"სულიერ ცხოვრებაში მთავარია გული, გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა" - მეუფე შიო

ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი... მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღდგომიდან მეორე, თომას კვირას, კვირაცხოვლობას ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ არსებობს შემეცნების აღმატებული გზა, ამ გზაზე ჩვენ წინაშე იხსნება სულიერი რეალობა, ადამიანს შეუძლია დაინახოს და იგრძნოს უხილავი უფალი და სულიწმინდა.

 

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მაღალ ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ კვირაცხოვლობას, თომას კვირას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღევანდელ სახარებაში მოთხრობილი იყო, რომ უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომიდან პირველივე დღეს, საღამო ჟამს, გამოეცხადა თავის მოწაფეებს, როცა ისინი იუდეველთა შიშის გამო ჩაკეტილ ოთახში იყვნენ შეკრებილი და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“ (ინ. 20, 26). მან ორჯერ უთხრა ეს სიტყვები.

როგორი მშვიდობა მიუტანა მაცხოვარმა მოწაფეებს და მთელ სამყაროს? ეს არის მშვიდობა ღმერთსა და ადამიანს შორის, როდესაც ყოველგვარი წინაღობა მოხსნილია, როდესაც ადამიანს დაუბრუნდა უკვდავება, ზნეობრივი სრულყოფილებისა და ღმერთთან სიახლოვის შესაძლებლობა. ეს, რა თქმა უნდა, არის ასევე მშვიდობა ადამიანთა შორისაც.

ამ შეკრებაზე არ იმყოფებოდა თომა მოციქული. როდესაც მას მოუთხრეს მაცხოვრის გამოცხადების შესახებ, იგი ძალიან დამწუხრდა, რომ იქ არ იყო და ასეთი სიტყვები თქვა, რომ სანამ ჩემი ხელით არ შევეხები მის ჭრილობებს, მკვდრეთით აღდგომას არ ვირწმუნებო. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ სინამდვილეში თომა იყო ძალიან მორწმუნე და ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოწაფე ქრისტესი. მაშ, რატომ უთხრა ასე მოციქულებს? - იმიტომ, რომ მათ უამბეს ისეთი გამოცდილების შესახებ, რომელიც მათთვის სრულიად უცხო და ახალი იყო. ეს არის მკვდრეთით აღდგომილ ქრისტესთან შეხვედრა და მასთან ურთიერთობა. ამიტომ თომამ ამ სიტყვებით, ბავშვური გულუბრყვილობით, გამოხატა ეს გულისტკივილი, რომ დააკლდა ასეთ ნუგეშს. მართლაც, ერთი კვირის შემდეგ, როდესაც უფალი იესო ქრისტე კვლავ გამოეცხადა მოციქულებს, უკვე პირადად თომას მიმართა და უთხრა: „მოდი, თომა და შეეხე ჩემს ჭრილობებს“ (ინ. 20, 27), მაგრამ თომას ამის გაკეთება აღარ დასჭირდა. მან მაშინვე აღიარა იგი ღმერთად და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“(ინ. 20,28).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ამბავი უფალმა მოაწყო, რა თქმა უნდა, განგებულებითად, რომ გაკვეთილი მიეცა მოციქულებისთვის, ასევე ჩვენთვისაც, რადგან, მოგეხსენებათ, მოციქულები ემზადებოდნენ საქადაგებლად მთელ იმჟამინდელ სამყაროში, უნდა მიეყვანათ ქრისტესთან ისეთი ადამიანები, რომლებსაც იგი ნანახი არ ჰყავდათ. ამიტომ უფალმა უთხრა თომას: „შენ იმიტომ მირწმუნე, რომ მიხილე და ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს“ (ინ. 20, 29). ეს უკვე ჩვენ გვეხება, იმიტომ რომ ჩვენც ჩვენი თვალით არ გვინახავს იესო ქრისტე, მაგრამ ეს სულაც არ გვიშლის ხელს, შინაგანი თვალით, რწმენით დავინახოთ უფალი. რატომ? - იმიტომ, რომ ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ; მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა.

აი, ამიტომ უფალი იესო ქრისტე სიტყვებით - „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ, მაგრამ მაინც მირწმუნეს” - გვეუბნება, რომ არსებობს შემეცნების და ცოდნის უფრო მაღალი დონე, ვიდრე ჩვენი გრძნობითი ორგანოების მეშვეობით მიღებული ცოდნა. მართლაც, მე თუ ვიცი მხოლოდ ის, რასაც თვალით ვხედავ, რასაც ხელით ვეხები, რისი გაზომვაც შემიძლია, რისი გემოს გასინჯვაც შემიძლია, თუ მარტო ამით შემოიფარგლება ჩემი ცოდნა, წარმოიდგინეთ, როგორი უბადრუკი და ღარიბია ასეთი ცოდნა. ეს ნიშნავს, რომ უარყოფილია მაშინ ადამიანის სულის მთელი სამყარო, გონითი სფერო, ის ღრმა ცოდნა, რომელიც მოდის აზროვნებიდან, შემოქმედებითი შთაგონებიდან და რაც მთავარია, მჭვრეტელობიდან, ძვირფასო ძმებო და დებო.

ამ ყველაფრის ხილვა შეუძლებელია რაღაც გაზომვით და ანალიზით, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სამყარო, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო. ეს იქნებოდა უფერული, მოსაწყენი და, შეიძლება ითქვას, უსარგებლო ცხოვრებაც. ამიტომ კიდევ ვამბობ: უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ არსებობს შემეცნების აღმატებული გზა, ამ გზაზე ჩვენ წინაშე იხსნება სულიერი რეალობა, ადამიანს შეუძლია დაინახოს და იგრძნოს უხილავი უფალი და სულიწმინდა.

ამიტომ დავფიქრდეთ დღევანდელ სახარებაზე და როგორც გვასწავლის მოციქული პავლე: ჩვენი მზერა ხილულს კი არ მივაპყროთ, არამედ - უხილავს, რადგან ხილული ხანმოკლეა და წარმავალი, უხილავი სიკეთეები კი, რომლებიც აქაც გვეძლევა და იქაც გველოდება, მარადიულია (2 კორ. 4, 18), რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით ჯილდოვდებიან შემდეგი სასულიერო პირები: მღვდელი ლევან ზაკალაშვილი ჯილდოვდება ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი ზაზა გაბედავა ჯილდოვდება ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი იაკობ მუჯირი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი დავით ბუტიკაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი გიორგი ბერაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი დავით მაისურაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი გაბრიელ ბარბაქაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი ზაქარია სინჯიაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი ალექსანდრე ბაიაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! მღვდელი გიორგი ცნობილაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს! ასევე ილოცებიან შემდეგი გვარები: კერატიშვილები და გორისელები. ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ, მრავალს დაგასწროთ. ქრისტე აღდგა!”, - განაცხადა მეუფე შიომ.

წაკითხვა 57 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.