე მოიწევა არა ცოდვების გამო, არამედ უფლის განსადიდებლად, ესე იგი, ჩვენ ცოდვილების ქრისტეს სინათლით განათლებისთვის, რამეთუ ამ კაცს ფიზიკურ თვალთან ერთად სულიერი თვალიც აეხილა! მას უფლის სიყვარულსა და ყოვლისშემძლეობაზე აეხილა თვალი! მან კურნება მადლიერებით მიიღო და დაინახა ის, რასაც ირგვლივ მყოფი თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ და თაყვანი სცა ქრისტეს, როგორც ღვთისგან მოვლენილ მესიას.

სახარების ეს მონაკვეთი მხოლოდ ადამიანთა უბედურებისა და ტანჯვის მიზეზებზე როდი იძლევა პასუხს.

ზოგჯერ ადამიანებს ასეთი კითხვებიც უჩნდებათ: რისთვის არის საჭირო მთელი ეს გარეგნული მხარე ჩვენს სულიერ ცხოვრებაში? ხომ არ არის ის გვიანდელი დანამატი და ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის ზედმეტი რამ? ხომ არ ჯობს, უარი ითქვას მთელ ამ გარეგნულ ფორმაზე?

ღვთის სიტყვა ამაზე სცემს პასუხს მაცხოვრის მაგალითით. რისთვის მოზილა უფალმა ტალახი? რისთვის წაუსვა ბრმას თვალებზე? რისთვის გააგზავნა სილოამის საბანელში მოსაბანად? განა მას არ შეეძლო ეს თავისი ერთი სიტყვით გაეკეთებინა? და თუ მან ეს არ გააკეთა, ცხადია, იმიტომ, რომ შეიწყნარა ადამიანის უძლურება, ჩვენი რწმენის სისუსტე და სულიერ მოწყალებასთან ერთად გარეგნული წესის სახეც მოგვცა.

ფარისევლებმა რომ შეიტყვეს შაბათ დღეს ბრმის განკურნების შესახებ, იგი სინაგოგიდან განკვეთეს. როდესაც ეს უფალმა გაიგო, მონახა იგი და უთხრა: „შენ გწამს ძე ღვთისა?“ მიუგო მან და თქვა: „ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?“ უთხრა იესომ: „შენ გინახავს იგი და, ვინც შენ გელაპარაკება, ისაა“. მან თქვა: „მწამს, უფალო“. და თაყვანი სცა მას“ (ინ.9, 35-38). დღევანდელი სახარება გვასწავლის ასევე, რომ მხოლოდ ქრისტეს რწმენა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვიხვეჭოთ მისი მადლი, მივიღოთ განკურნება და განვიმტკიცოთ ძალები ჩვენი ცხოვრებისეული გზის გასავლელად.

როგორც გითხარით, დღეს ჩვენ მომავალ წლამდე ვემშვიდობებით სააღდგომო დღეების სიხარულს. იმედი ვიქონიოთ, რომ უფალი გააძლიერებს ჩვენს რწმენას და აგვიხელს სულიერ თვალებს, მოგვანიჭებს ძალებს, რომ ჩვენი ცხოვრების გზაზე ქრისტიანული ღირსებით ვიაროთ და მომავალ წელსაც შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

დღეს კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ სიხარულით სავსე სააღდგომო მისალმებით, რომელიც მოდის მოციქულთა დროიდან და თაობიდან თაობას გადაეცემა: „ქრისტე აღდგა!“, - განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

წაკითხვა 259 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.