June 28, 2024

"ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ ჩვენი ცხოვრებითაც" - მეუფე შიო

შეგვეწიოს სულიწმინდის მადლი, რომ გავაძლიეროთ ქრისტიანული სათნოებები, ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ ჩვენი ცხოვრებითაც... მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი და შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე... ყოველი ჩვენგანი იყოს ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა დაემკვიდროს ჩვენში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს არის წმინდა ეკლესიის დაარსების დღე დედამიწაზე.

 

“ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობის დიდებულ დღესასწაულს და ყოვლადწმინდა სამების დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

 

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლას, რომლის მოვლინებაც აღუთქვა უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს ზეცად ამაღლების წინ; სულიწმინდა ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა მოციქულებზე და უბრალო გალილეველი მეთევზეები ცათა სასუფევლისა და ქრისტეს სახარების მქადაგებლებად გახადა. წმინდა მოციქულების ქადაგებამ მოიცვა მთელი რომის იმპერია და მის ფარგლებსაც გაცდა.

 

დღეს არის წმინდა ეკლესიის დაარსების დღე დედამიწაზე. ამ დღეს ეკლესიის დაბადების დღესაც უწოდებენ. ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან ჩვენი ეკლესია არ არის მხოლოდ ქრისტეს ეკლესია, მხოლოდ ქრისტეს სულიერი მისტიკური სხეული, არამედ ეს არის ქრისტეს სხეული, რომელშიც მოქმედებს სულიწმინდა. ჩვენი გამოხსნა და სულიერი გადარჩენა ხდება ქრისტეს სხეულში მყოფობით და სულიწმინდის მადლით და ძალით. სწორედ ამიტომ თქვა უფალმა იესო ქრისტემ თავისი ზეცად ამაღლების შესახებ: „მე წავალ თქვენგან, მაგრამ ეს უმჯობესია თქვენთვის, რომ მე წავიდე. რადგან, თუ მე წავალ, მოგივლენთ თქვენ ნუგეშისმცემელს, სულიწმინდას“ (ინ. 16,7).

 

ეს ის სულიწმინდაა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელიც ჩვენ განგვწმენდს, გვაკურთხებს და გვაცხონებს. მას მერე ყოველი ადამიანი, ეკლესიის წევრი, იღებს უფლის მადლს ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობით, ეკლესიის ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობით და სამღვდელო ლოცვა-კურთხევის მეშვეობით.

 

დღეს ჩვენ ქრისტეს აღდგომის შემდეგ პირველად მოვისმინეთ სულიწმინდის საგალობელი: „მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო“. ამ ლოცვაში ჩვენ სულიწმინდას ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან, დაემკვიდროს ჩვენთან, ჩვენში, წმინდა გვყოს ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხონოს ჩვენი სულები.

 

შეგვეწიოს სულიწმინდის მადლი, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ გავაძლიეროთ ქრისტიანული სათნოებები, რომ ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ ჩვენი ცხოვრებითაც; შეგვაძლებინოს უფალმა, რომ დღევანდელი საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი და შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე და რომ ყოველი ჩვენგანი იყოს ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა დაემკვიდროს ჩვენში.

 

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დღესასწაულს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრისა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და წირვა აღვავლინეთ, ტაძრის, რომელიც გამოირჩევა თავისი დიდებულებით. ეს ტაძარი გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობის ერთ-ერთი გამორჩეული და შესანიშნავი ნაყოფი; დიდი სიყვარულით მადლობას ვუხდით მას ამ ღვაწლისთვის. მინდა, გულითადად მივულოცო მას დღევანდელი დღესასწაული და ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და სულიწმინდის მადლის შეწევნა ვუსურვო.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო სულთმოფენობის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, სულთმოფენობის სიხარული ყოფილიყოს თქვენთან დღეს და მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში. სულიწმინდა იყავნ თქვენ თანა და სრულიად საქართველოსთან, ამინ“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

წაკითხვა 76 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.