August 29, 2025

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი, გვიცავს ყოველგვარი უბედურებისგან, შეურაცხყოფისგან, მწუხარებისგან" - მეუფე შიო

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი. გვიცავს ჩვენ ყოველგვარი უბედურებისგან, შეურაცხყოფისგან, მწუხარებისგან, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

მან მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ღვთისმშობელი მუდამ ჩვენთან არის.

„ძვირფასო მამებო, დებო და ძმებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას. იგი გადავიდა მარადიულ ცხოვრებაში. თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა, რომ მიიღოს მისი წმინდა სული და ზეცაში აიყვანოს. ანგელოზები განცვიფრებული იყვნენ და ზეიმობდნენ, ხოლო ადამიანები გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ ღვთისმშობელმა დაგვტოვა, მაგრამ დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ. ამიერიდან იგი გახდა ჩვენი მარადიული მეოხი და მთელი კაცობრიობის, ყოველი ჩვენგანის დედა. ეს აისახა დიდ ლოცვებში და საგალობლებში, რომლებიც მათ ეძღვნებათ, სადაც ნათქვამია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი, გვიცავს ჩვენ ყოველგვარი უბედურებისგან, შეურაცხყოფისგან, მწუხარებისგან“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

როგორც მეუფე შიომ ქადაგებისას აღნიშნა, ღვთისმშობელი სიკვდილისგანაც გვიხსნის.

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სიკვდილისგან გვიხსნის. როცა მივმართავთ წმინდანებს, ჩვენ ვამბობთ: „ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის“, ხოლო როდესაც მივმართავთ ღვთისმშობელს, ვამბობთ: „გვაცხონე ჩვენ, გვიხსენ ჩვენ“. რომელი სიკვდილისგან გვიხსნის ჩვენ ღვთისმშობელი? სიკვდილი სხვადასხვანაირი არსებობს - არსებობს ხორციელი სიკვდილი, რომელიც ჩვენ, ყველას მოგველის და არსებობს კიდევ სულიერი, მარადიული სიკვდილი. როცა ადამიანი კვდება და მიდის სიბნელეში, ეს არის დასასრული“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

მისი განმარტებით, წმინდა წერილში და საეკლესიო ლოცვებში უფალი იესო ქრისტე იწოდება „ცხოვრების წინამძღვრად“ და თავად „ცხოვრებადაც“. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“ -ამბობს უფალი. „თქვენ მოკალით წინამძღვარი ცხოვრებისა, რომელიც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა“ - უთხრა წმინდა პეტრე მოციქულმა იერუსალიმის ტაძართან შეკრებილ ხალხს. სწორედ ამიტომ, ღვთისმშობელიც იწოდება დედად ცხოვრებისა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

მისი განმარტებით, „სიცოცხლე მხოლოდ იესო ქრისტეშია.

„ეს სიცოცხლე ქრისტეში გრძელდება არა მხოლოდ ამ მიწიურ ცხოვრებაში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც, როცა ჩვენ ვიცავთ მის ცნებებს, როცა გვიყვარს უფალი, როცა გვინდა მასთან ყოფნა, ისიც ჩვენთან არის და ჩვენშია. ამით ჩვენ ვხდებით მისი მარადიული საღვთო დიდების თანაზიარი. სწორედ ამაზე ლოცულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთვის. სწორედ ამგვარად გვიხსნის იგი სიკვდილისგან, გვანიჭებს სიცოცხლეს და დაგვამკვიდრებს თავისი მეოხებით მარადიული საღვთო დიდების სხივებში. აი, რაზე მეტყველებს დღევანდელი დღესასწაული. აი, რას ვთხოვთ ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. აი, რას სთხოვს იგი ჩვენთვის ქრისტეს და როგორ გვაცხონებს იგი თავისი მეოხებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს-მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

წაკითხვა 73 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.