"ღვთის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე, არ უნდა შეგვეშინდეს"
სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა აღევლინა. ლოცვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, სენი, რომელსაც მსოფლიო ებრძვის, ღმერთის გარეშე არ იქნებოდა და ხალხი მას სწორედ ღვთის კურთხევით დაძლევს.
“რა რთულია და ძნელია, გამონახოს ადამიანმა გზა, რომელიც მიიყვანს მას სასუფეველში. რა ძნელია დაინახო თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, მაგრამ ეს ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, მოგვეცა ჩვენ იმისათვის რომ გამოვიყენოთ გასარკვევად, სად შავია და სად თეთრია. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი, საიდანაა- ღვთისაგანაა თუ ბოროტისაგანა? ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ღვთის ლოცვით ღვთის, ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს”,- ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა ხილვაზეც ისაუბრა, რომელიც, როგორც მან ბრძანა, არის ნიშანი, რომ ღვთის ძალით ადამიანი კორონავირუსს მოერევა.
“მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი დაძლევისათვის”,- ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, მისი აღსაყდრებიდან გასული 42 წელი უმძიმესი იყო, რასაც ხალხის სიყვარულით გაუძლო.
“დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული დღე. შენდობის დღე. ლოცვაში სწერია, არა არს კაცი რომელიც ცხონდეს და არა სცოდეს ე.ი. არ არის ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამ სოფლად და ცოდვა არ ჩაიდინოს. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიიყვანს ადამიანს ღვთის სასუფევლამდე. განსაკუთრებით მძიმეა სასულიერო პირის ჯვარი. პასუხისმგებელია ადამიანი არა მარტო თავის თავზე, არამედ მრევლზე და ეს 42 წელი, რომელიც დამაკისრა მე მამა ზეციერმა, იყო უმძიმესი წლები, მაგრამ თქვენი თანადგომა და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეს”,- ბრძანა პატრიარქმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"