მედიის სისტემურმა შევიწროებამ ბოლო პერიოდში საგანგაშო ფორმები მიიღო - მარიამ გერსამია

ბოლო პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან, 50-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენლის ცემასა და შეურაცხყოფას სხვადასხვა ორგანიზაციებიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

მედიის აქტიური საპროტესტო აქციები კი, "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სცემეს.  ამ ფაქტის შემდეგ, მედია მხარედ იქცა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და  და შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით გამოსვლები დაიწყო.

 

70-მდე მედიასაშუალებამ,  დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ერთობლივი განცხადებითაც მიმართა. მედია მათგან 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობაზე მყისიერ რეაგირებას ითხოვდა.

 

მედიის წარმომადგენლების აქციას პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციური ტელევიზიები პირდაპირ სააკაშვილის მხრიდან იმართებიან. მისი თქმით, ოპოზიციური მედიისა და რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური. მოგვიანებით, მედიასაშუალების წარმომადგენლებმა, ოპოზიციის ნაწილმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტში, სხდომათა დარბაზში ტრიბუნა დაიკავა და პრემიერის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა. "ტვ პირველის " ოპერატორის დაკრძალვის შემდეგ ოთხმა ტელეკომპანიამ პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა. ხვალ (შაბათს) 18:00 საათზე მასშტაბური აქცია ჩაინიშნა.

 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები FirstNews.ge-თან საუბარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორმა, მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის თავმჯდომარემ, - მარიამ გერსამიამ შეაფასა.

 

- დღეს კრიტიკული მედია დემოკრატიის მთავარი არტერიაა და ხელისუფლება მასზე შეტევით პირდაპირ ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. არაჯანსაღი მედიაგარემო და კრიტიკული მედიაზე ზეწოლა არახალია, თუმცა მედიის სისტემურმა (რუსული სტანდარტებით) შევიწროებამ ბოლო პერიოდში საგანგაშო ფორმები მიიღო. შედეგად მოხდა უდიდესი ტრაგედია, 5 ივლისს სასტიკად გაუსწორდნენ მედიაში დასაქმებულ 50-ზე მეტ ადამიანს და ამის შედეგად ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ეს უკვალოდ ვერ და არ ჩაივლის.

 

ზოგადად, იქ, სადაც სახელმწიფოდ არსებობის გამოცდილება ფრაგმენტულია, ადამიანები არ და ვერ რეაგირებენ დროულად იმ ერთი შეხედვით „პატარა“ გადაცდომებზე, რომლებზეც განვითარებულ ქვეყნებში ხელისუფლება გადადგებოდა. ჩვენს ყოველდღიურობად იქცა კორუფციაში მხილება, ადამიანის უფლებების დარღვევა, ეკონომიკის კოლაფსი, მედიაზე შეტევა. საქართველოში ეს არ უნდა იქცეს ქვეყნის „სამარკო ნიშნად“. სწორედ ამის მცდელობაა რუსეთის მხრიდან, აჩვენოს მთელს მსოფლიოს როგორი არადემოკრატიული, არაცივილიზებული ქვეყანა ვართ (სადაც ცემენ და კლავენ ჟურნალისტებს, ჩაგრავენ უმცირესობებს, წვავენ ევროკავშირის დროშას).  ქვეყანაში დიდი ხანია წვეთ-წვეთობით გვაგუებენ ამ ტიპის დარღვევებს. მედიის პროტესტმა ნამდვილად გამოაღვიძა საზოგადოება და ახლა საჭიროა, სამოქალაქო საზოგადოების უწყვეტი, თანმიმდევრული რეაგირება ყველა გადაცდომაზე და რაც მთავარია, მეტი სიფხიზლე.  

 

- რამდენად სწორია როცა მედია მხარე ხდება და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს?

 

ჟურნალისტების მიერ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნას ამუნათებენ ისინი, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ამართლებს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. ისმის კითხვა: რას იზამდნენ ექიმები, თუ პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, აქციაზე მოკლავდნენ ექიმს, სასტიკად სცემდნენ სასწრაფო დახმარების 50-ზე მეტ თანამშრომელს? იქნებოდა თუ არა მათი პროტესტისა და მოთხოვნების მიმართ იგივე კითხვები? აქ პროფესიულ სტანდარტებს არ განვიხილავთ. აქ ჩვენი სიცოცხლის უფლებებს განვიხილავთ და ვიცავთ! ამიტომ მათი პროტესტი და მოთხოვნები ლეგიტიმურია.

 

მედია მეოთხე ხელისუფლებაა და მისი მოვალეობაა თქვას და აჩვენოს სიმართლე. დღეს მედია თუ გაჩუმდება, ხვალ ხმის ამომღებიც არავინ დარჩება. პროფესიულ სტანდარტს რაც შეეხება, მავანს არ მოსწონს არც ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა და საგამოძიებო ჟურნალისტიკა, სადაც ჟურნალისტები ამხელენ კორუფციას. არ მოსწონთ არც კრიტიკული ედიტორიალები, რესპონდენტები და მოსაზრებები. შემაშფოთებელია, რომ ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსები და მღვდლები დღეს აგრესიულად ცდილობენ ჟურნალისტები აიძულონ მათი დაკვეთით შეარჩიონ ფაქტები, რომლებსაც გააშუქებენ და მათი დღის წესრიგი დააკოპირონ. ასე მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმებში ხდება, ესაა დიქტატურა და კარგია, რომ მედია სწორედ ამას აპროტესტებს და მოითხოვს დამნაშავეების დასჯას. მედია ახლა თავის თავსაც იცავს  და დემოკრატიასაც. მედია ამბობს ჩვენს სათქმელს.

 

სამწუხარო ისაა, რომ ჩვენთან ოპოზიცია ძალიან სუსტია და მედია იძულებულია თავად გაზარდოს პოლიტიკური წნეხი.

 

- ყოფილა თუ არა მსოფლიოში მსგავსი მაგალითები და როგორ დასრულებულა მოვლენები?

 

- ასეთი მაგალითები უხვადაა იმ ქვეყნებში, სადაც დიქტატურაა. ყველა შემთხვევაში ზიანდება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, რადგან მედია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც დემოკრატიას ზომავს. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია და შანსი, რომ იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მედიაზე ასეთ სისტემურ შეტევას მოჰყვება ხელისუფლების დამარცხება.

 

- როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება ჩვენს ქვეყანაში მოვლენები? მიაღწევს თუ არა მედია საკუთარ მიზანს?

 

- ჩემი ვარაუდით, ხელისუფლების წნეხი და შეტევა მედიაზე (იქნება ეს პოლიტიკოსების რიტორიკა თუ დანაშაულებრივი ჯგუფების წახალისება) გაგრძელდება. ამიტომ, ყველა უნდა ვიყოთ ფხიზლად. აქ არ არის საუბარი მედიის მიზნებზე, აქ ქვეყნის ინტერესებია რისკის ქვეშ. ამიტომ, კრიტიკული მედიის დაცვა - დემოკრატიის და ჩვენი მომავლის გადარჩენაა.

 

- რამდენად თავისუფალია დღესდღეობით მედია საქართველოში?

 

- საერთაშორისო რეიტინგებით, მედიის მდგრადობის ინდექსი 2014 წლიდან საგანგაშოდ კლებულობს. ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობისას დარბევის გამო, ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებში 2021 წელი იქნება უმძიმესი შეფასებების წელი. პოლარიზებული პოლიტიკური გარემო მედიაზეც ახდენს ზეგავლენას და  მე ვისურვებდი, რომ მედიამ, როგორც მეოთხე ხელისუფლებამ, უფრო მეტად ირწმუნოს საკუთარი ძალების, შექმნას თავისი დღის წესრიგი, კიდევ უფრო დისტანცირდეს პარტიებისგან. ამით ის უფრო მეტად გააძლიერებს საკუთარ რესურსებსაც და დემოკრატიასაც.

წაკითხვა 679 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 16 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.