ადამიანი თავისუფალია, აირჩიოს ღვთის გზა ან სატანის გზა, მესამე გზა არ არსებობს

ბერი ერმოლაოსი (ჭედია):


- თქვენ გაინტერესებთ ალბათ, თუ რა არის მონასტერი? და რას ნიშნავს მონაზვნობა? მონასტერი ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომლებმაც საკუთარი ნებით უარი თქვეს საკუთარ ნებაზე და სურვილებზე, ყველაფერ ამქვეყნიურზე: სიამოვნებაზე, კარიერაზე, გემრიელ საჭმელებზე, გართობაზე, ტელევიზორზე, კინოზე, თეატრზე, სიცილზე, ქეიფზე, განცხრომაზე და ასე შემდეგ და ერთად შეიკრიბნენ რომ დარჩენილი სიცოცხლე გაატარონ ღმერთის სამსახურში, ლოცვაში და მარხვაში. ისინი მუშაობენ ერთად, ჭამენ ერთად, ლოცულობენ ერთად. აქ არ არის ფული, არ არის ელექტროენერგია, არ არის მოასფალტებული გზები, ყველაფერი საერთოა და არავის არაფერი არ ეკუთვნის. ისინი ცხოვრობენ საკუთარი შრომის ხარჯზე: აქვთ ბოსტანი, ხეხილის და ზეთისხილის ბაღები, ვენახი და სხვა საჭირო მეურნეობები, ასევე ღებულობენ შემოწირულობებს ერიდან.

 

აი ამ ადამიანებს ჰქვიათ მონაზვნები, ბერები. მათ არ აქვთ არავითარი კონტაქტი დანარჩენ მსოფლიოსთან და ძირითადი საქმიანობა არის ლოცვა. თქვენ ალბათ მკითხავთ რა საჭიროა ყველაფერი ეს? გიპასუხებთ: ყველა ამ ღონისძიების მთავარი მიზანი ღვთიური სრულყოფილების მიღებაა ანუ ღვთის შემეცნება, ღვთის გაცნობა, დაახლოება. აი თქვენ, მაგალითად, ვიღაცის გაცნობა რომ გინდათ მიდიხართ მასთან და პირდაპირ ეუბნებით: "მე ბექა ვარ, ან მე დაჩი ვარ, შეიძლება გაგეცნოთ?" და ისიც ხელს გამოგიწვდით და გაგეცნობათ. ღმერთთან ეს გაცილებით რთულადაა, რომ გავიცნოთ უფალი საჭიროა ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, რასაც ათეულობით წელი გრძელდება და იმდენად რთული და სათუთი განსახორციელებელია, რომ ერთეულები თუ აღწევენ. და ეს შესაძლებელია მხოლოდ აქ მონასტერში და ვინც ამას მიაღწევს ის წმინდანად შეირაცხება. ასევე ისინი ვინც ვერ მიაღწევს სრულყოფილებას ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ამას შეეცადნენ.
 
 
თქვენ ალბათ მკითხავთ: თუ ეს ასეა მაშინ რატომ არ ცდილობს ყველა მონასტერში დაახლოებას ღმერთთან? გიპასუხებთ-ჯერ ერთი ღმერთთან დაახლოების სურვილი ადამიანის საკუთარი სურვილი არ არის, მხოლოდ უფალი ღმერთი წყვეტს თუ ვინ შეიძლება ამისთვის მოწვეული იქნას. მოციქული პავლე წერს: "ისინი ვინც მან (ღმერთმა) წინასწარ განსაზღვრა მათვე მოუწოდა, ისინი ვისაც მოუწოდა ისინივე გაამართლა, ისინი კი ვინც გაამართლა აღამაღლა კიდეც" (რომაელთა 8, 30.) ხედავთ ღმერთი წყვეტს იმას-გაიცნობს თუ არა მას ესა თუ ის ადამიანი და მეორეც - ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი არჩევანის უნარი: ადამიანი თავისუფალია აირჩიოს ღვთის გზა ან სატანის გზა, მესამე გზა არ არსებობს და რადგანაც ღვთის შემეცნების გზა ადამიანებს გაცილებით რთული ეჩვენებათ (რაც აბსოლუტურად მცდარია) უმრავლესობა ირჩევს სატანის გზას.
 

***

თქვენ ალბათ მკითხავთ, რატომ არის ასე რთული ღმერთთან დაახლოება? და რატომ არსებობს სატანის გზა? ღმერთმა არ ინება, რომ ადამიანი, როგორც საყვარელი და ღირსეული არსება, ძალდატანებით გაეჩერებინა თავისთან და თავიდანვე ჩადო მასში თავისუფალი არჩევანის უნარი. ადამმა, როგორც იცით, აირჩია ურჩობის გზა - დაუჯერა სატანას და შეჭამა სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ვაშლი, რისთვისაც ღმერთმა სამართლიანად დასაჯა ის და სამოთხიდან გააძევა, რამაც სატანას მისცა ნება, ებატონა ადამიანთა ქვეყანაზე. რისთვის დასჭირდა ეს? იმისათვის, რომ მიუხედავად ღალატისა, კაცთმოყვარე ღმერთს არ შეუცვლია თავისი განზრახვა ადამიანებთან თანაცხოვრების შესახებ, მაგრამ უკვე ადამიანმა გარკვეული პირობა უნდა შეასრულოს ამისათვის - უნდა გაუძლოს ამქვეყნიურ გამოცდას და ღვთის მცნებების მიხედვით და ღვთის სიყვარულით უნდა იცხოვროს.
 
 
მხოლოდ ისინი, ვინც ცოდვებს უარყოფს და სატანის ხრიკებს ღირსეულად წინ აღუდგება, გარდაცვალების მერე ისევ ბრუნდება სამოთხეში-ღმერთთან. ეს ქვეყანა ჰგავს ლითონის სადნობ ღუმელს, სადაც ყოევლგვარი ჯართი ცეცხლით იწრთობა და კეთილშობილ ლითონად ჩამოისხმება. აი მაგალითად, თქვენ რომ გიღალატოთ ყველაზე საყვარელმა მეგობარმა, მას მერე რაც ბოდიშს მოგიხდით, თქვენ მას მაინც ისე აღარ ენდობით, როგორც ძველად, არამედ გარკვეული ხნით გამოცდით მას, არის თუ არა გულღია და პატიოსანი, ასევეა ღმერთი, ის უშვებს ათასგვარ სიძნელეებს და დაბრკოლებებს ცხოვრებაში, მაგრამ მერწმუნეთ, ამას მხოლოდ ჩვენდამი უდიდესი სიყვარულის გამო აკეთებს, რადგან უნდა გაჭირვების (დროებითი) ღუმელში გამოიწრთოს ისეთი ადამიანი, რომელიც ღირსი იქნება მასთან ერთად მარადიულად სამოთხეში იცხოვროს.
 

ყველაფერ ამის შემდეგ ალბათ დამისვამდით ერთ სერიოზულ კითხვას: ვინ არის ღმერთი? Aამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გამცემი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა და არც დაიბადება თუ რა თქმა უნდა, ღმერთი ამას თავად არ მოისურვებს, მაგრამ მიუხედავად ჩემი სულიერი უმწეობისა, მაინც შევეცდები აგიხსნათ მისი არსი.

 

http://karibche.ambebi.ge/

წაკითხვა 617 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 04 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.