“სერიოზული ლოქდაუნის” ზღვარზე - გახდება თუ არა არსებული ეპიდსიტუაცია შეზღუდვების დაბრუნების საფუძველი
“ოთხშაბათს საქართველოში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების მკვეთრი ნახტომი დაფიქსირდა - დადებითობის მაჩვენებელი კი ბოლო ერთი კვირაა, რაც 6%-ს გადასცდა, სპეციალისტების აზრით, თუ შემთხვევათა რაოდენობა რამდენიმე დღის განმავლობაში ორიათასის ფარგლებში იმერყევებს, ან დინამიკაში ზრდა დაფიქსირდება, ამას შესაძლოა სერიოზული ლოქდაუნი მოჰყვეს.
შედარებისთვის: 4 მაისს ინფიცირების 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ხუთ მაისს 2 171, ამავე დღის მონაცემებით, გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ახალი შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 135, იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 82, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 70, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სერიოზული ლოქდაუნის” ზღვარზე - გახდება თუ არა არსებული ეპიდსიტუაცია შეზღუდვების დაბრუნების საფუძველი.
“წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა, ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი”, - განაცხადა გაბუნიამ. მისივე განცხადებით, ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, ქვეყანაში დამატებითი ღონისძიებები გატარდეს. “მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმი, რომელიც ახლა მოქმედებს, ეს არის უქმე დღეები 12 მაისამდე, რა თქმა უნდა, ამას ექნება გარკვეული ეფექტი და ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით, შესაძლოა, დადგეს საკითხი დამატებითი ღონისძიებების შესახებ. კონკრეტულად, რა დამატებითი ღონისძიება დაგვჭირდება, ამასთან დაკავშირებით, დღეს საუბარი მიჭირს, მაგრამ ჯანდაცვის სექტორის მხრიდან მობილიზაციის ხარისხი გაიზრდება”, - თქვა მან. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ დღეს არსებული ეპიდვითარება იმის გამოვლინებაა, რომ ხალხი პირბადეებს არ იკეთებს და სოციალურ დისტანციას აღარ იცავს, გრძელდება შეკრებები, რაც ინფექციის გავრცელების წყაროა”, - აღნიშნავს გამოცემა.
„ძალიან ბევრი პირბადეებს აღარ იკეთებს, მაინც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში ასეთი შეკრებები ძალიან ხშირი იყო, მე თვითონ ვუყურებდი სამეზობლოში რა ხდებოდა. სადაც ადამიანთა შეკრებაა, იქ ინფექციის გავრცელება ყოველთვის იქნება. ვერაფრით ვერ შევაგნებინეთ ამ ხალხს, რომ არ არის ჯერ აქციების და ამისთანა რაღაცეების დრო, იმიტომ, რომ თუ ადამიანები ერთმანეთზე ძალიან მჭიდროდ არიან მიკრულები, პირბადეც აღარ შველით ხოლმე. შემთხვევების ეს რაოდენობა, ან დინამიკაში მატება რამდენიმე დღე თუ გაგრძელდა, შესაძლოა ამას ძალიან სერიოზული ლოქდაუნი მოჰყვეს. ინდური შტამი საქართველოში ჯერჯერობით არაა. ეს ასე არ ხდება, რანაირად შემოიპარებოდა - ვიცით როგორ კონტროლდება აეროპორტებიდან. მეორე - ეს ისეთი ინფორმაციაა, რომლის დამალვაც არ შეიძლება, ამას აკონტროლებს ლუგარის ლაბორატორიიდან დაწყებული, ნებისმიერი ორგანიზაციით დამთავრებული, რომელიც ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობს” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.
“ჩემი აზრით, უნდა მოხდეს აღრიცხვიანობა და უბნების მიხედვით მოაწერინონ ხელი იმაზე, უნდათ თუ არა აცრა, რათა ის ვაქცინა, რომელიც ასაკობრივი ცენზის მიხედვით ადამიანებზე იყო გათვლილი, იმათგან ვინც აცრას არ აპირებს, მათი წილი გადამისამართდეს იმ ხალხზე, ვისაც აცრა უნდა, მაგრამ ვერ იცრის - ამის გაკეთება ძალიან მარტივია... არსებობდა ასეთი უმძიმესი დაავადება - ყვავილი, რომელიც სრულიად მთელს მსოფლიოში განადგურდა არა მკურნალობით და წამლებით, ამის სამკურნალო პრაქტიკულად არ არსებობდა, ადამიანი არ გადარჩებოდა, არამედ მსოფლიო მხოლოდ ჯენერის მიერ მოგონებულმა ვაქცინამ გადაარჩინა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეპიდემიოლოგიურმა ღონისძიებებმა, მაგრამ პირველ რიგში ესაა ვაქცინირება და იმუნიტეტის გამომუშავება, იმისათვის, რომ მტერმა არ დაგარტყას, ძლიერი უნდა იყო, იგივეს აკეთებს ვაქცინა, მაგრამ ზოგიერთის თავში არ შედის”, - განმარტავს ხმალაძე.
“რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 5 მაისის მონაცემებით, ჯამურად 47 949 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებული კი 7 009 ადამიანია. კაცობრიობა არის ომში, ეს არის მესამე მსოფლიო ომი და ამ ომმა უკვე შეიწირა 3 მილიონზე მეტი ადამიანი და დააინფიცირა - 150 მილიონზე მეტი, ოფიციალურად,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. „ყველა ამ 8 ვაქცინას სხვადასხვა მარეგულირებლების მიერ მიცემული აქვს გადაუდებელ მდგომარეობებში გამოყენების უფლება. არც ერთი არ არის პრეკვალიფიცირებული ვაქცინა, რადგან პრეკვალიფიკაცია არის ძალიან მაღალი თამასა ვაქცინის შეფასების, რომელიც, როგორც წესი, დგება ვაქცინის გამოყენების რამდენიმეწლიანი პრაქტიკის შემდეგ”, - ამბობს გამყრელიძე, რომლის თქმით, “დღეს პანდემიაა მსოფლიოში, ანუ კაცობრიობა არის ომში, ეს არის მესამე მსოფლიო ომი და ამ პანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის სწორედ ვაქცინაციაზე”, - განაგრძობს გამოცემა.
“რაც შეეხება ეფექტურობას, ამ ვაქცინებს აქვს, დაახლოებით, 60-დან 94%-მდე დაცვა ანუ თუ შეგხვდათ ვირუსი, ეს იქნება ძალიან მსუბუქ ფორმებში, ისე რომ არ მოგიწევთ საავადმყოფოში დაწოლა და არ დამძიმდება მდგომარეობა. ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომლის ხელმისაწვდომობაც ამ ეტაპზე არის. ჯერჯერობით არასაკმარისად, დუნედ მიდის ვაქცინაცია. მივაღწევთ თუ არა 60%-ს? - უნდა მივაღწიოთ! დღევანდელი ტემპით, როცა 1500-1700 ადამიანს დღეში ვცრით, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა. ჩვენ ახლა მაისში უნდა ავცრათ 3000-4000, ივნისში ეს უნდა ავწიოთ 5000-6000-მდე და შემდეგ, ივლისიდან 10000-12000-მდე დღეში, მაშინ გავალთ დეკემბრის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელზე. ამავე დროს, რა თქმა უნდა, იცით, როგორი დეფიციტია მსოფლიოში ვაქცინების. წარმოებები სულ უფრო “იქოქება”, სულ უფრო მეტი ვაქცინის წარმოება ხდება და დარწმუნებული ვარ, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა სულ უფრო გაიზრდება”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის მოსაზრებას, იგი გადაცემა აცხადებს, რომ დღეს უკვე ვაქცინაცია საყოველთაოა, თუმცა თუ მოსახლეობის 60% წლის ბოლომდე აიცრება, კორონავირუსი ჩარჩოებში მეტ-ნაკლებად მოექცევა”, - დასძენს გამოცემა.
“ფიჩხი, რომელსაც შეიძლება ცეცხლი მოედოს და ინფექცია, სამწუხაროდ, ბევრია. ამას თუ დავამატებთ, რომ მოსახლეობის 60%-ს წლის ბოლომდე ავცრით, აი, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კოვიდს ჩარჩოებში მეტ-ნაკლებად მოვაქცევთ. დღეს, კი, შეიძლება ითქვას, რომ არ დავუბრუნდებით იმ ციფრებს, რომელიც გვქონდა ნოემბერ-დემეკებერში, მაგრამ ამას სჭირდება ერთი რამ, დაწესებული წესების მაქსიმალურად დაცვა. მოქალაქეებს, თუ სურვილი ექნებათ 18 წლიდან შეუძლიათ აიცრან “სინოფარმით”. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს და აიცრას. ასევე, საქართველოს ყველა მოქალაქეს 55 წლიდან შეუძლია დარეგისტრირდეს და აიცრას “ასტრაზენეკათი”. დღეს ვაქცინაცია ქვეყანაში უკვე არის საყოველთაო. ხელმძღვანელები და ლიდერები, როდესაც აიცრებიან, უფრო მეტ მაგალითს აძლევენ, მოსახლეობის აცრის საკომუნიკაციო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. ყველას შეუძლია აცრა, ჟურნალისტები არავის გამორჩენია”, - აცხადებს პაატა იმნაძე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით კი შესაძლოა, გადაწყვეტილება გადაიხედოს და “სინოვაკით” ვაქცინაცია დაიწყოს იქამდე, ვიდრე ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული”, - წერს სტატიის ავტორი.
“როგორც გაბუნია აცხადებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ “სინოვაკის” შესახებ უკვე გამოაქვეყნა საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა და მონაცემები მის სარგებელზე მიუთითებს. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ “სინოვაკის” საკითხთან დაკავშირებით ვაქცინაციის საბჭო მომდევნო დღეებში იმსჯელებს. “ვინაიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა. მონაცემები ცალსახად მიუთითებს მის სარგებელზე. ამდენად, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. შესაძლოა, დადგეს “სინოვაკით” ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიმდინარე პერიოდში აქტიურად განიხილავს ორივე ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს და შესაძლოა, დასკვნამ მოუსწროს “სინოვაკს”, ვიდრე მას გამოვიყენებთ”, - ამბობს გაბუნია”, - დასძენს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ღორის ხორცის წვნიანი
- ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
- "ხოშტარია რომ გყავს ლიდერი და ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო, რომ იძახი, რაღაც წარმოუდგენელი უბედურება გჭირს"- მამუკა მდინარაძე
- " ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს, არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი - მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა"- ნათია მეზვრიშვილი
- “ზოგს იმედი აქვს, რომ საპარლამენტო მანდატს არ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს განცხადება, არცერთს თავმოყვარეობა არ აქვს” – მამუკა მდინარაძე