November 27, 2024

ზეთის გაძვირება შემოდგომამდე გაგრძელდება - ადგილობრივი პროდუქტი კახეთშიც კი აღარ აქვთ

“საჭმელი ზეთი, განსაკუთრებით ქართული ბრენდით წარმოებული პროდუქცია, ბოლო პერიოდში არნახულად ძვირდება და ეს ტენდენცია არც მომავალი თვეებში შეიცვლება.

შინ თუ გარეთ, ზეთის გაძვირებას ყველა ნედლეულის დეფიციტს უკავშირებს. ეს მთავარი მიზეზია, თუმცა საქართველოს შემთხვევაში მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩვენ ადგილობრივი წარმოება პირდაპირი გაგებით, არ გაგვაჩნია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატაიაში, სათაურით ზეთის გაძვირება შემოდგომამდე გაგრძელდება - ადგილობრივი პროდუქტი კახეთშიც კი აღარ აქვთ / “2-3 წლის წინ 1 კგ მზესუმზირის ყიდვა 70-80 თეთრად შეგვეძლო, ახლა 3 ლარამდეა გაძვირებული”.

 

“მეწარმეების ინფორმაციით, პანდემიას დაემატა მზესუმზირის მოსავლის სიმცირე საქართველოში თუ უცხოურ ბაზრებზე, რამაც საბოლოოდ ზეთის მაღალი ფასი განსაზღვრა. ამ ეტაპზე 1 კგ მზესუმზირის ღირებულება 2,5-3 ლარია, ხოლო 1 ლ კახური ზეთი 10 ლარი ღირს. ამდენივეა ქარხნული ტექნოლოგიით დამზადებული “ბარაქას” ფასიც. იმპორტიორი კომპანია “ალფას” დამფუძნებელი და ზეთის კომპანია “ბარაქას” დირექტორი გურამ ბროძელი პროდუქტის გაძვირებას ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ხსნის. თუმცა, იმპორტირებულზე მეტად საქართველოში წარმოებულმა ზეთმა მოიმატა. ფასი კიდევ გაიზრდება და ტენდენცია ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება, სანამ ბაზრებზე ახალი მოსავალი გამოჩნდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ზეთის დეფიციტი არ არის, მაგრამ წარმოების შემცირებას ნამდვილად აქვს ადგილი. ამიტომ ყველაზე მეტად ფასმა ცხიმებსა და მარცვლეულზე მოიმატა. შესაბამისად, ყველა დასახელება გაძვირდა. ჩვენს შემთხვევაში, ლარის დიდი გაუფასურებაა, რამაც გააძვირა ლოგისტიკა, საწვავის ფასიც უკვე უმაღლეს ნიშნულზეა, რაც იმპორტს აძვირებს. სამწუხაროდ, დადებითი მოლოდინი ფასთან დაკავშირებით არ გვაქვს. სამომავლოდ კიდევ მოიმატებს ფასი. მაღაზიებს ვერაფერს დავაბრალებ. მეტიც, ისინი 1 თვით აგვიანებენ ხოლმე გაძვირებას. არასასურველი ტენდენცია როდის შეიცვლება არავინ იცის. სექტემბერში ახალ მოსავალს მივიღებთ და ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეიცვლება ბაზრებზე მზესუმზირის ღირებულება. ცხადია, გაძვირება ძალიან მტკივნეულია, რადგან ხალხს შემოსავალი არ აქვს და იძულებულია მოხმარებაც შეამციროს. ეს დასტურდება კიდეც რეალიზაციიდან გამომდინარე, ზეთისა და მარცვლეულის გაყიდვა თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად არის დაკლებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გურამ ბროძელი.

 

“ნატურალური კახური ზეთი სახელწოდებით - “თი ემ თი” წინა წლებში ექსპორტისთვის იწარმოებოდა, მაგრამ მისი წარმოებაც შეჩერდა. მიზეზად საწარმოს ყოფილი მფლობელი, ბიზნესმენი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ნედლეულის დეფიციტს მიიჩნევს. ქართულ მოსავალზე დამზადებული ზეთი, საოჯახო მეურნეობებს თუ არ ჩავთვლით, ბაზარზე თითქმის აღარ არის. ბიზნესმენის განცხადებით, უმეტესად ნედლეული შემოაქვთ და აფასოებენ ადგილზე ან ყველაფერი მზადდება უცხოური ნედლეულისგან. ამიტომ ხშირადაა, როცა ჰგონიათ, რომ ქართული პროდუქციაა და სინამრდვილეში წარწერის გარდა, არაფერია ქართული”, - დასძენს გამოცემა.

 

“2020 წელს დაახლოებით 7-8 ტონა ზეთი ბრენდით “მიხო პაპა” აშშ-ში გავაგზავნეთ, ხოლო “კახური ზეთი” ავსტრიაში გავიტანეთ. სამწუხაროდ, საწარმოო ციკლი ვერ განვაახლეთ, რადგან ჩვენი პროდუქტი წმინდა ქართული იყო, ხოლო ნედლეულის დეფიციტმა წარმოების შესაძლებლობა ვერ მოგვცა, ამიტომ გავჩერდით. ახლა ფასი მაღალია, მოთხოვნა კი შემცირდა როგორც გლობალურ ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც. რაც შეეხება ნედლეულს, 2-3 წლის წინ 1 კგ მზესუმზირის ყიდვა 70-80 თეთრად შეგვეძლო, ახლა 3 ლარამდეა გაძვირებული და ისიც აღარ არის. ისეთი სიტუაციაა, როცა ყველამ რაღაცნაირად თავის გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ. თუმცა, წარმოების დიდი პოტენციალია, როგორც ხორბლის შემთხვევაშია და უნდა ავითვისოთ. არ მგონია, რამეს გაუჭირდეს საქართველოში, ისეთი ჰავა და კლიმატია, თუმცა განვითარების დონით ჩამორჩნენ ფერმერებიც, ტექნიკის სიმცირესაც განიცდიან. ეს პრობლემა თუ მოგვარდება, წარმოებას განვავითარებთ ისე, რომ იმპორტზე არ ვიყოთ დამოკიდებული”, - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

 

“ნედლეულის დეფიციტი და ტექნიკის გაუმართაობა - ძირითადი მიზეზებია, რის გამოც საქართველოში ზეთის წარმოება ვერ ვითარდება. დარგი, ფაქტობრივად, იმპორტის იმედადაა. კახელი მეწარმეების განცხადებით, მოსავლის სიმცირის გამო, შარშან ნაკლები ზეთი აწარმოეს, რაც ფასზეც აისახა. სიღნაღელმა მეწარმე გივი შაქარაშვილი პრობლემებს ადასტურებს. “მარაგი თითქმის აღარ არის. ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მცირე მოსავალი 2020 წელს მოვიწიეთ, ფასიც მეტი იყო, 1 კგ მზესუმზირა 2,5 ლარზე ნაკლებად არ გაყიდულა, რამაც ზეთის ფასზეც იმოქმედა. სეზონის დასაწყისში 1 ლ პროდუქტი 7-7,50 ლარად გავყიდეთ, მოთხოვნა მაინც და მაინც მაღალი არ ყოფილა, ახლა ქართულ პროდუქტს მეტი ადამიანი ითხოვს, მაგრამ მარაგი უკვე გვეწურება. წლევანდელი მოსავალი თუ გაამართლებს, ფასიც თანდათან დაიკლებს, ჯერჯერობით კი დეფიციტის მომენტი მუშაობს, რაც ზეთის გაძვირებას იწვევს და ეს ყველა დასახელების პროდუქტს ეხება”, - აღნიშნა მეწარმემ “რეზონანსთან” საუბრისას", - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 749 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.