"ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს" - მეუფე შიო

ღმერთმა აკურთხოს ჩვენი ძალისხმევა, რომ ვიყოთ წმინდა და ჩავწვდეთ ცხოვრების ერთადერთ უმთავრეს მიზანს - ვეძიოთ სასუფეველი ღვთისა და მოვიპოვოთ სიმდაბლე... რამეთუ ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისტორია გვასწავლის, რომ ტანჯვა, სიმძიმილი და მწუხარება, თუ მას ადამიანი გონივრულად შეხვდება, „მიმყვანებელია ამაღლებისა და აღმასვლისკენ“.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის სულთმოფენობიდან მე-2 კვირა, როდესაც აღინიშნება ათონის წმინდა მთის ღირსი მამების ხსენება და წელს ეს დღე დაემთხვა წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს.

როგორც იცით, წმინდა იოანე ნათლისმცემელი მონაზვნობის ფუძემდებლად ითვლება. ასე უწოდებს მას არაერთი წმინდა მამა. ასევე ათონელი მამებიც იყვნენ მონაზვნები, რომლებმაც საერო ცხოვრება დატოვეს და ქრისტეს შეუდგნენ.

ამასთან დაკავშირებით დღეს იყო წაკითხული სახარებიდან მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე მოუწოდებს თავის პირველ მოწაფეებს და ეტყვის: „მოდით და გამომყევით მე" (მთ. 4, 19). უფლის ეს სიტყვები - „მოდით და გამომყევით“ - არის მოწოდება ყოველი ჩვენგანისადმი. ასევე ყოველ ჩვენგანს მიმართავს წმინდა პეტრე მოციქულიც, როდესაც ამბობს: „წმინდა იყოს ყოველი თქვენი ქცევა, როგორც წმინდაა თქვენი მხმობელი" (1 პეტრ. 1, 15). იმავე მოწოდებით მოგვმართავენ ყველა წმინდანები, ვისაც ჩვენს ლოცვებში მივმართავთ. არსებითად შეიძლება ითქვას, რომ უფლის ეკლესია მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს ჩვენგან: სიწმინდეს და მხოლოდ სიწმინდეს.

ამ მოწოდებას მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში ადამიანის გული სიხარულით სცემს პასუხს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს სწყურია მარადისობის ღირსი ცხოვრება. მაგრამ განა ღირსია მარადისობის ის სულიერი განწყობები, რომლებზეც ხშირად ვიმყოფებით? ის წვრილმანი საზრუნავები, ამაოება, შფოთი ან გაღიზიანება, მრისხანება, უთანხმოება, რომელშიც ხშირად ვიმყოფებით; ან შური, ან სევდა და გამწარება ცხოვრებისეული წარუმატებლობის გამო, რომელიც ხშირად აქვს მრავალ ჩვენგანს, ეს ყველაფერი არ არის მარადისობის ღირსი. მაშ, რა არის ღირსი მარადიული ცხოვრებისა? ღირსია სიყვარული და სიყვარულთან დაკავშირებული შემოქმედება, ამ შემოქმედების ნაყოფები და ამ შემოქმედების ნაყოფებთან დაკავშირებული სიხარული.

შეგახსენებთ წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ ეს არის სიხარული, მშვიდობა და სიმართლე სულიწმიდაში, რაც არის სასუფეველი ღვთისა, რომელიც ჩვენშია და რომელზეც უფალი იესო ქრისტე ამბობს: „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყველაფერი შეგემატებათ თქვენ" (მთ. 6, 33). ეს არის სასუფეველი, რომელიც სულიწმიდის მადლით შემოდის ჩვენში.

ადამიანებმა, იციან რა, თუ რამდენი სიკეთე მოაქვს ამ ყველაფერს, უფლის მოწოდებას პასუხს სცემენ. თუმცა ხშირად ხდება, რომ ადამიანი პასუხს სცემს ამ მოწოდებას, მაგრამ მალევე ბრკოლდება და უკან იხევს.

ეს რატომ ხდება? იმიტომ, რომ სიწმინდეს აქვს ორი მხარე, ძვირფასო ძმებო და დებო.

ერთი მხარე არის ქარიზმატული, ანუ მადლისმიერი. მასში, როგორც ამბობს პავლე მოციქული, თვით იესო ქრისტე გამოსახავს საკუთარ თავს და ჩვენ ამ სიწმინდეში ქრისტეს ვცემთ თაყვანს. მასში ვლინდება და გაცხადდება სულიწმიდა, ვლინდება მისი ნიჭები. აი, ეს არის ერთი მხარე სიწმინდისა.

მეორე მხარე არის ასკეტური მხარე, ვინაიდან სიწმინდის მოპოვება გულისხმობს ღვაწლს და დიდ სულიერ შრომას, ღვაწლი კი არის ჯვარი, ტანჯვა და სიმძიმილი, რაც ძალიან არ გვიყვარს და ყველანაირად გავურბივართ მას. ამიტომ ბრკოლდება ბევრი ადამიანი. მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ სასუფევლისკენ მიმყვანებელი გზა გადის გოლგოთაზე, ეკლესიისა და კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, რომ ტანჯვა, სიმძიმილი და მწუხარება, თუ მას ადამიანი გონივრულად შეხვდება, მიმყვანებელია ამაღლებისა და აღმასვლისკენ. ამიტომ ტანჯვის უარყოფა არის უარყოფა სრულყოფილებისა, ეს არის უარყოფა ამაღლებისა. ამიტომაც სცემენ პასუხს ადამიანები ღვთის ამ მოწოდებას.

ღმერთმა აკურთხოს ჩვენი ძალისხმევა, რომ ვიყოთ წმინდა უფლის მოწოდებისამებრ, ვიყოთ წმინდა და ჩავწვდეთ ცხოვრების ერთადერთ უმთავრეს მიზანს - ვეძიოთ სასუფეველი ღვთისა და მოვიპოვოთ სიმდაბლე, ვიქონიოთ სიმდაბლე, რამეთუ ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს და მხოლოდ მდაბალნი გულითა აცხონეს, - როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ ღირსი ათონელი მამების ხსენებას, წმინდა იოანე წინასწარმეტყველის ხსენებას, წინამორბედის ხსენებას; დღეს ვევედროთ ამ დიდ წმინდანებს, რომ ილოცონ ჩვენთვის, რათა უფალმა მოგვცეს გამბედაობა და სიმტკიცე იმისთვის, რომ ყოველთვის გვესმოდეს ხმა ქრისტესი, რომელიც ჩვენ მოგვიწოდებს და პასუხს ვცემდეთ მას ფსალმუნების სიტყვებით: „განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი, ამინ!" (ფსალ. 107, 2).

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მრავალს დაესწარით“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

წაკითხვა 123 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.